18 წ. | 5-დღიანი სასელექციო შეკრება მარტყოფში

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 5-დღიან სასელექციო შეკრებაზე შევიდა.

გუნდს სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ელის. მწვრთნელებმა ტრავმების გამო სამი მოთამაშე მოისაკლისეს და მარტყოფში 42 მორაგბით დაბინავდნენ.

კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი – 11 მოთამაშე, ქუთაისის "აიას" ჰყავს, 6 – თბილისის "ლელოს", 5-5 "ბათუმსა" და "ხვამლს", 3-3 "ყოჩებს", "აკადემიას" და "არმიას", ორი რუსთავის "ხარებს" და თითო-თითო "ლოკომოტივს", "ვეფხვებს", "არმაზს" და "წიქარას".

„ეს არის გაცნობითი ხასიათის, სასელექციო შეხვედრა, რომელშიც კანდიდატები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოდან ერთად შევკრიბეთ. გავივლით სათამაშო
მონახაზს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და 31 მაისს გვექნება ორმხრივი თამაში“ – გვიხსნის შეკრების მიზანს მწვრთნელი პაატა მაისურაძე, რომელსაც ზურაბ ამონაშვილის არყოფნაში, 18-წლამდელებში მთავარი მწვრთნელის ფუნქციაც აქვს შეთავსებული:

„მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ ზურა (ამონაშვილი) ლადო კილასონიას ეხმარება. დანარჩენი ჯგუფი ადგილზეა და ფუნქციებიც გადანაწილებულია“.

რაგბის კავშირი აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა "უმცროს ბორჯღალოსნებს" ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მაღალი დონის გასახურებელი თამაშები ჰქონდეს. პაატა მაისურაძე იმედოვნებს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„18-წლამდელთა ნაკრებისთვის აუცილებელია მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში. ევროპის ჩემპიონატს ყოველ წელს ვიგებთ და ეს კარგია, გვიხარია, მაგრამ განვითარებისთვის მეტია საჭიროა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიჭებმა მიიღონ მაღალი დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია 20-წლამდელთა წარმატებებთან“.

მარტყოფის შეკრების დასრულების შემდეგ მორაგბეებს ზაფხულის არდადეგები ეწყებათ და მორიგი შეკრება აგვისტოს მეორე ნახევარში გაიმართება. ამ პერიოდისთვის უკვე გარკვეული იქნება, სად და ვის წინააღმდეგ ითამაშებენ ჩვენი 18-წლამდელები მოსამზადებელ ეტაპზე.

18-წლამდელთა შეკრებაზე არიან

შერკინება: ავთო ქიმუცაძე (აია), ლუკა ბასილაშვილი (არმია), დავით ღარიბაშვილი (ლელო), გიორგი ირემაძე (ბათუმი), შოთა ხელაძე (აია), ბექა ნეფარიძე (ხვამლი), მიხეილ ხახუბია (ლელო), მათე ღურწკაია (ყოჩები), ლაშა მადოიშვილი (ბათუმი), მათე ობოლაძე (აია), გიორგი მესხი (ხვამლი), ნიკა აფციაური (ლოკომოტივი), ლევან კეპულაძე (აია), ცოტნე ცხოვრებაძე (ხვამლი), დავით ლაგვილავა (აია), კახა შეყილაძე (ხვამლი), ცოტნე ჭანტურია (ხარები), საბა ლაღაძე (აია), თაზო დუმბაძე (ბათუმი), თემურ ცხოვრებაძე (ყოჩები), ლუკა წიკლაური (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ლაზარე გიუნაშვილი (აკადემია), ოთარ ჯანგავაძე (აია);

ხაზი: გიორგი ჭელიძე (აია), გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ბაჩო ძოძუაშვილი (აია), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), ანდრია იმედაძე (აკადემია), მათე თავდგირიძე (ბათუმი), სანდრო მესხიძე (არმია), ნიკა დუმბაძე (ბათუმი), ანზორ სარალიძე (აია), ნუგო ქევხიშვილი (ლელო), თორნიკე ნავროზაშვილი (ლელო), გოგიჩა გოგუა (არმაზი), გიორგი ბარლადიანი (აია), გიორგი ბოლქვაძე (აკადემია), გიორგი ირემაშვილი (წიქარა), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), გიორგი ჯაში (არმია).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კანდიდატები,13 კლუბს წარმოადგენენ და ეს,ძალიან სასიხარულოა!ესე იგი,აკადემიები,ყველგან მუშაობენ და უკვე შედეგებიც აქვთ.
სოსო
12:00 30-05-2023
0