ევრო 2016. C ჯგუფი. პოლონეთი-ჩრ. ირლანდია: ცალმხრივი მოძრაობა [VIDEO]

AutoSharing Option
* პოლონეთს აქამდე არასოდეს მოეგო ევროპის ჩემპიონატზე.
* ჩრდილოირლანდიელებს კი კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე არასოდეს უთამაშიათ.
* ირლანდიელებს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულდათ.

გამოკვეთილი ფავორიტისა და აუტსაიდერის მატჩი - ასე მოინათლა პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნიცური მატჩი. პოლონეთისაგან ყველა ლაღ თამაშს და გამარჯვებას ელოდა, ბრიტანელთაგან კი - გამართულ თამაშს დაცვაში და სწრაფ კონტრშეტევებს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონელთა გამოცდილმა თავკაცმა ადამ ნავაკლამ აქცენტი შეტევაზე გააკეთა. 4 მცველს წინ ამდენივე ნახევარმცველი დაუდგა. თავდასხმაში კი პოლონეთი ორი ვარსკვლავის იმედად იყო. არკადიუშ
მილიკს გუნდის უდავო ლიდერი, მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი შეუწყვილდა.

სწორედ ლევანდოვსკი უნდა ყოფილიყო პოლონელთა "პრიმა" ამ მატჩში. საერთოდ, ნავალკას გუნდს ყველა სათამაშო რგოლში ჰყავს ლიდერები - დაცვაში კამილ გლიკი და ლუკას პიშჩეკი, ნახევარდაცვაში კი გრჟეგოჟ კრიხოვიაკი და კუბა.

ნავალკამ, ცოტა არ იყოს, გარისკა. მან ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი არ დააყენა. აქ საქმეში ჩაერთო გროსიცკის ტრავმაც, თუმცა ის თამაშის ბოლოს მაინც შევიდა მინდორზე.

ჩრდილოირლანდიელთა დამრიგებელმა, ნაკრების უგრძესი დაუმარცხებელი სერიის მთავარმა შემოქმედმა მაიკლ ონილმა განსაკუთრებით დატვირთა ნახევარდაცვა, სადაც 5 ფეხბურთელი დააყენა. გამოკვეთილ ფორვარდად კი დადგა კაილ ლაფერტი, ვინც ვერაფრით აიწყო საკლუბო კარიერა, ეროვნულ გუნდში კი, უბრალოდ, შეუჩერებელია. ოლსტერმა მას ქედი მოუხარა - ერთი დღით სწორედ მისი სახელობისა გახდა ჯორჯ ბესტის სახელობის აეროპორტი.

ანალიზი
მთელი თამაშის განმავლობაში პოლონეთს აშკარა უპირატესობა ჰქონდა. მეტადრე ორივე ფლანგიდან ადამ ნავალკას გუნდმა მეტოქე "შეჭამა". განსაკუთრებით აქტიური იყო ვეტერანი კუბა ბლაშჩიკოვსკი, არკადიუშ მილიკმა კი ბევრი იმოძრავა და მანამდე არ მოისვენა, სანამ ჩრდილოირლანდიელთა კარი არ აიღო.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ამ ჩემპიონატზე უსუსტესად მოგვეჩვენა. მართალია, ბრიტანელები, ტრადიციულად, გიჟებივით იბრძოდნენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლა ცოტა ოსტატობასთანაც თუ არ შეაზავე, ისე არაფერი გამოვა.

მართალია, პოლონელთა კართან ერთი-ორჯერ სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ასპროცენტიანი მომენტი რასაც ჰქვია, ოლსტერელებს ის არ ჰქონიათ. პოლონეთს კი გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. ეგაა, გაიფლანგა ბევრი მომენტი და დაცვაში ჩამჯდარმა აუტსაიდერმა არც რობერტ ლევანდოვსკის დაუტოვა სივრცეები. ირლანდიელებს კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ.

გოლი
1:0 - ზეაქტიურმა კუბა ბლაშჩიკოვსკიმ შესანიშნავი გადაცემით მოამარაგა არკადიუშ მილიკი. "აიაქსის" ვარსკვლავმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და ჩრდილოირლანდიელთა მეკარე მაკგოვერნს ისე გაუტანა, რომ მან თავისიანების გადარჩენა ვერ შეძლო. ზუსტად ისეთი გოლი იყო, მაღალი კლასის ცენტრფორვარდს რომ შეჰფერის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მაიკლ ონილი (ჩრ. ირლანდია): "ეს იყო ძალიან რთული თამაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დადებითი შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბურთი ვერ მოვიპოვეთ. ლევანდოვსკი, მილიკი და კრიხოვიაკი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაგანაც საფრთხეს უნდა ელოდე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას".

ადამ ნავალკა (პოლონეთი): "სასტარტო მატჩს ყოველთვის თან ახლავს მღელვარება. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას და ეს შედეგი არის კანონზომიერი. მინდა მეტოქე შევაქო - ისინი ძალიან ძლიერები არიან. კარგად ითამაშეს გუნდის ლიდერებმა, კაპუსტკა კი, უბრალოდ, დიდი ტალანტია. არ ვნანობ, რომ ის ძირითად შემადგენლობაში დავაყენე".

მატჩის გმირი
პოლონეთმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო. ისე მოხდა, რომ ეს ლამაზი ისტორია არკადიუშ მილიკის გოლმა დაწერა. ფეხბურთში გოლი ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს. მით უმეტეს, როცა უდიდესი მნიშვნელობის შეხვედრას ეს ერთადერთი გოლი იგებს. გმირის მანტია ასევე მოუხდებოდათ კუბა ბლაშჩიკოვსკისა და ლუკაშ პიშჩეკს, მაგრამ ჩვენ არჩევანი "აიაქსის" შემტევზე შევაჩერეთ.

თუ ასე გააგრძელა, მილიკს "აიაქსში" დიდხანს არავინ გააჩერებს. ფორვარდი ისედაც მიიჩნევს, რომ ამსტერდამული კლუბი უკვე მისთვის აღარ არის შესაბამისი ასპარეზი. ვინ იცის, როგორ ნანობს "ლევერკუზენი", ასე ნაჩქარევად რომ შეელია ბევრისშემძლე ფორვარდს. ეგაა, ჟიური არ დაგვეთანხმა და საუკეთესო მოთამაშედ გრჟეგოჟ კრიხოვიაკი დაასახელა.

მსაჯი
35 წლის რუმინელმა არბიტრმა ოვიდიუ ჰატეგანმა ნორმალურად იმსაჯა. ეს იყო ისეთი შეხვედრა, სადაც მსაჯს აშკარად გაუმართლა. ჰატეგანს არ მოუწია საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება. ეგაა, კარპატელ მსაჯს რამდენჯერმე უფრო მკაცრი გადაწყვეტილების (ვგულისხმობთ ყვითელი ბარათის ჩვენებას) მართებდა ჩრდილოირლანდიელთა უხეშობისას. ერთ-ერთ შემთხვევაში კი მან აშკარა სიმულაცია ვერ შენიშნა. საქმე ისაა, როგორ გაუძლებს ჰატეგანი სხვა მკაცრ გამოცდებს ამ ევროფორუმზე? მთლიანობაში, საინტერესო მსაჯი ჩანს. ასაკიდან გამომდინარე, კიდევ უნდა მოუმატოს.

დასკვნა
პოლონეთის ნაკრებს შეუძლია ჯგუფური ბარიერის დაძლევა. ეგაა, რობერტ ლევანდოვსკიმ ცოტა უნდა მოუმატოს და ცენტრალურმა ნახევარმცველებმაც ცოტა მეტი უნდა მოსთხოვონ საკუთარ თავს. ადამ ნავალკას გუნდს ცოტა მეტი ფანტაზიაც არ აწყენდა. პოლონელები ძალიან ხშირად მიმართავდნენ ჩაწოდებებს იმ იმედით, რომ ან ლევანდოვსკი ითამაშებდა, ან მილიკი.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ძნელი სათქმელია, რის ხარჯზე უნდა მოუმატოს გუნდმა. რაზეა ლაპარაკი, როცა გუნდის შეტევების უმრავლესობას ამპლუით მცველი, ჯონი ევანსი იწყებს?!

whoscored.com-ის ტოპ-5
კამილ გლიკი პოლ. 7,8
არკადიუშ მილიკი პოლ. 7,6
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი პოლ. 7,4
ჯონი ევანსი ჩ. ირ. 7,4
გჟეგოჟ კრიხოვიაკი პოლ. 7,4

12 ივნისი. ნიცა. "ალიანს რივიერა"
პოლონეთი- ჩრ. ირლანდია 1:0
გოლი: 1:0 მილიკი (51. ბლაშჩიკოვსკი)
პოლონეთი (4-4-2): შჩესნი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი (80. გროსიცკი), კრიხოვიაკი, მონჩინსკი (74. იოდლოვეცი), კაპუსტკა (88. პეშკო) - მილიკი, ლევანდოვსკი
ჩრდილოეთ ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი - მაკლაფლინი, კეტკარტი, ევანსი, მაკკოლი - მაკნეირი (46. დალასი), ნორვუდი, დევისი, ბერდი (76. უორდი), ფერგიუსონი (66. ვაშინგტონი) - ლაფერტი
გაფრთხილება: კაპუსტკა , პიშჩეკი - კეტკარტი
კარში დარტყმა: 7 (4) - 1 (0) კუთხური: 8:1 თამაშგარე: 1:2 ჯარიმა: 9:12 ბურთის ფლობა: 60 - 40
მაყურებელი: 33 742

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული