"არგენტინაში ისინი წავლენ, ვინც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს" - "უმცროსი ბორჯღალოსნების" ბოლო შეკრება

AutoSharing Option
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე/rugby.ge

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინაში გასამართი (4-22 ივნისი) მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დასკვნით, 3-კვირიან შეკრებაზე შევიდა.

გაფართოებულ შემადგენლობაში 38 მორაგბეა. გუნდს რამდენიმე მოთამაშე 18-წლამდელთა ნაკრებიდან დაემატა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ. 20-წლამდელებს შეუერთდა იაგო ხაბულიანიც, რომელმაც 7-კაცა ნაკრებთან ერთად ზიმბაბვეს ტურნირი მოიგო.

ბიჭები "შევარდენზე" ორშაბათიდან პარასკევამდე ივარჯიშებენ, შაბათ-კვირას დაისვენებენ, შეკრებას კი 21 მაისს დაასრულებენ და 25-ში გეზს არგენტინისკენ აიღებენ.

ამ ეტაპზე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ექვსი ლეგიონერი - გიორგი ახალაძე, გია ხარაიშვილი, ზაურ თევდორაშვილი,
ლუკა ჭელიძე
, ლუკა აზარიაშვილი, ვანო კარკაძე. ექვსივე მათგანი ლეგიონერია და ფრანგულმა კლუბებმა მათი გათავისუფლება არ ისურვეს. ისინი "უმცროს ბორჯღალოსნებს" 20 მაისს შეუერთდებიან.

საჭირო ტურნე სამხრეთ აფრიკაში

აპრილის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების, ასევე ნამიბიას კაცთა გუნდის - "ნამიბია XV" წინააღმდეგ ითამაშა.

გუნდის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს, რომ ეს იყო საჭირო ტურნე, რომელმაც მწვრთნელებს მაღალ ტემპში თამაშისას ის სუსტი მხარეები დაანახა, რომელთა გამოსწორებაზეც ეს სამი კვირა იმუშავებენ:

"ეს იყო ძალიან საჭირო ტურნე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაზე გვაქვს სამუშაო და რაში ვართ ძლიერები. სათამაშო ტემპი იყო მაღალი და ვითამაშეთ იმ წნეხის ქვეშ, რომლის მსგავსი არგენტინაში გვექნება. დავინახეთ, რა კუთხით შეგვექმნა პრობლემები ამ სიჩქარეებზე და ეს სამი კვირა ვარჯიშები სწორედ ამის მიხედვით დაიგეგმა.

ძალიან კარგი გუნდი იყო ნამიბია, რომლის შემადგენლობაში ისეთმა მორაგბეებმაც ითამაშეს, რომლებიც იაპონიაში კაცთა მსოფლიო თასზე ითამაშებენ. ჩამოსული იყო ნამიბიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ის კანდიდატებს აკვირდებოდა და ამან მათი მოტივაცია გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ნამიბიელებთან გამარჯვება მოვახერხეთ, თუმცა ამ მატჩშიც იჩინა თავი პრობლემებმა. დასანანი იყო მარცხი არგენტინასთან, თუმცა მთავარი ისაა, რომ განვლილი თამაშებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. გარდა ამისა, მოთამაშეებმა შეიძინეს საერთაშორისო გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

მიმდინარე 3-კვირიანი შეკრებისას, მწვრთნელები ხელოვნურად შექმნიან ისეთ წნეხს, როგორიც მორაგბეებს არგენტინაში გასამართ ჩემპიონატზე ექნებათ. პირველ ეტაპზე ყურადღება დაეთმობა ფიზიკურ მომზადებს, ნელ-ნელა კი ტექნიკური და ტაქტიკური მომზადების ელემენტები მოიმატებს:

"ვარჯიშები განვლილი სამი თამაშის ანალიზის მიხედვით დავგეგმეთ. ხელოვნურად ვქმნით იმ ტემპს და წნეხს, როგორიც თამაშებზე გვექნება. სამხრეთ აფრიკის ტურნეზე ფორმის პიკში ყოფნა ჩვენი მიზანი არ ყოფილა. მთავარია, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში შევიდეთ ოპტიმალურ ფორმაში. ახლა ბიჭებთან აქტიურად მუშაობს ფიზმომზადების ჯგუფი. გვაქვს სინთეზური ვარჯიშები და დროთა განმავლობაში მოიმატებს ტაქტიკური და ტექნიკური წვრთნები. ბევრს ვმუშაობთ ინდივიდუალურ თუ გუნდურ დაცვაზე, ფეხით თამაშზე და ა.შ. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშე მიკროტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის" - ამბობს ამონაშვილი და აზუსტებს, რომ არგენტინაში წამსვლელი მორაგბეები ჯერ შერჩეულნი არ არიან და თანაბარი შანსი აქვს ყველას, მათ შორის, იმ 18 წლის მორაგბეებს, რომლებიც გუნდს ახლახან შეუერთდნენ:

"ეს ბიჭები გამორჩეულები იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე და მათი დამატება სასიამოვნოა. ამით კონკურენცია გაიზარდა და რაოდენობიდან გამომდინარე, ვარჯიშებიც უფრო ხარისხიანია, რადგან ორი სრულფასოვანი გუნდი გვყავს. არგენტინაში ის მორაგბეები წავლენ, რომლებიც ამ სამი კვირის განმავლობაში თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ".

ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა

გუნდის კაპიტანი თედო აბჟანდაძე "უმცროს ბორჯღალოსნებს" სამხრეთაფრიკული ტურნეს წინ შეუერთდა. მანამდე მან ეროვნული ნაკრების კვართით 7 თამაში ჩაატარა. აბჟანდაძეს არგენტინასთან შეხვედრაში ფეხის კუნთი დაეჭიმა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და მომავალი კვირიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებს:

"კუნთი დამეჭიმა და დასვენება მჭირდებოდა. ახლა კარგად ვარ, ნელ-ნელა დატვირთვებს და ვარჯიშების ტემპს ვზრდი და მომავალი კვირიდან სრული დატვირთვით გავირჯები".

ის სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული თამაშებით კმაყოფილია და არგენტინაში ქომაგს ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

"შარშანდელის მსგავსად, სამხრეთ აფრიკაში წელსაც ძალიან კარგი შეკრება გვქონდა. შედეგად, შარშან ჩემპიონატზე კარგი თამაშები ვაჩვენეთ და იმედია, წელსაც იქნება. შევხვდით ორ ძალიან ძლიერ ახალგაზრდულ ნაკრებს და ასევე, ნამიბიის კაცთა გუნდს. ბიჭებმა შეიძინეს გამოცდილება და იციან, წინ რა გველოდება. მეორე თამაშში გამოჩნდა, რომ შევთამაშდით, დავლაგდით და ამ სამ კვირაში კიდევ უფრო განვვითარდებით.

არგენტინაში ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ და არაფერს დავთმობთ. მენტალურად, ფიზიკურად თუ ტაქტიკურად მზად ვართ და იმედია, ეს შედეგებზეც აისახება. შევეცდებით, შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ, თუმცა უმთავრესი მიზანი წელსაც უძლიერესთა შორის დარჩენაა. მეტოქეების შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებებში შემადგენლობა მუდმივად იცვლება და წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავთ. უკვე ვიცით, რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკის ნაკრები და შემიძლია დავაანონსო, რომ მათთან არაფერს დავთმობთ".

არგენტინაში, ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი ნაკრები 4 ივნისს ახალ ზელანდიას, 8 ივნისს სამხრეთ აფრიკას და 12 ივნისს შოტლანდიას ეთამაშება.

შეკრებაზე არიან

შერკინება
გეგი მურუსიძე (არმაზი, 1), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო 6-7), პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6, 7, 8)

ხაზი
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), ლუკა მანტკავა (არმაზი, 9), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი, 9), იაგო ხაბულიანი (აია, 9), თედო აბჟანდაძე (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), გივი ცინცაძე (არმაზი, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13), ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), თემურ კოხოძე (აია, 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), დაჩი პაპუნაშვილი (არმია, 10-15).

გუნდს 20 მაისიდან შეუერთდებიან:
გიორგი ახალაძე (მასი, 1), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 1), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.