ევრო 2016: ვინ სურთ ესპანელებს ნაკრების მწვრთნელად

AutoSharing Option
ევრო 2016-ის მერვედფინალში იტალიასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ ევროპას 8-წლიანი პერიოდის მერე ახალი ჩემპიონი ეყოლება, ხოლო ესპანეთის ნაკრებს - ახალი თავკაცი.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ფურია როხას" 0:2 მარცხს "სტად დე ფრანსზე" მეტად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ესპანურ მედიაში. "მარკამ" პირველ გვერდზე ევროპაში ესპანელთა ბატონობის წლები ისე ასახა, როგორც დაბადების და გარდაცვალების წლები. ესპანური პრესა დაჟინებით მოითხოვს ვისენტე დელ ბოსკეს გადადგომას, რაც ალბათ, ასეც მოხდება.

"ელ მუნდო დეპორტივომ" ყდაზე "ლა როხას" ნაცვლად გამოიტანა - "ლა ფლოხა" (ესპანურად "უსუსური"). მადრიდული AS კი წერს, რომ
ამ წაგებით მთელი ერა დასრულდა ესპანურ ფეხბურთში.

ეს გამოცემა პირდაპირ მოითხოვს დელ ბოსკეს წასვლას. "წასვლის დროა, დელ ბოსკე - სათადარიგოთა სკამზე ხოაკინ კაპაროსი ხურდება", - წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ვისენტე დელ ბოსკემ ლუის არაგონესი მას მერე შეცვალა, რაც ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2008 მოიგო. მარკიზის ხელში ესპანეთი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2010) და 2012-ში შეინარჩუნა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ამას მოჰყვა ძალზე წარუმატებელი მუნდიალი ბრაზილიაში (2014), როცა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა. ახლა კი დელ ბოსკეს კრებულმა ევროტიტულიც დათმო, ამჯერად, მერვედფინალურ ეტაპზე.

უკვე ღიად განიხილავენ 65 წლის დელ ბოსკეს სავარაუდო შემცვლელებს. ხოაკინ კაპაროსი ფავორიტია, თუმცა განიხილება მიჩელისა და ხულიენ ლოპეტეგის კანდიდატურებიც.

"ეს წაგება ეპიტაფიაა დელ ბოსკეს ერთ დროს დიდებული გუნდისა. ყველაფერი იტალიით დაიწყო და იტალიითვე დასრულდა", - წერს "ელ მუნდო".

"მარკას" მოწინავე ფრაზა ასეთია: "ჩვენ აღარ ვართ საუკეთესოები. 2008-16 - ეს იყო დაუვიწყარი, მაგრამ დასრულდა". "მარკამ" მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი დავიდ დე ხეა გამოარჩია, რომელსაც 10-ბალიანი სისტემით 7 დაუწერა, 6-6 მხოლოდ შეცვლაზე შესულებმა, ლუკას ვასკესმა და არიც ადურისმა მიიღეს. დე ხეამ იტალიასთან 4 დიდებული "სეივი" გააკეთა.

სერხიო რამოსი აღშფოთებულია: "30 წლის კი არა, სხვა გუნდებში 35 წლის ფეხბურთელები თამაშობენ ბრწყინვალედ. ასე რომ, ასაკი არაფერ შუაშია. ჩვენს სფეროში წარუმატებლობები ხდება ხოლმე და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ჩვენთან ზოგს ძალიან უხარია წარუმატებლობა. კრიტიკაზე ადვილი კი არაფერი არ არის".

ხალხს სურს პაკო!
"მარკამ" მკითხველთა გამოკითხვაც მოაწყო, ფანების 94% (60,8 ათასი ფანი) ერთ აზრზეა - დელ ბოსკე უნდა წავიდეს! აი, ვინ უნდა შეცვალოს მარკიზი "როხას" თავკაცის პოსტზე? ამაში ხმები გაიყო, 28%-ს "გრანადას" თავკაცი პაკო ხემესი სურს. შემდეგ მოდის ერნესტო ვალვერდე - 15%, მარსელინო - 11% და მხოლოდ შემდეგ, ხოაკინ კაპაროსი, ყველაზე რეალური კანდიდატი - 11%. ლოპეტეგისა და მიჩელზე მეტი გულშემატკივარი კი თვით ანტონიო კამაჩოს ჰყავს.

სოციალურ მედიაში იკერ კასილიასმა ირიბად მიანიშნა, რომ ნაკრებიდან მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პეპი იმის ჩიტი არაა ამ ასაკში ნაკრებში იმუშაოს. თან სიტიში 3-4 სეზონი მაინც დარჩება. მარტო გვარდიოლას რო ხედავთ, უნაი ემერი არავის მოგწონთ? ეგეც ახალგაზრდაა მარა ეგ თუ შთაბერავს სულს ესპანეთს და გადაახალისებს. თორე ჯდომით და ულვაშების თამაშით საქმე არ კეთდება. კონტემ უფრო მეტი იმოძრავა ვიდრე ფაბრეგასმა და სილვამ ერთად. ენერგიული მწვრთნელია საჭირო.
ჰაჰ
12:09 30-06-2016
0
N1კანდიდატურა რა თქმა უნდა ხოსეპ გუარდიოლა უნდა იყოს
თენგიზი
11:06 30-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული