განვლილი 8 ფინალიდან პირველ 3-ში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 2018 წელს კი, საფრანგეთის ძლევით საქართველო პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი და მას შემდეგ ტიტული ხელიდან არ გაუშვია (2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა).
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, “მარკეტა სთედიუმზე” ნახევარფინალური შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რამაც მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია და რამდენიმე ეპიზოდი აღებული ქულების გარეშე დასრულდა. მთელიანობაში, ზურაბ ამონაშვილის შეგირდები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ კონტაქტის არეში, ხელდახელ ბურთაობაში, სარაგბო
პირველ ტაიმში ქარი ნიდერლანდების სასარგებლოდ უბერავდა, რითი სარგებლობაც მეტოქემ განიზრახა და ანგარიშის გახსნა შორეული ჯარიმით სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. მე-5 წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, რომელმაც 15 მეტრი სირბილით დაფარა და ნიკა კოროხაშვილმა ლელო გაიტანა.
დაცვაში აგრესიული თამაშით, ქართველი მორაგბეები მეტოქეს წნეხში ამყოფებდნენ, მაგრამ ქარის ფონზე, ნიდერლანდელები ფეხით თამაშისას სოლიდურ მანძილს იგებდნენ და ყველაფრის თავიდან დაწყება ხდებოდა საჭირო. მე-15 წუთზე საქართველომ ძალიან მაგარი შეტევა განახორციელა, მიხეილ შიოშვილმა ტანკივით იარა, 4-5 მცველს უპრობლემოდ გასცდა და ოფლოუდი გაახერხა, რასაც ორი სწრაფი პასი და გიგი სირბილაძის ლელო მოყვა.
მესამე ლელოც კარგ თანმიმდევრულ შეტევას მოყვა, რომელიც საქართველომ თავისი ნახევრიდან დაიწყო და თითქმის ყველა ჯერზე მოახერხა უპირატესობის ხაზის გადაკვეთა. ხაზი მარჯვენა ფრთაზე საბა შარვაშიძემ გაჭრა, რომელიც გზად რამდენიმე მბოჭავს გასცდა, ლუკა საღინაძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია, დავით ბარბაქაძემ ის 5-მეტრიანამდე მიიტანა, საიდანაც დაჩი ჭელიძემ შეუტია და ჩვენი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. სირბილაძემ სამიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა - 17:0.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მეორე ტაიმის დასაწყისშიც აქცენტი მოლზე გაკეთდა. საწყის 5 წუთში ლელოთი ორი შეტევა დასრულდა, თავი ანრი შველიძემ და კოროხაშვილმა გამოიჩინეს. 47-ე წუთზე მოლს დავით არჩვაძე მოწყდა, რომელსაც ლუკა ნარსია მიყვა ჩვენი გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა. სირბილაძემ ორი გარდასახა.
ამის შემდეგ თამაში აგვერია და მონაგარს ვეღარაფერი შევმატეთ. ჩვენი შეცდომებით ნიდერლანდებმა ისარგებლა, რასაც ჯერ შიოშვილის სინბინი, მერე კი ნიდერლანდების პრესტიჟის ლელო მოყვა - 36:5.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება და მასში საქართველო ჩეხეთსა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი.
19 ნოემბერი. ნახევარფინალი. 19:00 საქ. დრო
საქართველო - ნიდერლანდები 36:5 (17:0)
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);
შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge