18 წ. | კარგი გაკვეთილი აფრიკისგან

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი მასპინძლებთან 3:20 დათმეს.

ეს იყო ჩვენი 18-წლამდელების პირველი შეხვედრა აპრილში გამართული ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ. გარდა ამისა, რადგან საქართველოში ზაფხულის არდადეგებია, ბიჭებს აშკარად ეტყობოდათ შეუთამაშებლობა, ვერ მოხერხდა შეტევებში ფაზების გადაბმა და ამით მეტოქემ ისარგებლა.

სამხრეთ აფრიკა ა საკმაოდ ფიზიკური გუნდი იყო, მაღალი და ძლიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული. ის ასევე უპირატესობას ფლობდა სისწრაფეებში და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის არაერთ ეპიზოდში, ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა თავი კარგად
დაიცვეს.

თამაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" შეტევებით დაიწყო, რასაც მასპინძლებმა ხისტი დაცვა დაუპირისპირეს, მე-6 წუთზე თავად გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და ჯარიმა მოიპოვეს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. მე-12 წუთზე აფრიკელებმა მოლის აგორება სცადეს, რასაც საქართველო მზად დაუხვდა, ფეხით ფრთაზე გადაკიდებულ ბურთზე კი ნიკოლოზ ხალვაშმა იბრძოლა ბოლომდე და მეტოქეს ლელოს დადება არ დაანება.

საპასუხოდ, მე-15 წუთზე გიგი სირბილაძემ ითამაშა ფეხით, მას სამი ქართველი მორაგბე აყვა, მცველი წნეხში მოექცა და ეპიზოდი ჯარიმით დასრულდა. გიგი სირბილაძემ 23 მეტრიდან გაიტანა და საქართველო 3:0 დააწინაურა. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, თუმცა ტაიმის ბოლოს სამხრეთ აფრიკამ ხელსაყრელ პოზიციაში ორი ჯარიმა მოიპოვა, ორივე გამოიყენა და 6:3 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ უფრო იმძლავრეს. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ თითქოს გარდაუვალ ლელოს თავი თავგანწირული დაცვით დავაღწიეთ, მაგრამ მერე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დავრჩით, რითაც მეტოქემ ისარგებლა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. პასუხის გაცემა მე-60 წუთზე შეიძლებოდა, როდესაც მოლი კარგად დავძარით და 22-ში ფორვარდებმა შეუტიეს, თუმცა დავჯარიმდით, დასკვნით წუთებში კი სამხრეთ აფრიკამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 20:3 გაიმარჯვა.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 12 აგვისტო.

საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა 3:20 (3:6)

საქართველო

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. დავით არავიაშვილი (არმაზი), 11. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 24. დავით ბარბაქაძე (არმია), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 27. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 28. დავით წიკლაური (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი:
ზურაბ ამონაშვილი
ეს იყო სერიის პირველი შეხვედრა და სამხრეთ აფრიკაში საქართველო კიდევ ორ თამაშს გამართავს. 16 აგვისტოს, საქართველოს დროით 15:30 საათზე პაარლში ინგლისს, ხოლო 20 აგვისტოს 17:30 საათზე ირლანდიას ვერკინებით.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეორე შემადგენლობასთან ამხელა სხვაობით მარცხი არის დიდი სირცხვილი.
საქმე მძიმედ გვაქვს
22:11 12-08-2024
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.