ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
„ალგარვეში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ. ეს ქართული რაგბისთვის დიდი მიღწევაა, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს და ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ პირველი ქართული გუნდი სათამაშო სახეობებში, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს“ – ამბობს საქართველოს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ბესიკ ხამაშურიძე, რომელსაც 7-კაცა თავადაც უთამაშია, თანაც უმაღლეს დონეზე – მსოფლიო თასსა და მსოფლიო სერიებზე.

ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი მასპინძლობს, 7-კაცას ტურნირი კი კრაკოვში 25-27 ივნისს გაიმართება და გამარჯვებული გუნდი პარიზის
საგზურს მიიღებს. მეორე და მესამეადგილოსნებს საფრანგეთის საგზურის მოპოვების შანსი საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით, მოგვიანებით ექნებათ.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატი არის გზა 7-კაცას დიდი ტურნირებისაკენ, როგორებიცაა მსოფლიო თასი და მსოფლიოს სერიები, რისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებთ, თუმცა ამ ეტაპზე აქცენტს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ვაკეთებთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საფრანგეთში გამართული ორი მოსამზადებელი ტურნირი და ნაწილობრივ, ალგარვეს ეტაპიც. პოლონეთში უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში“ – აღნიშნავს ხამაშურიძე.

სწორი გათვლებით ისტორიული შედეგისკენ

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, ალგარვეს ეტაპი, საქართველოს 7-კაცასთვის წარმატებული აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ტურნირმა სერიის სახე მიიღო (2011 წლიდან), ჩვენი გუნდი პირველად გავიდა ეტაპის ფინალში. მანამდე საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი იყო – 2011 და 2014 წლებში. უფრო ადრე, როდესაც რაგბი ევროპის 7-კაცა ახალი დაარსებული იყო და ერთი ტურნირი ტარდებოდა, საქართველომ ფინალს 2002 წელს, პირველ გათამაშებაში უწია.

ალგარვეს ტურნირი სამდღიანი იყო და თითო დღეს გუნდები ორ-ორ შეხვედრას მართავდნენ. პირველ დღეს ჩვენმა 7-კაცამ ორივე თამაში დათმო, თუმცა მეორე დღეს მაინც შეძლო ჯერ მერვედფინალში გასვლა, მერე კი მოქმედი ჩემპიონის – ესპანეთისა და საფრანგეთის დამარცხებით ფინალს უწია.

„იტალიასთან თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გამარჯვების ვადაზე ადრე ვირწმუნეთ და დავისაჯეთ. მე და გია (ლაბაძე) ბევრს ვეცადეთ, თუმცა დღის მეორე თამაშისთვის განწყობის შექმნა გაგვიჭირდა, თანაც გერმანია ძლიერი და გამოცდილი გუნდია და შანსი ხელიდან არ გაუშვა. დღის ბოლოს გვქონდა ანალიზი. ბიჭებმა ყველაფერი კარგად გაიაზრეს, ხასიათი გამოავლინეს და რუმინეთის ძლევით ტურნირში დავრჩით“.

„ესპანეთი მოქმედი ჩემპიონია, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. ჩვენ ვნახეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მოთამაშეებმა დავალებები მოედანზე კარგად გადაიტანეს და ნახევარფინალში გავედით. იქ საფრანგეთი გველოდა, რომლის შემადგენლობის 70-80% იმ მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც სერიებს თამაშობენ. აქაც კარგად შევძელით დავალების შესრულება, ფრანგები თითქმის მთელი მატჩი უბურთოდ დავტოვეთ და მათი ძლიერი მხარეები „ჩანთაში ჩალაგებული დარჩა“. ფინალში ირლანდიის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მათაც ვუპოვეთ სუსტი წერტილები და პირველი ტაიმი თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, თუმცა მეორე ნახევარში დაშვებულმა ორმა შეცდომამ მათ ანგარიშში გაქცევის საშუალება მისცა და სიტუაციის შესაცვლელად დრო აღარ გვეყო. ახლა ირლანდიაზე უფრო მეტი ვიცით და იმედი გვაქვს, მას კიდევ შევხვდებით ფინალში“ – აფასებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ხამაშურიძე.

მზადება ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის

სამწუხაროდ, ჩვენს 7-კაცას კრაკოვში ოთხი მორაგბე დააკლდება. ჯერ კიდევ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპამდე ტრავმები მიიღეს ლევან ნარიმანიძემ და თემურ კოხოძემ. ალგარვეში დაშავდნენ ლაშა კაკაურიძე და გაგა ქევხიშვილი.

„როგორც გუნდი, ვიზრდებით და წინ მივდივართ. პარალელურად, გრძელდება მოთამაშეების ძიება, რათა კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ და მომავალ ტურნირებში სხვა ბიჭებსაც მიეცემათ შანსი. სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები და კრაკოვში რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. 15-კაცადან 7-კაცაზე გადართვა რთულია, რადგან ის განსხვავებულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. თავდადება, მომზადება და უნარები არ გვაკლია და პროფესიონალიზმზე გადასვლის შემთხვევაში წარმატებები აუცილებლად იქნება. ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს“ – დარწმუნებულია ხამაშურიძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინსვლა და გამარჯვებები ბიჭებო!!!....
კობა
21:10 14-06-2023
0