U18. საქართველოს ნაკრებმა ბელგიას სძლია და ფინალში პორტუგალიას შეხვდება

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავს.

პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა.

ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. შემდეგ ჯერზე ჯარიმა კარში აღარ დავარტყით, მერე მათ 5-მეტრიანთან მეტოქის აუტი წამოვიღეთ, ბურთი ბოლომდე ჩათამაშდა და ლუკა სახელაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ხელდახელ შეტევები
გააგრძელა. მე-20 წუთზე დავით ხუროშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ თორნიკე კახოიძეს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა. ერთ წუთში ლელო მაინც გავიდა – 5-მეტრიანი მოლი ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა დაასრულა და ხუციშვილმა გარდასახა.

გარკვეული დროით მეტოქემ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და ჯერ 3 ქულა აიღო, მერე შალვა აფციაურს ყვითელი ბარათი დასტყუა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო. კაცნაკლულობის პირობებში დავით ხუროშვილმა ცენტრში სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და სანამ ბელგიელები გონს მოეგნენ, მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა – 20:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველომ ხელდახელ საკუთარი ნახევრიდან შეუტია. კახოიძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, რაქიდან გამოსული ბურთი კი გიგი ქურხულმა სისწრაფეში მიიღო და მას მცველი ვეღარ შეაჩერებდა. მალე მოლს ნიკა ლომიძის ლელო მოჰყვა, 58-ე წუთზე კი ჩვენი კიდევ ერთი ხელდახელ შეტევა ქურხულის დუბლით და ზუსტი გარდასახვით დასრულდა – 37:3.

ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

ნახევარფინალი. 6 ოქტომბერი. კალინინგრადი
საქართველო – ბელგია 37:3
საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. დავით იმნაძე (იუნკერები), 26. გიორგი გერგედავა (აია).


მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდი ისაა რო ძალიან დაბალ დონეზეა ევროპაში რაგბი რაც ჩვენს განვითარებას არ წაადგება სანამ 6 ერში არ მიგვიღებენ
ნოდო
07:13 07-10-2021
3