გუშინ, 4 ივნისს, 2019 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა.
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქე ახალი ზელანდიის გუნდი იყო. ჩვენმა მორაგბეებმა იბრძოლეს, ითამაშეს, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდით - 13:45.
მიუხედავად დიდი სხვაობისა ანგარიშში, საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თუმცა ძნელია მოუგო გუნდს, რომლის ნაწილიც მალე დიდი "ოლ ბლექსის" წევრი გახდება.
აღნიშნული თამაშის შემდეგ World Rugby TV-ის მოკლე ინტერვიუ მისცა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თედო აბჟანდაძემ:
"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. თუმცა ბოლო 20 წუთში დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც თამაშის წაგებად დაგვიჯდა. ჩვენ
განვაგრძობთ საკუთარ შეცდომებზე მუშაობას. შემდეგი თამაში სამხრეთ აფრიკასთან გვაქვს და ახლა ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ."
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, სამხრეთ აფრიკის გუნდმა შოტლანდიას მოუგო - 43:19. ჩვენსა და აფრიკულ ნაკრებს შორის შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.