მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება

AutoSharing Option
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამწლიანი (2020-22) იძულებითი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა ორი მასშტაბური ტურნირი 2023 წლიდან აღდგება.

საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ალაფის დაბრუნება რაგბის დაბადების 200 წლის იუბილეს ემთხვევა. გადმოცემის თანახმად, ქალაქ რაგბის ერთ-ერთ სკოლაში უილიამ უებ ელისმა 1823 წელს აიტაცა ბურთი და პირველი ლელო გაიტანა.

იმისათვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ ერთი წელი არ გაუცდეთ, მსოფლიო რაგბი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ ორგანიზაციებსა და მასში შემავალ რაგბის კავშირებთან, რათა 2022 წელს ალტერნატიული ახალგაზრდული ტურნირები ჩატარდეს.

აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა პირველი ჩემპიონატიდან (2008 წლიდან)
დღემდე, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ქვეყნის მთავარ გუნდში ჯამში 1400-ზე მეტი მორაგბე დაწინაურდა, ახალი ზელანდიისა (2011, 2015) და სამხრეთ აფრიკის (2019) 28 მოთამაშემ კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი ამბობს:

"20-წლამდელთა ტურნირები მისი დაარსების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის საუკეთესო გზაა ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეების გაბრწყინებისთვის, სანამ სათანადო გამოცდილებას შეიძენენ და ტესტ-მატჩებში გადაინაცვლებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმედისმომცემ ახალგაზრდა მორაგბეებს უმაღლესი დონის ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მოხარული ვარ, რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი და ალაფა გვიბრუნდება“.

"ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ტურნირში თამაში. იმ თაობამ, რომელიც ახლა "ბორჯღალოსნებშია", სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღო გამოცდილება და ბევრი რამ ისწავლა. ბოლო სამი წელი იყო ჩავარდნა. ჩვენი ძალებით ვთამაშობდით სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ტურნირებში, თუმცა, ექვსი ერის გუნდებისგან განსხვავებით, არ გვქონია სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან მოთამაშე უკვე ახლოსაა ეროვნულ ნაკრებთან და ძალიან მიხარია 20-წლამდელთა ჩემპიონატის აღდგენა“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.

2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებენ: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა და უელსი.

2023 წლის ალაფაზე 8 გუნდი ითამაშებს, მათ შორის - შოტლანდია, რომელიც ჩემპიონატიდან 2019 წელს დაქვეითდა. მისი კონკურენტები იქნებიან მასპინძელი ქვეყნის ნაკრები და რეგიონალური შესარჩევი ეტაპების გამარჯვებულები.

ტურნირების მასპინძლები და მათი ჩატარების ზუსტი ვადები მოგვიანებით დადგინდება.

Georgian rugby
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველასათვის ცნობილია,რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა მორაგბე,მზად არ არის 20 წლამდელთა მსოფლიოს თასზე წარმატებით თამაშისათვის.მთავარი მიზეზი,სისწრაფეებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან თამაშისათვის მოსამზადებლად ერთადერთი გზა ევროპის 20 წლმდელთა პირველობაზე,6 ერის ქვეყნებთან თამაში და მსოფლიოს თასისათვის გამოცდილების დაგროვება იყო.მაშინ ევროპის პირველობაზე 6 ერის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ.თავიდან კატარსტროფული სხვაობით ვმარცხდებოდით,მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ სწორი გზა გამონახა; ნაკრებს ისე აკომპლექტებდნენ,რომ მათი ნაწილი,მომდევნო 20 წლამდელთა ნაკრებშიც ხვდებოდა ასაკობრივად და წინა პირველობაზე უკვე გამოცდილება მიღებულნი,უკვე უკეთ თამაშობდნენ უძლიერეს ნაკრებებთან.წაგებების ანგარიში თანდათან კლებულობდა და თანდათან 6ერის ნაკრებების დამარცხებაც დავიწყეთ.უბედურება ის იყო,რომ ყოველი ჩვენთან დამარცხებული ნაკრები,ევროპის შემდგომ პირველობებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა და ბოლოს,როცა ფინალში საფრანგეთიც დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით,საფრანგეთმაც დატოვა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა.6 ერის ქვეყნების მორაგბეები,თვითონაც ძლიერ ჩემპიონატში თამაშობდნენ,ერთმანეთს 6 ერის პირველობზეც ხვდებოდნენ და მიხვდნენ,რომ ევროპის ჩემპიონატით,მათზე მეტ სარგებელს,საქართველო იღებდა.ბოლო 20 წლამდელთა მსოფლიოს თასზე ეს ფაქტი უკვე უარყოფითად შეეხო ჩვენი ნაკრების თამაშს,2023 წელს კი,ჩვენ გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ვიქნებით.იქ მოთამაშე ჩვენ ბიჭებს ხომ კვლავ არავითარი გამოცდილება არ ექნებათ,ელიტარული ქვეყნების წინააღმდეგ თამაშისა.ხელმეორედ უნდა გავიაროთ უმძიმესი გზა.კი,იყო ცდები უძლიერეს ნაკრებებთან ტურნეებში თამაშისა,მაგრამ კორონას ეპიდემიამ,ეს მცდელობაც წყალში ჩაგვიყარა და უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო.როცა შავი ლომი შეიქმნა,ვიმედოვნებდი,რომ იქ ითამაშებდნენ საქართველოში მოთამაშე ნაკრების კანდიდატები და ასევე ასაკობრივი ნაკრების ახალგაზრდები,რომლებიც თან ეროვნულ ნაკრებში სათამაშო სქემებს აითვისებდნენ და თანაც დიდების გვერდით დაოსტატდებოდნენ.ეპიდემიამ აქაც კორექტივები შეიტანა,მაგრამ რასაც ველოდი,შავი ლომი აშკარად ის არ არის და არც იქ აღმოჩნდა.ვერც თვითონ ბრწყინავს და არც მათი მოწინააღმდეგეებია ის გუნდები,ვისთანაც განვვითარდებით და წინ წავიწევთ.იგივე სიტუაციაა სამხრეთ აფრიკაში თამაშის კუთხითაც.საქართველოს ნაკრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი,იქაურ მეორე დივიზიონში ითამაშებს და უმაღლესში გადასვლის უფლებაც არ ექნება,თან მათთან ერთად კენიის და ზიმბამბვეს თითო გუნდი.განვითარების რა პერსპექტივა ჩანს აქედან?დიდი ვერაფერი.აი ხარჯები კი,იცოცხლეთ.თვეების განმავლობაში ამდენი ხალხის უცხოეთში შენახვა,ძალიან დიდი ტვირთი იქნება ფედერაციის ბიუჯეტისათვის.ამ პირობებში ალბათ აჯობებს ლომები დაკომპლექტდეს რამდენიმე დიდი ნაკრების წევრისაგან და მათ გვერდით ითამაშონ ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებმა და 20 წლამდელთა ნაკრების რამდენიმე საუკეთესო წარმომადგენელმა.ისინი საკმაო გამოცდილებას მიიღებენ,რათა მსოფლიოს 20 წლამდელთა თასზე,დანარჩენ ბიჭებს ულიდერონ.საერთოდაც რუსულ გუნდებთან სათამაშოდ,ალბათ გვერჩია ჩვენი საკლუბო გუნდები გაგვეშვა.რუსებს კარგი კლუბები ჰყავთ და ჩვენ გუნდებს განვითარებისათვის გამოადგებოდათ მათთან თამაში.დღევანდელ პირობებში კი,სხვები სწავლობენ ჩვენთან და არაფერი გვეტყობა,რომ ჩვენ რაიმე სარგებელი გვაქვს,ამ თამაშებიდან.პირველი წელია და ჯერ გამოცდილებას ვაგროვებთ,მაგრამ ვფიქრობ აშკარაა,რომ რასაც ველოდით,ის არ გამოდის.შესაბამისად დროა ცვლილებებზე ფიქრი ახლავე დავიწყოთ.რა თქმა უნდა ჩვენი სპეციალისტების მეასედი ცოდნაც არა მაქვს,მაგრამ გულშემატკივარი ვარ და რასაც,როგორც ვხედავ,ამაზე ლაპარაკის უფლება მეც მაქვს.ამ საიტზე ჩემზე გაცილებით უფრო უკეთ რომ იციან რაგბი,ისეთი ხალხიც შემოდიან და რა ვიცი,იქნებ რაღაც ჭკვიანური და სასარგებლო,ვიღაცამ ამოღერღოს.ყოველ შემთხვევაში რაღაცა რომაა შესაცვლელი აშკარად ჩანს და ჩვენ ჩვენი ვთქვათ,სხვამ თავისი.ესეც სასიამოვნო იქნება.
სოსო
16:37 22-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.