ევრო 2016. F ჯგუფი. I ტურის წინ: ფიგუს ტოლი რონალდო და ყველაზე პატარა ისლანდია

AutoSharing Option
დღეს ევრო 2016-ზე ჯგუფური ეტაპის I ტური სრულდება. საქმეში ბოლო ჯგუფის ბინადრები ჩაერთვებიან. ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია და მისი ლიდერი კრიშტიანო რონალდო იწყებენ.

14 ივნისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"
ავსტრია-უნგრეთი 20:00
ტრავმა: ლოვრენჩიჩი, კადარი (?) - ორივე უნგრეთი
ავსტრია (სავარაუდო): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, პრიოდლი, ფუხსი - ალაბა, ბაუმგარტლინგერი - ჰარნიკი, იუნუზოვიჩი, არნაუტოვიჩი - იანკო
უნგრეთი (სავარაუდო): კირაი - ფიოლა, გუზმიჩი, ლანგი, კადარი - გერა, ნადი - ჯუჯაკი, კლაინჰაისლერი, ნემეტი - სალაი
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)

ავსტრია და უნგრეთი მხოლოდ მეზობლები არ
არიან, მათი ისტორიები გადაჯაჭვულია, მათ შორის, საფეხბურთო ისტორიებიც. ეს ნაკრებები ერთმანეთს 138-ედ დაუპირისპირდებიან, მაგრამ პირველად მსხვილ ტურნირებზე 1934 წლის მერე! მას მერე 82 წელი გავიდა და მსოფლიო ფეხბურთი ძირფესვიანად შეიცვალა.

დღეისათვის ავსტრიის ნაკრები უნგრეთთან აშკარა ფავორიტია. ურთიერთშეხვედრებში კი უნგრეთი ლიდერობს 66 მოგებით 40-ის წინააღმდეგ. ახლა კი ავსტრიის ნაკრებს ბოლო 9 ოფიციალური შეხვედრა აქვს მოგებული. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდი ჩვენი მეტოქე იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სავარაუდოდ, უნგრელთა კარს დაიცავს გაბორ კირაი, რომელიც ამ შემთხვევაში, გახდება პირველი 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზებს.

მარსელ კოლერი (ავსტრია): "ავსტრიის ნაკრები მზად არის ნამდვილი ბრძოლისთვის. ჩვენ შესანიშნავი მომზადების ეტაპი გავიარეთ და არც ტრავმირებულები გვყავს. რა თქმა უნდა, სანერვიულო წუთები იქნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ რიტმს მალე ვიპოვით და ჩვენსას მივაღწევთ. უნგრეთი კარგია დაცვაში, მაგრამ ამ გუნდს შეტევაც შეუძლია და ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე. დიახ, ვიცი ჩვენი ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია, ეს ნამდვილი დერბია".

ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "ეს ისტორიული მატჩია. სამწუხაროა, რომ გერგიო ლოვრენჩიჩი ვერ ასწრებს მატჩისთვის გამოჯანმრთელებას. იმედი მაქვს, რომ ტამაშ კადარი მაინც შეძლებს თამაშს. დაცვაში ორგანიზებულად ვითამაშებთ, თუმცა ჩვენი მიზანი მოგებაა, ამიტომ უნდა შევუტიოთ".

* * *
14 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
პორტუგალია-ისლანდია 23:00
ტრავმა: კვარეჟმა (?) (პორტუგალია)
პორტუგალია (სავარაუდო): პატრისიო - ვიეირინია, ბ. ალვეში, პეპე, გერეირო - მარიო, დანილო, მოუტინიო, ა. სილვა - ნანი, რონალდო
ისლანდია (სავარაუდო): ჰალდორსონი - სავარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი - სიგტორსონი, ფინბოგასონი
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)

ევრო 2016-ის კიდევ ერთი ფავორიტი პორტუგალია ჩემპიონატის დებიუტანტ ისლანდიას გამოცდის. ამ გუნდების წინა ორი შეხვედრა პორტუგალიამ მოიგო და ახლაც აშკარა ფავორიტია.

კრიშტიანო რონალდო ნაკრებში 127-ედ ითამაშებს და ლუიშ ფიგუს რეკორდს გაიმეორებს.

ისლანდიის მოსახლეობა 330 ათასი ადამიანია. დღეს ისლანდია გახდება ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ფერნანდო სანტოში (პორტუგალია): "ბიჭებს ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება მათთვის ევრო 2016. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა - უნდა მოვიგოთ ყოველი მატჩი. ისლანდიის ნაკრები არ არის მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი გუნდი. ეს გუნდი ძლიერია ტაქტიკურადაც, ის ძალიან ორგანიზებულია. ისლანდიელებმა კარგად იციან როგორც კარის დაცვა, ისე შეტევა. ისინი ხვალ ბევრ თავსატეხს გაგვიჩენენ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ".

ლარს ლაგერბეკი (ისლანდია): "ყველამ იცის, ვინ არის კრიშტიანო რონალდო, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში ლამის მთელი გუნდის წინააღმდეგ თამაშია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, გასაქანი არ მივცეთ პორტუგალიელთა სუპერვარსკვლავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული