18-წლამდელები | 4 ლელო "სტად ფრანსესთან"

AutoSharing Option
საფრანგეთში შეკრებაზე მყოფმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" (18-წლამდელები) "სტად ფრანსეს" ესპუართა გუნდს 30 წუთში სამის წილ 4 ლელო გაუტანა და არასტანდარტულ თამაშში დაამარცხა.

მასპინძელთა ინიციატივით, გუნდებმა არასტანდარტული, მართვადი ვარჯიში და ორი 15-წუთიანი ტაიმი გამართეს. გახურების შემდეგ ორი 2,5-წუთიანი ნონსტოპი გაიმართა, რომლის დროსაც თამაში არ ჩერდებოდა, არ ინიშნებოდა სტანდარტული სიტუაციები და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ის მყისიერად გადაეცემოდა მოწინააღმდეგეს. მას მსაჯი და "სტად ფრანსეს" ხაზის მწვრთნელი მართავდა, თამაშებს შორის კი მცირე შესვენება ინიშნებოდა.

5-წუთიანი შესვენების შემდეგ გუნდებმა ორი 15-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, რომლის დროსაც შერკინებაში
არ იყო მიწოლა. ჩვენი მხრიდან ლელოები თამაზ ჭამიაშვილმა, ლუკა ხორბალაძემ, შოთა ხელაძემ და ნიკა გოგუამ გაიტანეს. თამაშის დასრულების შემდეგ მხარეებმა უკვე შერკინებებსა და დერეფნებში ივარჯიშეს.

მართვად ვარჯიშსა და თამაშში შეკრებაზე მყოფმა ყველა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. განსხვავებული გამოცდილებით კმაყოფილი დარჩა ჩვენი გუნდის მწვრთნელი პაატა მაისურაძე:

„დინამიკური ვარჯიში გვქონდა და დიდ წნეხში გვიწევდა შეტევიდან დაცვაში ან დაცვიდან შეტევაში გადასვლა, რაც ძალიან სასარგებლო იყო და ბევრი რამ დაგვანახა. ეს სპარინგი სასარგებლო იყო როგორც მორაგბეებისთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. მეტოქეს ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავდა. ველოდით, რომ ჩვენი ბიჭები ლაღად და თავისუფლად ითამაშებდნენ. მეტოქის ძალის გათვალისწინებით, შესრულების ხარისხით სასიამოვნოდ კმაყოფილები დავრჩით. "სტად ფრანსეს" ბევრი პრობლემა შევუქმენით ოფლოუდებით, ფეხით თამაშით. რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, თუმცა ამ დონის გუნდთან თამაში სწორედ იმიტომ გვჭირდებოდა, რომ ხარვეზები აღმოგვეჩინა და ევროპის ჩემპიონატამდე მათ გამოსწორებაზე გვეზრუნა. გვაქვს საკმარისი დრო, რათა ყველა ეს დეტალი აღმოვფხვრათ და ოფიციალურ შეხვედრებში ის ხარისხი ვაჩვენოთ, რასაც ჩვენ და გულშემატკივრები ველით“.

შინ დაბრუნების შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაისვენებს, რასაც მზადების დასკვნითი ეტაპი მოჰყვება, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კი ოქტომბერში გაიმართება.

18-წლამდელები ფრანგულ შეკრებაზე

შერკინება: გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), გიგი ჭუმბურიძე (აია), შოთა ხელაძე (აია), გიგა თუთისანი (აია), ნიკა გაბედავა (ხარები), დავით მჭედლიშვილი (ლელო), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), კახა შეყილაძე (ხვამლი), ჯაბა ოდიშარია (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), ანდრო დვალი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები);

ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), გელა ხელაძე (ლელო), გუჯა მახარაშვილი (აია), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), რატი პაპაშვილი (აკადემია), ლუკა კობაური (აკადემია), ლუკა კეშელავა (არმია), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ზურა ნინიძე (ბათუმი), ნიკა გოგუა (არმაზი), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.