2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ნიდერლანდები 29:10 დაამარცხა.
შვეიცარიასთან მოგებული მატჩის (86:10) შემდეგ „უმცროსი ბირჯღალოსნების“ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 მოთამაშე შეიცვალა. ჩვენი გუნდი ძლიერი ქარისას სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ 33-ე წუთზე მოახერხა ხელაძის ლელოთი და ნოზაძის გარდასახვით დაწინაურება. სამწუხაროდ, მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო საღინაძემ და შეცვალეს. შემდეგ მსაჯმა მაღალი ბოჭვის გამო ნოზაძე გაასინბინა, მეტოქემ კი შორიდან საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა: 51-ე წუთზე კეშელავამ ლელო დადო, სირბილაძემ გარდასახვა
ზუსტად შეასრულა, მერე მეტოქის მორაგბე ნეტო უხეშობისთვის გაასინბინეს, რასაც ქართველების აგორებული მოლიდან ხახუბიას გატანილი ლელო მოჰყვა. გარდასახვიდან სირბილაძემ ბურთი ძელს გაარტყა. ქევხიშვილის ლელო წინ გადაცემის გამო არ ჩაითვალა, თუმცა მალე ამონაშვილის შეგირდებმა ლელო დადეს (ხახუბიამ დუბლი შეასრულა). სირბილაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ არბიტრმა ნიდერლანდელ მორაგბესაც დაატოვებინა მოედანი. ბოლოს დვალმა ლელოთი ანგარიში გაზარდა, სირბილაძეს გარდასახვა გაუცუდდა, ხოლო ნიდერლანდელებმა საჯარიმო ლელოთი ანგარიში შეამცირეს.
საქართველოს ნაკრებმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რამდენჯერმე დაჯარიმდა, მაგრამ ვიზავი დაჯაბნა და მერვედ გავიდა ფინალში.
18 ნოემბერს ფინალში საქართველო პორტუგალიას შეხვდება.
2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
საქართველო – ნიდერლანდები 29:10
საქართველო
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (ყოჩები), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 18. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში (არმია), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. სანდრო სესიაშვილი (არმია), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).