ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ინტენსიურ მზადებას განაგრძობენ.
გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, მანამდე კი, 2 აპრილს, სამხრეთ აფრიკაში ჩავა და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 9 აპრილს მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან; 13 აპრილს ჩვენი მეტოქე არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება, ხოლო 17 აპრილს ნამიბია XV-ს ვეთამაშებით.
მომავალი ტურნეს მიზანია, რომ მოთამაშეებმა მაღალ სათამაშო ტემპს ალღო აუღონ და 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოემზადონ:
"გათვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე
"დიდი შეკრების პირველ ორ კვირაში ძირითადი აქცენტი ფიზმომზადებასა და ჰიპერტროფიაზე გაკეთდა. მოთამაშეთა ნაწილს კუნთის მასა აქვს მოსამატებელი; ზოგს პირიქით, გამოშრობა სჭირდება. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ფიზმომზადების მწვრთნელები ძალიან კარგად მუშაობენ. გვაქვს მოთამაშეთა მონაცემები და ვაკონტროლებთ ენერგიის დანახარჯსა და აღდგენას. მოსამზადებელი ეტაპი ცოცხალი პროცესია, რასაც მუდმივი დაკვირვება სჭირდება. სამხრეთ აფრიკაში რომ ჩავალთ, მოიმატებს ბურთით ვარჯიშები და მეტს ვიმუშავებთ უნარებსა და ტაქტიკაზე".
მარტის დასაწყისში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფრანგ 20-წლამდელებთან თბილისში ორი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს, რამაც მწვრთნელებს პრობლემები დაანახა და ახლა მათ აღმოფხვრაზე მიდის მუშაობა:
"ორი ძალიან კარგი და დროული თამაში გვქონდა საფრანგეთთან, რამაც პრობლემები დაგვანახა. აქ ბიჭებმა ის სათამაშო ტემპი შეიგრძნეს, რომელიც ძალიან ახლოსაა იმ ტემპთან, რაც ჩემპიონატზე გველოდება. გარდა ამისა, ეს თამაშები გამოვიყენეთ სელექციისთვის, გავსინჯეთ მოთამაშეები. ჩვენთან არიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც აქამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშიათ და მათ მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება. ფრანგებთან მატჩებმა დაგვანახა დაცვის ხარვეზები; ასევე, სრულად ვერ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში და ახლა სწორედ ამ კომპონენტების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ".
რეზერვი უმნიშვნელოვანესია!
მოცემულ მომენტში შეკრებაზე 38 მორაგბეა შესული და მათგან სამხრეთ აფრიკაში 30 გაემგზავრება. სამწუხაროდ, აფრიკულ ტურნეზე გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დააკლდება. გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა გეგა მურუსიძე "არმაზიდან".ამონაშვილი აღნიშნავს, რომ აფრიკაში წამსვლელი 30 მორაგბის შერჩევა დანარჩენების "ჩამოწერას" არ ნიშნავს და არგენტინაში წამსვლელთა სია ბოლო მომენტში გახდება ცნობილი:
"სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე ის მოთამაშე ვერ დაგვეხმარება, ვისი საქმეში ხილვაც გვსურდა. ფორმატიდან გამომდინარე, ამ ტურნეზე 30 მოთამაშე მიგვყავს, თუმცა წინა ტურნირების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, სარეზერვო მოთამაშეების მაქსიმალური მზადყოფნა. აფრიკაში სამი, ხოლო არგენტინაში ხუთი ურთულესი თამაში გველის შემჭიდროებულ ვადებში. ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და შესაბამისად, შესაძლოა ნებისმიერ მორაგბეს დასჭირდეს შეცვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქ დარჩენილმა მორაგბეებმა სრული დატვირთვით გააგრძელონ მზადება და სათანადო ფორმაში იყვნენ".
"უმცროს ბორჯღალოსნებს" კაპიტანი შეემატა
ამ შეკრებაზე "უმცროს ბორჯღალოსნებს" გუნდის კაპიტანი, მგეზავი თედო აბჟანდაძე დაემატა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" რიგებში თამაშობდა. მან შარშან ნოემბრიდან ეროვნული ნაკრების კვართი ზედიზედ შვიდ მატჩში მოირგო, ახლა კი 20-წლამდელებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში მიდის:"სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ძალიან კარგი ორკვირიანი შეკრება გვაქვს. ძირითადად, ფიზმომზადებას გავდივართ, ნელ-ნელა სასურველ ფორმას ვუახლოვდებით და ეს გუნდსაც ეტყობა. სამხრეთ აფრიკაში შარშან ჩატარებულმა შეკრებამ კარგად დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები და რაც მთავარია, შევეგუეთ იმ სათამაშო ტემპს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გველოდა.
ამ ტურნეზე სამხრეთ აფრიკის და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებებს, ასევე, ნამიბია XV-ს ვეთამაშებით. სამივე ძალიან კარგი გუნდია და ეს მომზადებაში დაგვეხმარება. წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ტურნირზე დარჩენაა, თუმცა, თუ საშუალება გვექნება, უკეთესი შედეგის ჩვენებას ვეცდებით".
ეროვნულის შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრებზე გადმორთვა არ გამჭირვებია, რადგან ამ ბიჭების მხარდამხარ არაერთხელ მითამაშია. შეკრება ძალიან კარგადაა დაგეგმილი და ვემზადებით საერთო მიზნისთვის, რაც ჩემი აზრით, უმთავრესია".
საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად
"უმცროსი ბორჯღალოსნების" უკანახაზელი დემე თაფლაძე ფიქრობს, რომ სამხრეთაფრიკული ტურნე გუნდს მაღალ ტემპში თამაშთან მიჩვევასა და თავდაჯერების შეძენაში დაეხმარება: "საფრანგეთის ძლიერ ნაკრებთან გამართულმა ორმა შეხვედრამ დიდი გამოცდილება შეგვძინა. მათთან თამაშმა დაგვანახა ჩვენი სუსტი წერტილები და შეცდომები. ახლა ამ შეცდომების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. ფიზმომზადების შეკრებაა და ინტენსიური, დატვირთული ვარჯიშები გვაქვს, რაც სამხრეთ აფრიკის ტურნესთვის გამოგვადგება. ასევე გვიწევს მაღალ ტემპთან შეჩვევა.
საფრანგეთს ორივე თამაშში დიდი ბრძოლა გავუმართეთ და ორივეჯერ მცირედით ჩამოვრჩით. აქ მთავარი იყო დაგვენახა, რამდენად ვიყავით ფიზიკურად მზად და როგორ იმუშავებდა ჩვენი ტაქტიკა ძლიერ მეტოქესთან. შეკრებაზე ეროვნული ნაკრებიდან და საფრანგეთიდან რამდენიმე მორაგბე დაგვემატა. ამჟამად რადიკალურად განსხვავებული, ძალიან კარგი ვარჯიშები გვაქვს.
სამხრეთაფრიკულ ტურნეზე ძალიან მაღალ ტემპთან მოგვიწევს შეჯახება, რაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ ძალიან კარგია. არგენტინაში ზუსტად ასეთ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და შევიძენთ გამოცდილებას, საკუთარ ძალებში დავრწმუნდებით. მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი თამაშის მოგება ძალიან დიდი შედეგია და ვეცდებით ამ შედეგის გამეორებას, პროგრამა-მინიმუმი კი 12 უძლიერესს შორის ადგილის შენარჩუნებაა".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით