ჩვენც დავწეროთ იმ რეკორდებზე, რომელთაც დიდი დღე აღარ უწერიათ და იმათზეც, ვინც ამ რეკორდებს უტევს.
ერთი თამაშიც და...
12 წლის წინათ, პორტუგალიისა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო. საშინაო ევროფორუმზე პორტუგალია ფინალში გავიდა და იქ სენსაციურად დამარცხდა საბერძნეთთან. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. პორტუგალიის ნაკრებში აღარ არიან ლუიშ ფიგუ და მანუელ რუი კოშტა, კრიშტიანო ევროპის ეს ჩემპიონატი რონალდოსათვის მეოთხეა. ის ყოველთვის იყო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და ყოველთვის გადიოდა პლეი ოფში. კრიშტიანომ ევროპის ჩემპიონატებზე 16 მატჩი ჩაატარა. ამდენივე ითამაშეს ლილიან ტურამმა და ედვინ ვან დერ სარმა. მხოლოდ ერთი მატჩი საფრანგეთში და პორტუგალიელი რეკორდს დაამხობს. მოქმედ ფეხბურთელთაგან რონალდოსთან ყველაზე ახლოსაა ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი (14 მატჩი).
ესპანელები დაამხობენ
ამ რეკორდს, თუ სასწაული არ მოხდა, აუცილებლად დაამხობენ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები. საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებმაც კონტინენტის პირველობაზე ყველაზე მეტი მატჩი მოიგეს. იკერ კასილიასის, ჩაბი ალონსოს, სესკ ფაბრეგასის, ანდრეს ინიესტასა და ფერნანდო ტორესის ანგარიშზე 9-9 გამარჯვებაა. ამდენივე შეხვედრა მოიგეს ლილიან ტურამმა, ზინედინ ზიდანმა, ედვინ ვან დერ სარმა და ნუნუ გომეშმა.ფერნანდო ტორესი და ჩაბი ალონსო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, სესკსა და ინიესტას აქვთ რეკორდის გაუმჯობესების დიდებული შანსი.
პლატინის უტევენ
ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე მიშელ პლატინია. მან მოწინააღმდეგეები ცხრაჯერ დაამწუხრა. რაც მთავარია, ფრანგმა ეს ერთი ტურნირის მსვლელობის დროს გააკეთა. არის შანსი, რომ ფრანგი ლეგენდის რეკორდი საფრანგეთში დაემხოს.თუ კრიშტიანო რონალდო ან ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამ გოლს გაიტანენ, ისინი ფრანგს დაეწევიან; თუ მეტს - გადაასწრებენ. მოკლედ, ორი გამორჩეული ბომბარდირის თამაშს ევროზე კიდევ ერთი ინტრიგა ემატება.
ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი
2000 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლოთარ მათეუსი გერმანიის ნაკრების ლიდერი იყო. თავიდან ის მხოლოდ იმიტომ წაიყვანეს ევროპის პირველობაზე, რომ "ბუნდესმანშაფტის" გასახდელში ლიდერი ყოფილიყო. გერმანია ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ მათეუსმა 39 წლის ასაკში ევროზე მაინც ითამაშა.ეს რეკორდი აუცილებლად დაემხობა. რეკორდზე ორივე მონადირე მეკარეა: ირლანდიის ნაკრების ლეგენდა შეი გივენი და მისი უნგრელი კოლეგა, გაბორ კირაი. ამათგან საუკეთესო შანსი კირაის აქვს, რადგან ის გუნდის ძირითადი მეკარეა. ირლანდიის ნაკრებში კი გივენი, ალბათ, სათადარიგო იქნება.
ლიოვი ფოგთსის წინააღმდეგ
მწვრთნელთაგან ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ორ გერმანელს ჩაუტარებია. იოახიმ ლიოვმა და ბერტი ფოგთსმა 11 შეხვედრაში დამოძღვრეს ბუნდესმანშაფტი. ეგაა, ლიოვს ევროტიტული ჯერ არ მოუგია, ფოგთსმა კი ეს მოახერხა.რეკორდსმენობის შანსი ისლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლარს ლაგერბაკსაც აქვს. ერთიც ვნახოთ, მოხდა სასწაული და გერმანია პლეი ოფში ვერ გავიდა, ციცქნა ისლანდიამ კი ეს შეძლო? ამ დროისათვის, გამოცდილმა შვედმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატებზე 10 მატჩი ჩაატარა.
შეძლებს დელ ბოსკე?
ვისენტე დელ ბოსკეს შეუძლია გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც ევროპის ჩემპიონატს ორჯერ მოიგებს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთული იქნება. ესპანელები თაობათა ცვლის რთულ პროცესში არიან.ამის მიუხედავად, "ფურია როხა" კვლავ რჩება ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. განა შეიძლება იმ გუნდის უგულებელყოფა, რომლის ღირსებასაც ანდრეს ინიესტა და სხვა ვარსკვლავები იცავენ?
მწვრთნელი - რეკორდსმენი
ისლანდიის ნაკრების შვედი დამრიგებელი ლარს ლაგერბაკი მეოთხედ დამოძღვრავს გუნდს ევროპის პირველობაზე. თუ ის აქამდე შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა ისლანდიასთან ერთად შეეცდება ფურორის მოხდენას.ისლანდიელთა ასეთ თამაშს შესარჩევ ციკლში არავინ ელოდა. ყველა მიიჩნევს, რომ სწორედ ლაგერბაკია კუნძულელთა წარმატების მთავარი შემოქმედი. არ შეიძლება, ამ აზრს არ დაეთანხმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"