18-წლამდე | "უმცროსი ბორჯღალოსნები" ტიტულის დასაცავად დაირაზმნენ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 1-10 ოქტომბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებენ.

რაზმში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა.

აგვისტოში, პარიზში გამართული შეკრების შემდეგ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამშობლოში ორი 5-დღიანი შეკრება გაიარეს და "ლელოს" ესპუართა გუნდთან საკონტროლო თამაში გამართეს, რის შემდეგაც სატურნირო რაზმი შეირჩა. მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ამონაშვილის თქმით, შემადგენლობა ოპტიმალურია:

„საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით კიდევ ორი 5-დღიანი შეკრება გვქონდა და საკონტროლო თამაში გავმართეთ "ლელოს" ესპუარებთან. ეს თამაში მწვრთნელებს სელექციაში დაგვეხმარა. გარდა ამისა, დავინახეთ
თუ როგორ გადაგვაქვს მოედანზე ის, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობთ. ნანახით კმაყოფილი დავრჩი, ახლა კი მიმდინარეობს ტექნიკური და ტაქტიკური დეტალების დამუშავება და მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას“.

„რაც შეეხება შემადგენლობას, საბედნიეროდ, ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებმა ოპტიმალური რაზმი შევარჩიეთ. გარდა ამისა, ის ბიჭები, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიარეს სრული მოსამზადებელი ეტაპი, რეზერვში არიან და საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაში იქნებიან ტრავმირებული მოთამაშის ჩასანაცვლებლად“.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი წელს პირველად იმართება საქართველოში. თამაშები თბილისში, „რაგბი პლატოზე“ და რუსთავში – „ხარები არენაზე“ გაიმართება.

საქართველო ტიტულის დაცვას 1/4-ფინალში ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 2 ოქტომბერს, „ხარები არენაზე“ 16:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, რუსთავში, ესპანეთი რუმინეთს 12:45 საათზე ეთამაშება, ხოლო „რაგბი პლატოზე“ პორტუგალია გერმანიას (11:00) და ბელგია ნიდერლანდებს (14:30) შეხვდება.

5 ოქტომბერს დამარცხებული გუნდები მე-5 ადგილის, ხოლო გამარჯვებულები თასის ნახევარფინალებს გამართავენ. საქართველო გამარჯვების შემთხვევაში ბელგია-ნიდერლანდების წყვილს შორის უკეთესს „რაგბი პლატოზე“ 16:15 საათზე ერკინება. ფინალები 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა 18-წლამდელთა ნაკრებისა და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის:

„ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში. მათ, ვინც სტადიონზე ვერ შეძლებენ მოსვლას, ექნებათ შესაძლებლობა მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს რაგბი ტვ-ზე მიადევნონ თვალი. ვეცდებით, რომ სანახაობრივი და შედეგიანი თამაშები ვაჩვენოთ. რაგბი მხოლოდ ძალისმიერი სპორტი არ არის და აუცილებელია შერკინებისა და ხაზის დაბალანსება. ვეცდებით გულშემატკივარი გამარჯვებებით გავახაროთ“ – დაამატა ამონაშვილმა.

Sportall.Ge

18-წლამდელთა შემადგენლობა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), შოთა ხელაძე (აია), მიხეილ ხახუბია (ლელო), გიგა თუთისანი (აია), დავით მჭედლიძე (ტულონი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), კახა შეყილაძე (ხვამლი), ჯაბა ოდიშარია (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ანდრო დვალი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები);

ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), გელა ხელაძე (ლელო), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ლუკა კობაური (აკადემია), ლუკა კეშელავა (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ზურა ნინიძე (ბათუმი), ლუკა ცირეკიძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

ფიზ. მომზადება: გივი ნადარეიშვილი, ვლადიმერ დოლაბერიძე

ფიზიო: გურამ ადამია, ნოდარ აფციაური

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინა წელსაც ჩეხეთით დავიწყეთ, პორტუგალიაც ნახევარფინალში ვერ შეგვხდებოდა, იმედია ისევე დამთაცრდება როგორც შარშან. წაენატებები!
კახა
20:24 30-09-2022
0