ევრო 2016. E ჯგუფი. იტალია-შვედეთის წინ: ზლატანი VS "სკუადრა აძურა"

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე გამარჯება "სკუადრა აძურას" მერვედფინალში გაიყვანს, თუმცა ანტონიო კონტე ამბობს, რომ ბიჭებს პირველმა წარმატებამ თავბრუ არ დაახვია და იტალიის ნაკრები მყარად დგას მიწაზე. ტურინელთა განთქმული კვარტეტი (მეკარიანად) ამჯერად, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უნდა გამოსცადოს გამძლეობაზე.

I ტური ბევრისთვის მოულოდნელად დასრულდა, როცა "სკუადრა აძურამ" ულაპარაკოდ დაამარცხა პირველი კალათიდან მოხვედრილი ფავორიტი ბელგია 2:0. იტალიელებმა გამართულად ითამაშეს დაცვაში და შეტევაშიც იყოჩაღეს. შვედეთის ნაკრები კი ირლანდიასთან მარცხს დაუძვრა - 1:1.

იტალიაში ბევრს ახლაც ახსოვს, რომ ერთხელ ზლატანმა უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა "აძურას" - ევრო 2004-ზე
შვედეთი 1:1 დაუზავდა იტალიის ნაკრებს, გოლი კი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. უფრო ადრე, ევრო 2000-ის ჯგუფურ ეტაპზე იტალიამ 2:1 მოუგო შვედეთს.

ანტონიო კონტე (იტალია): "ვფიქრობ, ისეთი ბიჭები მყავს, რომლებიც ყოველთვის კონცენტრირებულნი და მონდომებულნი არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მოგება ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლიდა. დიახ, ბელგიის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და ევრო 2016-ზე დიდებული სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მერვედფინალის საგზურიც კი არ მოგვიპოვებია, რაც ნაკრების პირველი მიზანია. ჩვენ მყარად ვდგავართ მიწაზე და ილუზიებით არ ვიკვებებით.

ევრო 2016-ზე ყველა მატჩი დაძაბულია. ნახეთ, ალბათ, რომ საფრანგეთმა მეორე გოლი 96-ე წუთზე გაუტანა ალბანეთს, პირველი კი - 90-ეზე. ჩვენ წინ ორი ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია, კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ მათ. დაცვაში მხოლოდ იბრაჰიმოვიჩის "დაჭერა" არ იქნება მთავარი. მათ ჰყავთ გუიდეტი და ფორსბერგი, შეუძლიათ სტანდარტული მდგომარეობებიდან შექმნან ხიფათი, მოკლედ, კარგად გასაანალიზებელი".

ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "მართალია, იტალიის ნაკრებს აღარ ჰყავს დიდი ვარსკვლავები, მაგრამ მათი გუნდი კვლავ ძლიერია. "აძურა" კარგია დაცვაშიც და შეტევაშიც, დიდებულად ითამაშა ამ გუნდმა ბელგიის წინააღმდეგ. მათთან დაპირისპირება ძნელია, მაგრამ ჩვენ ჩვენსას აუცილებლად ვეცდებით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

მთავარია, როგორ ვითამაშებთ გუნდურად და რამდენ შეცდომას დავუშვებთ. ძალიან ეფექტურად უნდა ვითამაშოთ და შანსები გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ბურთის ფლობა იტალიის იქნება, ჩვენ კი ბევრი სირბილი მოგვიწევს. ეჭვი მაქვს, რომ მიკაელ ლუსტიგი ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ შეძლებს თამაშს".

17 ივნისი. ტულუზი. "სტადიუმ დე ტულუზი"
იტალია-შვედეთი 17:00
ტრავმა: ლუსტიგი (შვედეთი)
იტალია (სავარაუდო): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, ფლორენცი, დე როსი, ჯაკერინი, დე შილიო - პელე, ედერი
შვედეთი (სავარაუდო): ისაკსონი - ლინდელიოფი, გრანკვისტი, იოჰანსონი, ოლსონი - ლარსონი, ეკდალი, ჩელსტრიომი, ფორსბერგი - გუიდეტი, იბრაჰიმოვიჩი
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 2-0 3
2. ირლანდია 1 0 1 0 1-1 1
3. შვედეთი 1 0 1 0 1-1 1
4. ბელგია 1 0 0 1 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული