ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდია: ფეხბურთი თავდაყირა დადგა! [VIDEO]

AutoSharing Option
* უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში 115-ედ ითამაშა. ის ამ მაჩვენებლით დევიდ ბექჰემს დაეწია და მხოლოდ პიტერ შილტონს (125) ჩამორჩება.
* უეინ რუნის გოლი 86-ე იყო ამ ტურნირზე და ამით ევროპის ჩემპიონატების რეკორდი მოხსნილია (ევრო 2000-ზე 85 გოლი გავიდა).
* როი ჰოჯსონი მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
* ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ისლანდია 1/4-ფინალში გავიდა.

მერვედფინალის მთავარი მოულოდნელობა, ისლანდიის ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად რომ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, დაუპირისპირდა წყვილის აშკარა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისს.

რა თქმა უნდა, თამაშის დაწყების წინ ბრიტანელთა აქციები
უფრო ძვირად ფასობდა. ინგლისელთა წისქვილზე ისიც ასხამდა წყალს, რომ მათი მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სკანდინავიურ გუნდებში და შესაბამისად, იქაურ ფეხბურთს შესანიშნავად იცნობს. საბოლოოდ, ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა 4-3-3 ტაქტიკური განლაგება აირჩია. სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ჯეიმი ვარდი და ადამ ლალანა. სასტარტო შემადგენლობაში კი გამოჩნდნენ რაჰიმ სტერლინგი, დანიელ სტარიჯი და ჰარი კეინი.

სტარიჯისა და სტერლინგის, ორი უსწრაფესი ფლანგელის მინდორზე გამოყვანა ჰოჯსონის ეშმაკურ ჩანაფიქრად მოჩანდა. მწვრთნელი მიხვდა, რომ ისლანდიელთა ბეტონივით დაცვის გარღვევა მინდვრის ცენტრიდან ურთულესი საქმე იქნებოდა და ეს მისია აქტიურ ფლანგებს უნდა ეკისრათ.

სხვა მხრივ, ჰოჯსონმა აირჩია ის ტაქტიკური სქემა და ენდო იმ შემადგენლობას, რომელსაც ის ამ ბოლო დროს არ ცვლის. ცხადი იყო - ინგლისს უნდა ეთამაშა დომინანტური ფეხბურთი, როგორმე გაერღვია ისლანდიური კედელი.

რაც შეეხება ისლანდიელთა შვედ თავკაცს, ლარს ლაგერბაკს, მან 4-4-2 ტაქტიკური სქემის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ისლანდიელთა მთავარი ამოცანა იმთავითვე ის იყო, რომ გასაქანი არ მიეცათ ინგლისელი შემტევებისათვის.

გოლები
1:0 - ისლანდიელთა მეკარე ჰალდორსონმა საჯარიმოში წააქცია რაჰიმ სტერლინგი.
თერთმეტმეტრიანი გოლად უეინ რუნიმ გარდასახა.

1:1 - არნასონის პასის შემდეგ რაგნარ სიგურდსონი ჯო ჰარტს შანსს არ უტოვებს.

1:2 - კოლბეინ სიგტორსონმა თანაგუნდელი ბიოდვარსონის პასი მიიღო, დაამუშავა ბურთი და გაიტანა. იმ ეპიზოდში, ერთი შეხედვით, მეკარე ჰარტს ინგლისის ხსნა მართებდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
როი ჰოჯსონი (ინგლისი): "ძალიან უკმაყოფილო ვარ. დღეს მე ჩვენი გუნდის თამაშში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახე. აქედან გამომდინარე, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად მივდივარ. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ ინგლისის ნაკრებში. აქამდე გუნდის საშუალო ასაკი 30 წელი იყო, ახლა კი ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მინდოდა, კიდევ ორი წელი დავრჩენილიყავი ინგლისის ნაკრების სათავეში, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ეს დიდებული ბიჭები ვიღაც სხვამ უნდა გაწვრთნას. რაც შეეხება ისლანდიას, ისინი ფანტასტიკურები იყვნენ".

ჰეიმარ ჰალგრიმსონი (ისლანდია): "რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ისლანდია ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ითამაშებსო, ნამდვილად არ დავიჯერებდი. ეს ფანტასტიკაა, რომელიც უნდა დავიჯეროთ. მგონია, რომ ახლა ყველაფერი შეგვიძლია".

მატჩის გმირი
ამ შემთხვევაში ტრადიციას უნდა ვუღალატოთ და მატჩის გმირად არა ისლანდიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი, არამედ მთელი ისლანდიის ნაკრები შევრაცხოთ. მართლაც, ისლანდია იბრძოდა,  როგორც ერთიანი მთელი, როგორც ერთ მუშტად შეკრული ერთობა. ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი პატრიოტი ფეხბურთელები ჰყავს. ციდა ისლანდიის მაგალითი საქართველოსთვის გადამდები უნდა იყოს.

ერთხელაც დამტკიცდა, რომ თუ საკუთარი თავის გჯერა, თუ ფეხზე მყარად დგახარ, თუ შენი ქვეყნის ფეხბურთს შიდა ინტრიგები და შური არ ჭამს, თუ არ გეშინია, კლასით უკეთესი გუნდის წაქცევაც შესაძლებელია. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, სუპერჩემპიონატი გქონდეს. უბრალოდ, ისლანდიელი ფეხბურთელები სათამაშოდ ევროპასა და ბრიტანეთში მიდიან. არა რუსულ საშუალოზე დაბალი გაქანების კლუბებში და იქ მათი მენტალიტეტი სხვანაირად ყალიბდება.

მსაჯი
39 წლის სლოვენიელმა დამირ სკომინამ შესანიშნავად იმსაჯა. თერთმეტმეტრიანი ისლანდიელთა კარში დასანიშნი იყო. რაც შეეხება შემდგომ ეპიზოდებს, სკომინას მნიშვნელოვანი შეცდომა აღარ დაუშვია.

ანალიზი
ისლანდია მეოთხედფინალშია, ინგლისი - სახლში. ეს გადატრიალება თუ არა, გვარიანი რყევა კი არის თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში. პატარა ქვეყნებს სჭირდებათ შანსი. ეს დიდი იმედგაცრუებაა იმათთვის, ვისაც პატარა ნაკრებები თუ გუნდები არაფრად ეპიტნავება.

ეს მესიჯია პატარა საფეხბურთო ქვეყნებისათვის: ყველას შეუძლია, შექმნას თავისი საფეხბურთო ზღაპარი. დაუვიწყარი ზღაპარი, რომელიც იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ის ქვეყანა, რომლის წარმომადგენელმა ფეხბურთელებმაც შექმნეს ის.

ინგლისმა მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. ჭკვიანმა შვედმა ლაგერბაკმა აშკარად მოუგო დუელი როი ჰოჯსონს. ისლანდიამ მინდვრის ყოველი გოჯისათვის ბოლომდე იბრძოლა და სივრცეები მოუსპო ინგლისს.

ჰოჯსონმა თავისი ფეხბურთელების შემოქმედებითი ნიჭი ვერ გამოიყენა. ის შტერი არაა, მაგრამ იმაზე მეტი კი არის, რაც გუშინ ვიხილეთ. ფეხბურთელები შებოჭილები იყვნენ, თითქოს ეშინოდათ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებისა.

გამონაკლისი იყო მარკუს რაშფორდი, ვინც ძალიან ცოტა ითამაშა, მაგრამ საუკეთესო გახლდათ ინგლისელთა შორის. როგორ აკლდა ინგლისს სხვა შემტევების დრიბლინგები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები.

ტურნირი აშკარად ჩააგდო როი ჰოჯსონმა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ვარდის უგულებელყოფა მაშინ, როცა ჰარი კეინს საფრანგეთში თამაში არ წაუვიდა. ისმის კითხვა, რატომ არ წაიყვანა ჰოჯსონმა ევროფორუმზე "ლესტერის" ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი დრინკვოტერი, ან სად იყო ცენტრალური მცველი სტოუნსი, როცა ინგლისს დაცვის ცენტრში უამრავი პრობლემა ჰქონდა?

მაშ ასე, ინგლისი სახლში წავიდა. მოხდა ის, რაც ყველა ტურნირზე ხდება ხოლმე. ეგაა, ისლანდიასთან მარცხს ინგლისში საერთო-ეროვნულ ტრაგედიად მიიღებენ.

დასკვნა
ინგლისის ნაკრების წარუმატებლობამ ერთხელაც უნდა დააფიქროს ამ ქვეყნის საფეხბურთო მამები. ყველას მოგვწონს პრემიერლიგაში ლეგიონერების ჩაუქობა, მაგრამ სად არიან ინგლისელი ვარსკვლავები? ალი, დაიერი, კეინი და სხვები ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ არა იმ გაქანების ვარსკვლავები, რომ დიდი ტურნირები მოიგონ.

whoscored.com-ის ტოპ-5
რაგნარ სიგურდსონი ისლ. 8,9
კოლბეინ სიგტორსონი ისლ. 7,9
კარი არნასონი ისლ. 7,7
კრის სმოლინგი ინგ. 7,5
ჰარი კეინი ინგ. 7,4

27 ივნისი. ნიცა. "ალიანზ რივიერა"
ინგლისი - ისლანდია 1:2
გოლები: 1:0 რუნი (4,პენ), 1:1 რ. სიგურდსონი (6. არნასონი), 1:2 სიგტორსონი (18. ბიოდვარსონი)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი - ალი, დაიერი (46. უილშირი), რუნი (86. რაშფორდი) - სტარიჯი, კეინი, სტერლინგი (60. ვარდი)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბ. ბიარნასონი - სიგტორსონი (ე. ბიარნასონი), ბიოდვარსონი (89. ტაუსლასონი)
გაფრთხილება: სტარიჯი - გ. სიგურდსონი, გუნარსონი
კარში დარტყმა: 9(5)-3(5); კუთხური: 7-2; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 33 901

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ინგლისელებს მართლა სჭირებიათ Brexit-ი. გასუფთავდება პრემიერ-ლიგა ზოგიერთი ფულზე დახარბებული ევროკავშირელი ნაგვისგან და ფართო გზა მიეცემათ "ზაპასში" მჯდომ ნიჭიერ, გენეტიკურად მებრძოლ ბრიტანელ ბიჭებს. ჰოჯსონმა დრინკუოტერი და ოლბრაიტონი დატოვა, მილნერი საერთოდ არ ათამაშა, ვარდის ნახევრად ახეხინა სკამი, როცა სტერლინგს და დიდად გაპიარებულ ალლის შაურის არაფერი გაუკეთებიათ. იგივე ბებერი ლომი დელ ბოსკე, ტორესს კაცი დატოებდა მისი გამოცდილებით, თანაც მაგარ ფორმაში იყო წელს, ან ხორვატიასთან ვერ დაასვენა ბარსელონას,რეალის ფეხბურთელები, რომლებსაც მძიმე სეზონი ჰქონდათ. კაროჩე, ყველაფერს წყვეტს ფარა, ანუ მაყვალა, ანუ მისი უდიდებულესობა ფული!!!
ქუთაისელი
15:40 28-06-2016
0
ისლანდია სამაგალითო ქვეყანაა არამარტო ცხოვრების წესით, არამედ როგორც ვხედავთ
ფეხბურთითაც. მივბაძოთ მათ. ყოჩაღ ისლანდიელებო! თქვენი გულშემატკივარი ვარ!
ზაური
15:37 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული