18-წლამდელებთან საფრანგეთში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი და რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე, პარიზში უმცროსი ბორჯღალოსნებისა (18-წლამდე) და "სტად ფრანსეს" ესპუართა გუნდის არასტანდარტულ თამაშს დაესწრნენ.

ინტენსიური, მართვადი ვარჯიში და 30-წუთიანი (15/15) თამაში "სტად ფრანსეს" სათადარიგო მოედანზე, "სტად დომინიკიზე" გაიმართა. ამ პერიოდში მსგავსი მაღალი დონის თამაშები და საერთაშორისო გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან 18-წლამდელებიდან იწყება სანაკრებო ვერტიკალი, მოთამაშეთა სწორი განვითარებისთვის კი, მსგავსი გამოცდილება ფასდაუდებელია.

ჩვენმა 18-წლამდელებმა, რომლებიც ოქტომბერში გასამართი რაგბი
ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, მეტოქე 30-წუთიან თამაშში ლელოებით 4:3 დაამარცხეს. ტყემალაძემ, მაისაშვილმა, სორელმა და ღვაბერიძემ ბიჭებს გამარჯვება მიულოცეს, სამწვრთნელო შტაბთან კი ფრანგული ტურნეს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დეტალები განიხილეს. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი გამოცდილების და წამყვან ევროპულ კლუბებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას.

რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელშიც ასევე აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე და 7-კაცას მწვრთნელი, ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი გია ლაბაძე შედიოდნენ, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მათ საქმიანი შეხვედრები საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან, მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ ბერნარდ ლაპორტთან, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის გენერალურ მდივან კრისტიან დულინთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.

ბავშვთა და მოზარდთა რაგბში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და 18-წლამდელთა ფრანგული ტურნე ამ შეთანხმების ნაწილია. ასევე იგეგმება საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში საფესტივალო ასაკის გუნდების მივლინება, რაც ბავშვთა რაგბის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.