ჩვენი გუნდი, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, 13 აპრილს, საქართველოს დროით 17:15 საათზე არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც პირველ მატჩში "ნამიბია XV" 64:8 დაამარცხა.
სამი დღის წინ (9 აპრილს) პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმაც" და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 58:10.
იმ თამაშში ნაჩვენები ხარისხით უკმაყოფილო დარჩა ჩვენი
სამწვრთნელო შტაბი. ლადო კილასონია ყურადღებას დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს:
"მარტში საფრანგეთთან ორმატჩიანი სერიის შემდეგ ეს იყო ჩვენი პირველი თამაში და სამხრეთ აფრიკასთან, როგორც ჩვენ, ასევე მორაგბეები, უფრო მეტს მოველოდით. მაგრამ ჩვენს ნახევარზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, შეტევაში, რომლის დროსაც ბურთს არ ვუფრთხილდებოდით. პირველ ტაიმში ოთხიდან სამი ლელო სწორედ ასეთი დაკარგვების შედეგად მივიღეთ. ეს 21 ქულაა, რაც ძალიან ბევრია.
მეორე ტაიმში რამდენჯერმე შევედით მეტოქის 5-მეტრიან ზონაში, თუმცა ბურთი ვერ დავამიწეთ. მატჩის მიწურულს 9 ნომერი გაგვიძევეს, რის შემდეგაც ძალიან გაგვიჭირდა და კვლავ სამი ლელო მივიღეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი, 17 ჯარიმა ავიღეთ და რაღა თქმა უნდა, ასეთი თამაშით სამხრეთ აფრიკასთან გაგვიჭირდებოდა. ეს იყო ძალიან მაღალი დონის გუნდი. მიუხედავად სიძლიერისა, ის თავის ნახევარზე თითქმის არ რისკავდა და ფეხით გადმოდიოდა ჩვენს ნახევარზე, სადაც მათ შეცდომები მრავლად შევთავაზეთ".
"უმცროს ბოკეს" დაახლოებით ორ თვეში, 8 ივნისს, 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვეთამაშებით. კილასონია დარწმუნებულია, რომ იქ განსხვავებული თამაში იქნება:
"20-წლამდელთა ჩემპიონატზე განსხვავებული თამაში იქნება. ორივე გუნდს უკეთ გვეყოლება ერთმანეთი შესწავლილი. არგენტინაში როგორც ჩვენი, ასევე მათი შანსები გაიზრდება".
7 ცვლილება არგენტინასთან
რადგან ეს მოსამზადებელი ტურნირია და მწვრთნელებს ტურნეზე მყოფი ყველა მოთამაშის საქმეში ხილვა სურთ, არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელეს.ხაზში უცვლელი დარჩა ცენტრი და თამაშს კვლავ ლაშა ლომიძე და დემურ თაფლაძე იწყებენ. ძირითადშია მგეზავი თედო აბჟანდაძეც, რომელსაც 9 ნომრის პოზიციიდან ამჯერად მიხეილ ალანია შეუწყვილდება. ფულბეკად თეიმურაზ ჭიჭინაძის ნაცვლად თამაშს რევაზ ხარაზიშვილი იწყებს, ხოლო ფრთებზე კოტე მარჯანიშვილი და ოთარ ძაგნიძე დადგებიან.
შერკინებაში უცვლელი დარჩა მთელი პირველი ხაზი. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლუკა გელაშვილმა, რომელსაც იოანე იაშაღაშვილის ნაცვლად ვახტანგ ჯინჭარაძე შეუწყვილდება.
ჯინჭარაძე, ისე, როგორც ძაგნიძე, პირველ მატჩში განაცხადში არ იყო. მესამე ხაზში ბექა ყორიაულმა შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა, ფლანკერებად კი იოსებ გუშარაშვილი და საბა ჯღარკავა დაწინაურდნენ.
"ეს მოსამზადებელი ტურნირია. ყველა მოთამაშე საქმეში უნდა ვნახოთ, გამოცდილების მიღების შანსი მივცეთ და შემადგენლობაში ცვლილებები ამითაა განპირობებული" - ამბობს კილასონია და მეტოქის, ასევე 4-დღიანი მოსამზადებელი ციკლის შესახებ გვიყვება:
"არგენტინის თამაში ვნახეთ და ვიდეოანალიზიც ჩავატარეთ. როგორც არგენტინელებს სჩვევიათ, მოძრავი, სწრაფი და დინამიკური გუნდი ჰყავთ. სახიფათონი არიან კონტრშეტევაზე.
რაც შეეხება ჩვენს თამაშს, 4-დღიან ციკლში ბევრი რამის შეცვლა არ ხდება. მთავარია, აღმოვაჩინოთ ის წერტილები, რამაც პირველი თამაში გაგვიფუჭა და ეს დეტალები გამოვასწოროთ. ბიჭებმა თავად გააკეთეს როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური ვიდეოანალიზი და უკეთესი თამაშის მოლოდინში ვართ".
20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთი აფრიკა)
13 აპრილი, 17:17 | საქართველო - არგენტინა
სასტარტო: 15. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 14. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. საბა ჯღარკავა (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო).
მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი),24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. დავით გობეჯიშვილი (აია), 26. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 27. ოთარ ლაშხი (ლელო), 28. გიგი ლეშკაშელი (აია).
ისვენებენ: კობა კოლოტაური (ლელო), გეგი მურუსიძე (არმაზი).
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით