სერგო გათიკაევი: ქართველმა მშვილდოსნებმა ამ პირობებში მაქსიმუმი გააკეთეს

AutoSharing Option
წინა კვირას ლიუბლიანაში გამართული ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა ევროპის თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრება გამოდგა.

ჯერ თუნდაც იმით, რომ იქ ორივე ასაკში გოგოებისა და ბიჭების სრულად დაკომპლექტებული გუნდებით წავედით, ამხელა წარმომადგენლობა კი ასაკობრივ ტურნირებში თვით კომუნისტურ ეპოქაშიც არ გვყოლია.

მეორე და უმთავრესი ჩვენებურთა შედეგები, მათი გამოსვლაა. მართალია, მედალი ვერ მოვიპოვეთ, თუმცა რამდენიმემ იმდენად კარგად იასპარეზა, რომ ყველას დაუმტკიცა, ახალ თაობაში ღირს ფულის დაბანდება - ზოგმა საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა; ზოგმა 1300-იან მიჯნას გადააბიჯა თუ უწია; ვინ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, ვინ - გუნდურში
იბრძოლა კარგად. ბუნებრივია, არ ვამტკიცებთ, რომ ყველა მათგანი მომავალში მსოფლიოს ან ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, მაგრამ რაც დღეს შეძლეს, ამასაც ნუ დავუკარგავთ.

მით უფრო, რომ ამ მოზარდების უმეტესობა საერთოდ პირველად იმყოფებოდა უცხოეთში, ბევრს კი აქაც აკლია სატურნირო გამოცდილება, არათუ - საზღვარგარეთ. არაფერს ვამბობთ ინვენტარზე თუ სხვა აუცილებელ ტექნიკურ სიახლეებზე. პირველი ნაბიჯის გარეშე ხომ დიდი წარმატება არ იქნება, პირველი მცდელობა კი არაა ცუდი.

ჩატარებულ ტურნირზე ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი სერგო გათიკაევი გვესაუბრება, რომელმაც ალალად აღიარა, რომ შეჯიბრება მწვრთნელებისთვისაც დიდი სკოლა იყო, რადგან საერთაშორისო გამოცდილება მათაც აკლიათ.

ზოგადად, ამ მხრივაც ბევრი რამეა შესაცვლელი ქართულ მშვილდოსნობაში, თუმცა ეს ცალკე წერილის თემაა, ამჯერად კი ამ კონკრეტული შეჯიბრებით შემოვიფარგლოთ.

- მთლიანობაში, ალბათ, მაინც კმაყოფილი იქნებით გუნდების გამოსვლით, რადგან დებიუტანტობის კვალობაზე, მთლად ურიგოდ არ გამოსულან.
- მოგეხსენებათ, ასე მრავალრიცხოვანი გუნდით, ამდენი სპორტსმენით არასოდეს გამოვსულვართ შეჯიბრებებზე.

სლოვენიაშიც ყველას გაუკვირდა, საიდან ეს ხალხიო. არც ეგონათ, ამდენი სპორტსმენი თუ გვყავდა. სიამოვნებით უნდა აღვნიშნო გუნდის დისციპლინა, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო.

ბავშვები მოწყურებულნი არიან შეჯიბრებებს, დიდი ბრძოლისუნარიანობაც გამოავლინეს და სათითაოდ ყველამ არათუ მაქსიმუმი, არამედ შესაძლებლობებზე მეტიც კი გამოავლინა და საკუთარ შედეგს გადააჭარბა.

თავიდან თბილისშიც არ სჯეროდათ ჩვენი, როცა ამდენი სპორტსმენის წაყვანას ვგეგმავდით, მაგრამ ახალგაზრდებმა სერიოზული განაცხადი გააკეთეს. უცხოეთში ყველამ დაინახა, რომ მოდის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც აქტიურად იბრძოლებს მედლებისთვის.

სრული გუნდების დასაკომპლექტებლად დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ძალიანაც გაგვიჭირდა, მაგრამ გაკეთებული დიდი საწყისია მომავლისთვის - ოდესღაც ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო და ახალგაზრდებზე სათანადოდ გვეზრუნა.

ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად ბავშვებს წყნეთში შეკრება მოვუწყვეთ, რაშიც ძალიან დაგვეხმარა სამინისტრო - ის გვერდში დაგვიდგა გეგმების ასრულებაში.

იარაღი მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ, ძველ მსროლელებსაც გამოვართვით და შეძლებისდაგვარად დავაკომპლექტეთ, რადგან ნათხოვარი ინვენტარით სრულყოფილად ეს შეუძლებელია.

ერთი სიტყვით, ხელთ რაც მოგვხვდა, იმით წავედით საბრძოლველად, მაგრამ შემართება იყო დიდი. ამაში ლომის წილი მწვრთნელებს - გია მაკიევს, დავით ლეკვეიშვილს და გურამ ბასილაძეს მიუძღვით, რომელიც, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო სლოვენიაში ვერ წავიყვანეთ.

- გუნდში უმეტესობა დებიუტანტი იყო, რაც, ალბათ, თავის კვალს დაატყობდა მათ გამოსვლას.
- რა თქმა უნდა. ამიტომაც გავაკეთეთ აქცენტი ახალგაზრდებზე, რომ გამოცდილება მიიღონ. მათი უმეტესობა თვითმფრინავშიც კი პირველად იყო, ხოლო საშეჯიბრო ატმოსფერო, თუნდაც ის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო თუ სხვა სრულიად უცხო გახლდათ მათთვის, თავი ზღაპარში ეგონათ.

კონკიას როლში ყოფნის მიუხედავად, მობილიზაცია მოახდინეს და კარგად გადაერთნენ საშეჯიბრო ატმოსფეროზე. გუნდის კაპიტნად ლაშა ფხაკაძე ავირჩიეთ, როგორც გამოცდილი და ბევრ ტურნირზე ნამყოფი. ჯერჯერობით ისიც ამართლებს ლიდერობას, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მისგან მეტი გვინდა - მედალი.

დებიუტანტებისთვისაც და ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც პრობლემა გამოდგა ახალი წესები, რომელსაც არ ვიყავით მიჩვეულები. ამის გამო ჭაბუკებში შერეულ წყვილებში სლოვენიელებთან ერთი ისარი საერთოდ გაგვიუქმეს, რაშიც ჩვენს ბრალეულობას მწვრთნელებიც ვაღიარებთ - შეჯიბრებისას ხაზზე ერთი შედის, მეორე - გამოდის.

შესვლისას ერთს ფეხი გადაუცდა ხაზზე, რისთვისაც ყვითელი ბარათი ამოგვიღეს და ერთი ისარი გაგვინულეს. მასპინძლებთან რომ არ ყოფილიყო პაექრობა, იქნებ არც დავესაჯეთ, მაგრამ ახლა ელოდნენ მიზეზს... ამის მიუხედავად, ბავშვებმა ის 10-ქულიანი სხვაობა გაქვითეს, ანგარიში გაუთანაბრეს და გადასროლაში მხოლოდ ერთი ქულით წააგეს.

- ბრძანეთ, რომ ყველამ შესაძლებლობებზე მეტი გააკეთა, მაგრამ მაინც ვის გამოარჩევთ განსაკუთრებული გარჯისთვის?
- ვინმეს გამორჩევა მართლა ძნელია, მაგრამ მეტ-ნაკლებობა ყველგანაა და ამ კუთხით, უპირველესად, ლაშა ფხაკაძეს გამოვყოფ.

მან 50 მეტრზე საქართველოს რეკორდი დაამყარა - 332 ქულა. რაც მთავარია, კაცებში პირველად გადავაბიჯეთ 1300-იან მიჯნას - 1301 ქულა დააგროვა. უნდა შევაქო ქუთაისელი ჯაბა მოსეშვილიც, რომელიც ყოველ შეჯიბრებაზე აუმჯობესებს საკუთარ შედეგს. გვინდა, მან ქუთაისშიც ავარჯიშოს ბავშვები და განავითაროს სპორტის ეს სახეობა.

გოგონებიდან თეონა კუტალაძეს გამოვარჩევ, რომელმაც 1261 ქულა დააგროვა. ძალიან კარგი, პერსპექტიული გოგოა, თუმცა იარაღი არ ჰქონდა სათანადო. ის სერიოზულად ამოუდგა გვერდში ეროვნული ნაკრების წევრებს. ჩვენი დაკვირვებით, მან ბევრი ქულა დაკარგა, რაც გამოსწორდება, და შეიძლება, 1300-იანთა შორისაც შევიდეს.

თეონა არჯევანიძე თბილისური ტურნირის შემდეგ საერთოდ პირველად იყო შეჯიბრებაზე, მაგრამ კარგად გამოვიდა - პირადშიც და გუნდურშიც. ჭაბუკებმა თავისი ბრძოლისუნარიანობით გამაოცეს.

კარგად ისროლეს მედეა აბულაძემ, ანა დუმბაძემ. ზოგადად, ჩვენების კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ მათ, აქაური პირობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმი გააკეთეს.

სხვათა შორის, დუმბაძე და ვლადიმერ დოლიძე 2014 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადის ასაკისანი არიან, რომელიც გაისად ჩინურ ნანჯინგში გაიმართება. საგზურების მოპოვება კი მათ წლეულსვე შეუძლიათ ისევ ჩინეთში, ქალაქ ვუქსში 13-20 ოქტომბერს, მსოფლიოს პირველობაზე.

საამისოდ 17 ქვეყანას შორის მოხვედრაა საჭირო, თითო გუნდზე კი თითო საგზური გაიცემა. მათ მოსაპოვებლად სერიოზულად ვემზადებით, ხოლო ამ ტურნირზე გამოსასვლელად ოლიმპიური კომიტეტი გვაფინანსებს.

- თქვენი აზრით, ლიუბლიანაში უმედლოდ რატომ დავრჩით, რა დააკლდათ სპორტსმენებს მედლამდე?
- უმთავრესი მიზეზი გამოუცდელობაა, რასაც ინვენტარი ანუ ტექნიკური პრობლემაც ემატება. ამის მიუხედავად, მედლისთვის ბრძოლა ახლაც შეგვეძლო, მაგრამ ამ პირობებში, როცა ხეირიანი ინვენტარიც არაა, ეს ლამის შეუძლებელი იყო.

- ჭაბუკებმა გუნდურში განსაკუთრებით იყოჩაღეს, თითო შეხვედრა მოიგეს, თუმცა ბიჭების ამბავი მაინც განსხვავებულია - თვით იტალიელები დაამარცხეს...
- სხვათა შორის, ამ პაექრობას თვალს მშვილდოსნობის ევროპული და იტალიური ფედერაციის პრეზიდენტი მარიო სკარცელა ადევნებდა, რომელიც, პარალელურად, მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა. ვლადიმერ დოლიძემ გუნდურში ისეთი შემართებით ისროლა, ყველა გაგვაოცა. საერთოდ, ჭაბუკები უფრო უშიშრად გამოდიოდნენ, ახალგაზრდები ცოტა მეტად ღელავდნენ.

- გარკვეული ცვლილებებია წესებში. მაინც რა შეიცვალა, საით მიდის მშვილდოსნობა და რა საფუძველი უდევს ამ რეფორმებს?
- ცდილობენ, რომ მშვილდოსნობა გახდეს სანახაობრივი, რათა მოიზიდონ მაყურებელი, ტელევიზიები. პლეი ოფებიც ამიტომ გაკეთდა, ფინალები განსხვავებულ, ისტორიულ ადგილებზე ტარდება.

მსოფლიო ფედერაციამ ხეირიანი სპონსორებიც შეიძინა, თუმცა სანახაობრიობა ჯერ მაინც მთავარ პრობლემად რჩება. შეიძლება, გაისიდან მხოლოდ 70-მეტრიანი დისტანცია დატოვონ, დანარჩენები კი გააუქმონ.

- უახლოეს მომავალში ინვენტარის პრობლემის მოგვარება თუ იგეგმება?
- სამინისტრომ უკვე დაგვიმტკიცა 6 კომპლექტის შესაძენი თანხა, რაც გათვალისწინებულია ასაკობრივი ნაკრებებისთვის. აქ მწვრთნელებისთვის საჭირო ეკიპირებაც იგულისხმება.

ამ იარაღს გადავანაწილებთ სპორტსმენებზე, რასაც დღემდე არსებულსაც მივახმართ და გაჭირვებით გადავიტანთ ამ პერიოდს, თუმცა ეს ახალი კომპლექტები ჰაერივით საჭიროა ჩვენთვის.

- დასასრულს, როგორც ეროვნული, ასევე ასაკობრივი გუნდების უახლოეს სამომავლო გეგმებზე გკითხავთ, სად გამოვლენ ისინი.
- 10-16 ივნისს ეროვნული ნაკრები ანტალიაში მიემგზავრება მსოფლიოს თასის მეორე ეტაპში საასპარეზოდ. ამის შემდეგ ახალგაზრდები და ჭაბუკები კვლავაც სრული გუნდებით ბულგარეთში მიდიან შეკრებაზე, სადაც რუმინეთში 15-20 ივლისს გასამართი ევროპის ახალგაზრდული თასის მეორე ეტაპისთვის მოემზადებიან.

ეს დაახლოებით ერთნაირი კლიმატური სარტყელია და ბულგარეთი ამიტომ შევარჩიეთ შეკრებისთვის. ეს ტურნირი მსოფლიოსთვის მზადებას ისახავს მიზნად და გვინდა, სექტემბერში ჩინეთში კარგად გამოვიდეთ.

ეროვნული ნაკრები კალენდარით გათვალისწინებულ ყველა მთავარ ტურნირში გამოვა - ერევანში ევროპის "დიდ პრიზზე", აგვისტოში - პოლონეთში მსოფლიოს "დიდ პრიზზე", მაგრამ არაა გამორიცხული, მასში ახალგაზრდებიც მოხვდნენ. ქალებს ნაკრებში მოსახვედრად 1320-ქულიანი ნორმატივი დავუწესეთ.

ვინც ვერ შეასრულებს, მას ახალგაზრდებით ჩავანაცვლებთ. კაცებში რახან ნაკლები ტრადიციებია, 1265 ქულა დავაწესეთ. საშუალო შედეგით, როცა მედალი გამორიცხულია, ვინმეს წაყვანას გვირჩევნია, ისევ ახალგაზრდები გამოვცადოთ ტურნირებზე, რითაც გამოცდილებას მიიღებენ, ეს ყველაფერი კი სამომავლოდ წაგვადგება. უფროსებს ნაკრებში მოსახვედრად ბევრად მეტი შრომა დასჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული