საქართველოს 18 და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებებმა ამხანაგური მატჩი გამართეს

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", საქართველოს 20 და 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებებმა გუშინ ერთმანეთში ამხანაგური მატჩი გამართეს.

თამაში საინტერესო საყურებელი გამოდგა. 18-წლამდელებმა ორივე ტაიმის დებიუტში მოახერხეს ლელოს გატანა და თავისზე უფროსებს მერეც არაერთი პრობლემა შეუქმნეს. 20-წლამდელებმა ორივე ტაიმში შეძლეს უპირატესობის დაუფლება, ბურთის ხაზზე გაშლა და ლამაზი ლელოებიც გაიტანეს.

მთლიანობაში, შეხვედრა ორივე გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ.

18-წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც კალინინგრადში გაიმართება, 14 აპრილს დაიწყება და მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონის, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქე გერმანია იქნება. ტურნირიდან
საფრანგეთის გასვლის შემდეგ მათი მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი, რუმინეთი, ბელგია და ჰოლანდია იქნებიან.

Sportall.Ge

"ვემზადებით ბოლო, დასკვნითი შეკრებისთვის. ამ ბიჭებთან ერთად ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, ახლა კი იმ ეტაპზე ვართ, რომ საბოლოო შემადგენლობა უნდა შეირჩეს. ეს ჩვენი პირველი კარგი თამაში იყო, 2 წლით უფროს ნაკრებ გუნდთან და მათი ძალისა და გამოცდილების გათვალისწინებით, კმაყოფილი ვარ. გვქონდა ბევრი კარგი მომენტი, დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ვიმედოვნებ, რომ მათთან მეორე თამაშიც გვექნება" - განაცხადა 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა, რომელიც გუნდს 8-დღიან შეკრებაზე 20 თებერვლიდან შეიყვანს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურა ამონაშვილის შეგირდები "მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც წელს, 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, არგენტინა უმასპინძლებს. მანამდე, მოსამზადებელ ეტაპზე, თბილისს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ორ მატჩს გამართავს. ქართველ 18-წლამდელებთან მატჩიც მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო.

"რამდენიმე ახალი მოთამაშე შემოგვიერთდა და გვსურდა, ისინი საქმეში გვეხილა. გარდა ამისა, ძველ მოთამაშეებთან ერთად გადავიმეორეთ სათამაშო სისტემა და ვნახეთ 18-წლამდელთა კარგი გუნდი. მათ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის და იქაც დავაკვირდით რამდენიმე მოთამაშეს, რომელთა გაფართოებულ სიაში მოხვედრა პოტენციურად შესაძლებელია" - თქვა ნამატჩევს 20-წლამდელთა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ