ევრო 2016. D ჯგუფი. II ტურის წინ: ესპანეთი და ესპანეთის მსგავსი

AutoSharing Option
დღეს D ჯგუფში მეორე ტურის მატჩებია, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელიც პირველ ტურში მთლად დამაჯერებელი ვერ იყო, თურქეთის ნაკრებს "ალიანს რივიერაზე" ეთამაშება, ხოლო ხორვატიის ნაკრები, რომელიც ძალზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა პირველ ტურში, ჩეხეთის გუნდს გამოცდის, რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს.

52 წელიწადია, თურქეთის ნაკრებს ვერ დაუმარცხებია "ფურია როხა" და იმ თამაშით, რაც ფათიჰ თერიმის ნაკრებმა ხორვატიასთან აჩვენა, ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტა მას გაუჭირდება. ბოლო გამარჯვება კი თურქებმა 1954 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში იზეიმეს ესპანეთზე - 1:0.

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ძალზე
მნიშვნელოვანია, რომ პირველ ტურში მოგება ვიზეიმეთ. ახლა ამ თამაშისთვის ყოველგვარი სატურნირო ზეწოლის გარეშე ვემზადებით. ამასთან, ველით, რომ თურქეთი ბევრ პრობლემას შეგვიქმნის, მათ ხომ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და მათი გუნდიც ძალიან კარგია. ასე რომ, სიძნელეები, რომელთაც ველით, ლოგიკურიცაა. თურქების სათამაშო სტილი ძალიან კარგად ვიცი, ისინი ბურთს იოლად არ დაგვითმობენ და არც ყრუ დაცვიდან გვეთამაშებიან".

ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "რაც მწვრთნელი ვარ, ერთხელაც არ მითქვამს ჩემი ბიჭებისთვის, რომ დაცვაში გამაგრებულიყვნენ და ყოველი ბურთი შორს მოეგერიებინათ. ასეთი რამ არ იქნება არც ესპანეთთან მატჩში. ესპანეთთან უნდა ითამაშო და შენი სცადო. თუ დაცვაში ჩაიკეტები, აუცილებლად დაგსჯიან. პირველ ტურში არ მომეწონა, როგორ ვითამაშეთ მას მერე, რაც გოლი გავუშვით. ესპანეთთან სულ სხვა თურქეთის ნაკრებს ნახავთ".

* * *
ხორვატთა კაპიტანმა დარიო სრნამ, რომელმაც პირველ ტურში დიდებულად ითამაშა, სამშობლოში მამა დაკრძალა და ისევ დაუბრუნდა ევრო 2016-ს. სრნა იმხელა მნიშვნელობის ფეხბურთელია ხორვატიის ნაკრებისთვის, რომ მას აუცილებლად უნდა ველოდოთ ჩეხეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობაში. სხვათა შორის, ხორვატია და ჩეხეთი ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ხორვატია რაღაცით ესპანეთს ჰგავს, მათ ჰყავთ "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელები. მეტოქე ძალიან ძლიერია, ხოლო ჩვენი ჯგუფი, ალბათ, ყველაზე ძლიერი ჯგუფია ევრო 2016-ზე. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ცვლილებები აუცილებლად იქნება".

ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია): "ჩეხეთი გუნდურად თამაშობს, მათ რიგებში კი ტომაშ როსიცკის გამოვარჩევდი. ყველა ფეხბურთელი, ვინც თურქებთან თამაშობდა, ბრწყინვალე ფორმაშია. ჩეხეთს ქულები სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ ბიჭები ისევე ითამაშებენ, როგორც თურქეთთან".

17 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
ჩეხეთი-ხორვატია 20:00
ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, გებრე სელასიე - დარიდა, პლაშილი - დოჩკალი, როსიცკი, კრეიჩი - ნეციდი
ხორვატია (სავარაუდო): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი - ბადელი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

17 ივნისი. ნიცა. "ალიანს რივიერა"
ესპანეთი-თურქეთი 23:00
ესპანეთი (სავარაუდო): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალაბა - ბუსკეტსი - სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ნოლიტო - მორატა
თურქეთი (სავარაუდო): ვოლკანი - გიოკჰანი, ს. კაია, ჰაკან ბალთა, ერკინი - თოფალი, ინანი, იოზიაკუპი - შენი, ჩალჰანოღლუ, არდა თურანი
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 1 1 0 0 1-0 3
2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3. ჩეხეთი 1 0 0 1 0-1 0
4. თურქეთი 1 0 0 1 0-1 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული