გუნდი ღირსება - ქართველი სპარტანელები, ანუ ჩაიჩოჩეთ გრანდებო

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ისე ასრულებენ საქართველოს ჰიმნს, რომ კაცს ემოციისგან საგულედან გული ამოგივარდება. ეს ძალიან ამაღელვებელია, ამაში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულია. მათ თამაშს შეუძლებელია გულგრილად უყურო, თუნდაც რაგბის დიდი მოყვარული რომ არ იყო. ეს ისაა, რასაც ხშირ შემთხვევაში სიტყვებით ვერ გადმოსცემ.

ჩვენ მსოფლიო რაგბის ელიტაში ყველა დიდი სიხარულით როდი გველის. ამას წინათ ერთმა უცხოელმა სპეციალისტმა თქვა, მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულის და მის მიღმა მყოფ გუნდებს შორის სათამაშო კლასში დიდი უფსკრულიაო.

სხვაობა გრანდებსა და ათეულს მიღმა
მყოფებს შორის მართლაც არსებობს, მაგრამ ამ სხვაობას ქართული რაგბი ნელ-ნელა ამცირებს, ამცირებს რუდუნებითი შრომით, მოთმინებით, მიზანსწრაფულად და სულ მალე ამ ათეულშიც შევაბიჯებთ.

უბრალოდ, კონსერვატიულ ძალებს მიზეზთა გამო არ უნდათ, დაირღვეს არსებული სისტემა (ექვსი ერის გათამაშება), მაგრამ ის მაინც დაირღვევა. აუცილებლად დაირღვევა. ეს ოდენ დროის საკითხია და ამისაკენ ქართული რაგბი არა მათემატიკური, არამედ გეომეტრიული პროგრესიით მიიწევს.

ქართული რაგბი სწორი განვითარების გზას ადგას. მორაგბეებს ბავშვთა სკოლებში სულ სხვანაირად ზრდიან. ახლობლების შვილები დადიან რაგბიზე და ვიცი, ყოველი ვარჯიშის წინ ბავშვებს ესაუბრებიან სამშობლოსა და თანაგუნდელების სიყვარულზე, მეტოქის პატივისცემაზე.

Sportall.Ge

მათი აღზრდის მეთოდი რაღაცით სპარტანულია: ფიზიკური და სულიერი წრთობა, რათა სპორტსმენი იყოს ამტანი, ხასიათით მტკიცე და შეეძლოს ყველა სიძნელის გადალახვა.

სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენი გუნდის თამაშში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიასთან და იაპონიასთან. ირლანდიელებმა აღიარეს, რომ "ლელოელებმა" (ასე მოიხსენიებენ ქართველ მორაგბეებს) დამსახურებულად გაიმარჯვეს. შარშან თბილისში 24:18 დაგვამარცხეს. იცოდნენ, რომ მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა დონე კიდევ უფრო აიმაღლა, ოსტატურად, შემოქმედებითად და საოცრად დინამიკურად თამაშობენ, ძალისმიერები და ძლიერები არიან.

ვერაფერს იტყვი, მართლაც სასიამოვნოა, როდესაც შენს გუნდს მეტოქე ესოდენ ობიექტურად აფასებს.

altირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით


იაპონიასთან შეხვედრა თითქმის წაგებული იყო, როდესაც მეორე ტაიმში კაცნაკლულები 12 ქულას აგებდნენ, მაგრამ საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა გუნდმა მოახერხა მისი მოგება. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომოდ თამაში სად გაგებულა და მიაღწია კიდეც გუნდმა საწადელს. მართალი გითხრათ, ამ გუნდის თამაში პირველი ნაკრებისაზე უფრო ლაღად, ეფექტურად მოჩანს და რაღაც განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]


ამ ბიჭების შემხედვარეს, ყველას იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რაგბის ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ისინი ამ "უფსკრულს" გადალახავენ და კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. გაგვახარებენ თავიანთი სწორუპოვრობითა და ბრძოლის ჟინით, სამშობლოსადმი თავდადებით და ქართული რაგბი მთელ მსოფლიოში ახალ ბრენდად ჩამოყალიბდება. აუცილებლად ჩამოყალიბდება.

იქამდე კი ტურნირზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიას დაუპირისპირდებიან, კიდევ ერთხელ იმღერებენ საქართველოს ჰიმნს, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი კიდევ ერთხელ იბრძოლებენ ლომებივით და ეს "კიდევ ერთხელ" უსასრულოდ გაგრძელდება.

ჩაიჩოჩეთ, გრანდებო, "ლელოელები" მოდიან.

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
რატომ სპარტანელი და არა არაგველი?
ლადო
10:41 18-06-2018
1
ტერმინი მათემატიკური პროგრესია არ არსებობს,მაგას არითმეტიკული ჰქვია
baton avtors
11:02 17-06-2018
0