საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს, რომელსაც რუმინეთის ქალაქი პიტეშტი უმასპინძლებს. ევროპის 22 ქვეყნის ნაკრები A დივიზიონის 3 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლებსაც, ცხადია, ტურნირის 3 პრიზიორი მიიღებს. უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებს საქართველოს ნაკრები, რომელსაც კოტე ტუღუში და მისი ასისტენტები – დავით და ალექსანდრე ნოზაძეები წვრთნიან.

20-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება ლატვიაში გაიარა, სადაც 6 ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველებმა ორჯერ დაამარცხეს სომხეთის ნაკრები, ხოლო ერთხელ ლატვიას მოუგეს. მასპინძლებთან მეორე მატჩი საქართველომ დათმო, ისევე, როგორც მატჩი უკრაინასთან და ისრაელთან.
ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი თამაშები, 12 ივლისიდან კი ოფიციალური ტურნირი იწყება, რომელსაც ტუღუშის გუნდი ალბანეთთან მატჩით ხსნის.

B დივიზიონში მოასპარეზე 22 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული, რომლებიდანაც 1 წრის შემდეგ მეოთხედფინალში 2-2 საუკეთესო გავა. ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები 9-22 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო 8 საუკეთესო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ალბანეთია (12.07, 21:00), შემდეგ რუმინეთი (13.07, 19:00), ბულგარეთი (14.07, 16:30) და დასვენების შემდეგ, ბოლო ტურში, ჩვენი გუნდი ესტონეთს (16.07, 16:30) დაუპირისპირდება.

ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში, ფიბა-ს Youtube-არხით გადმოიცემა და მათი საყურებელი ლინკი თამაშის დაწყებამდე ჩვენი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული