2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები უელსთან 21:40 დამარცხდა
ატალახებულ მოედანზე უპირატესობას თავიდანვე ჩვენი გუნდი დაეუფლა, რომელიც ხუციშვილის ორი საჯარიმოთი დაწინაურდა. თამაში სრულად კილასონიას შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა და მეტოქემ ქართველთა ნახევარზე გადმოსვლა მხოლოდ 24-ე წუთზე მოახერხა, რის შემდეგაც ინიციატივა ხელთ იგდო, სამჯერ საჯარიმოზე უარი თქვეს და მოგვეძალენ. 36-ე წუთზე მსაჯმა კახოიძე გაასინბინა და უელსი ლელო-გარდასახვით წინ გავიდა. ამას ჩვენი გუნდის შეტევა მოჰყვა, რომელიც ბოლო მომენტში შედეგიანად ვერ დაგვირგვინდა და პირველი ტაიმი 6:7 წავაგეთ.
მეორე ტაიმის დასაწყისში მოწინააღმდეგემ ლელოთი და გარდასახვით ანგარიში 14:6 გახადა. საპასუხო იერიშისას შეცვლაზე შესულმა მამაიაშვილმა ლელოთი უპასუხა, ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა. თუმცა, ჩვენი შეცდომებით უელსს ორი ლელო ვაჩუქეთ და ზუსტადაც გარდასახეს. 65-ე ვიზავის მორაგბე ჰენესი გაასინბინეს, მოედანზე დაბრუნებულმა ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ანგარიში 16:26 გახდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ცოტა ხანში ანგარიშის გაზრდა შეძლო და მატჩის ბედიც გადაწყდა. დარჩენილ დროში კახოიძის და უელსის ლელო ვიხილეთ და შეხვედრაც დასრულდა.
14 ივლისს მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, რომელიც დღეს ავსტრალიასთან 35:44 დამარცხდა.
პარლი. „გიმნაზიუმი“
საქართველო – უელსი 21:40
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 8. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.);
მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. დავით ბერიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კობაური (პერპინიანი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
რაც შეეხება უელსთან თამაშს, მე მგონი, მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდათ და რომ მოენდომებინათ ამასაც მოიგებდნენ. ცალკეული რაღაცეები არის გამოსასწორებელი, მაგრამ მთლიანად გუნდი, მოთამაშეებიან-მწვრთნელებიანად, სწორ გზაზე დგანან და ღრმად მწამს, მომდევნო ჩემპიონატი ჩემპიონობისათვის ბრძოლა იქნება.
წარმატებები!!!!
რაშიც გვაჯობეს ეს იყო ფეხით თამაში (მათ შორის გარდასახვის რეალიზება) და ნაკლები შეცდომები საკუთარ 22-ში. პრაქტიკულად სამი ლელო მივიღეთ ჩვენი მიუტევებელი შეცდომით. მინდორის ხარისხს ნუ დავაბრალებთ მარცხს, რადგან უელსელებს უფრო გაურთულა მათი უპირატესობის (ხელით სწრაფი გათამაშება) გამოყენება ვიდრე ჩვენ.
ყველა შემთხვევაში დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისა და წარმატებული ტურნირისთვის.