18 წ. | ზედიზედ მესამედ პორტუგალიასთან

AutoSharing Option
ხვალ ღამით, ჩვენი დროით 21:30 საათზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, "მარკეტა რაგბი სთედიუმზე“ "უმცროსი ბორჯღალოსნები" (18-წლამდე) რაგბი ევროპის ზედიზედ მეხუთე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

2015 წლიდან დღემდე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა. პირველ სამ შემთხვევაში გადამწყვეტი ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სხვაობა ყველა ჯერზე მცირდებოდა. 2018 წელს საქართველომ საფრანგეთს 8:3 მოუგო და პირველი ტიტული მოიგო, რის შემდეგაც "ექვსი ერის" დანარჩენ ქვეყნებს საფრანგეთიც გაჰყვა და ტურნირი დატოვა.

მას შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კიდევ სამი ტიტული მოიგეს – 2019 წელს
ესპანეთის (20:10) ძლევით (2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა), 2021 და 2022 წლებში კი პორტუგალიის დამარცხებით, შესაბამისად 27:0 და 34:10.

წელს პორტუგალია საქართველოს ფინალში მესამედ დაუპირისპირდება. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 1/4-ფინალში რუმინეთი 22:15, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთი 34:6 დაამარცხა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ შვეიცარია დაამარცხეს 86:10, მერე ნიდერლანდები 29:10.

8 ცვლილება ფინალისთვის

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შეცვალა.

შერკინების ხაზში უცვლელი მხოლოდ მესამე ხაზი დარჩა – ლუკა საღინაძე, ნიკა აბესაძე და ანდრო დვალი. აღსანიშნავია, რომ ეს სამეული ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი და მეორე ხაზი. ამჯერად დამწყებთა შორის არიან გიორგი მესხიძე, მიხეილ ხახუბია, ნიკა ქუმარიტოვი, კახა შეყილაძე და გაგი მარგველაშვილი.

სრულად შეიცვალა ღერძი. 9 ნომრის პოზიციაზე გიორგი ჯაში ბრუნდება, მგეზავად კი პირველად ვიხილავთ გიგი სირბილაძეს. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და ცენტრში გიორგი ხაინდრავას სანდრო სესიაშვილი შეუწყვილდება. ფრთებზე კვლავ ლუკა კეშელავასა და ტატო ბურთიკაშვილს, ფულბეკად კი გიორგი ბოლქვაძეს ვიხილავთ.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
18 ნოემბერი. ფინალი. 21:30 საქ. დრო
ჩეხეთი. პრაღა. „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო – პორტუგალია
საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი ერთხელ მაინც ვერ გახდა 6 ერის გუნდი ჩემპიონი, თანაც ჩვენი ძალისხმევით, არ მონაწილეობენ მარა სათქმელი გვაქვს რომც ითამაშოთ ყურებზე ხახვი არავის დაჭრათ თქო. ეს სათქმელად, ისე კი ევროპული რაგბის მესვეურები მაგარი კვერცხები არიან , ერთ სრულფასოვან ევროპის ჩემპიონატს ვერ ატარებენ ვერცერთ ასაკობრივ კატეგორიაში, დიდებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
0