ევრო 2016. წილისყრა: ევროწილი ნაყარია - მწვრთნელების რეაქციები

AutoSharing Option
* ევროპის ჩემპიონატი სენ-დენიში 10 ივნისს გაიხსნება - საფრანგეთი-რუმინეთის მატჩით.

* ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაგებად ბრძოლის დაწყება ჩეხეთთან, თურქეთთან და ხორვატიასთან თამაშებით მოუწევს.

* მერვედფინალში გადის ექვსი ჯგუფის საუკეთესო ორ-ორი გუნდი და კიდევ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

* დღეს ონლაინ-გაყიდვაში საფრანგეთი 2016-ის 800 ათასი ბილეთი გამოდის.

* ფინალი 10 ივლისს სენ-დენიში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.

მაშ ასე, ევროწილი ნაყარია - შაბათს პარიზში უეფას მიერ გამართულმა წილისყრამ ასეთი შედეგი მოგვიტანა:

A ჯგუფი: საფრანგეთი, რუმინეთი, ალბანეთი, შვეიცარია
B ჯგუფი: ინგლისი,
რუსეთი, უელსი, სლოვაკეთი
C ჯგუფი: გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, ჩრ. ირლანდია
D ჯგუფი: ესპანეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია
E ჯგუფი: ბელგია, იტალია, ირლანდია, შვედეთი
F ჯგუფი: პორტუგალია, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი

ჩვენი აზრით, D და E ჯგუფები საკმაოდ საინტერესოა, ხოლო F ჯგუფი, ალბათ, ყველაზე სუსტია. აღსანიშნავია ინგლისისა და უელსის ერთ ჯგუფში მოხვედრა, ორივე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია და ისინი ერთმანეთს 101-ჯერ შეხვედრიან. აქედან, ინგლისელებმა 66 მატჩი მოიგეს, უელსელებმა მხოლოდ - 14. პოლონეთი და გერმანია ისევ ერთად მოხვდნენ, როგორც შესარჩევ ჯგუფში (სადაც მათი მეტოქე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იყო).

ყოველ ჯგუფში გამარჯვებულები პლეი ოფში მესამეადგილოსან გუნდებს შეხვდებიან, გამონაკლისი ორია - E ჯგუფის გამარჯვებული D ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება; ხოლო F ჯგუფის გამარჯვებული - E ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდს, რაც D და E ჯგუფების სიძლიერეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

რეაქციები
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ჩვენ მოვხვდით ორ ნაკრებთან, რომლებმაც ჯგუფში ჩატოვეს ჰოლანდიის ნაკრები. ასევე ჩვენი მეტოქეა ძლიერი ხორვატია, რომელიც, ჩემი აზრით, ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იქნება. ძალიან ბევრი ხორვატი თამაშობს საზღვარგარეთ და ერთად ამ ბიჭებს დიდი ძალა აქვთ. წინა ევროზე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა მათი დამარცხება. ჩვენ საფრანგეთში ერთი მიზნით მივდივართ - ზედიზედ მესამედ მოვიგოთ ჩემპიონატი. ეს იქნება ნამდვილი ფანტასტიკა ესპანური ფეხბურთისთვის. ასეთი წარმატებისთვის ჯერ არავის მიუღწევია, ჩვენ კი შევეცდებით. ვიცით, რომ ამ გზაზე საოცარი გუნდების დამარცხება მოგვიწევს".

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "პირველივე თამაშიდან დიდი კონცენტრაციით გავალთ მოედანზე. ვიცით, რა გუნდია პოლონეთი, მაგრამ უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ თამაშიც არ იქნება იოლი. ჩვენ ფავორიტები ვართ და ჯგუფის მოგება გვსურს. გერმანიის ნაკრებზე ყოველთვის დიდი ზეწოლაა დიდ ტურნირებზე, კენჭისყრას ეს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა. გერმანიის ნაკრები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასეთ ტურნირებში. ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება, ჩვენ მოვიგეთ მუნდიალი, მაგრამ მეტი გვსურს".

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ორ მეტოქეს. ალბანეთს ახლახან ვეთამაშეთ და ვერ ვაჯობეთ, შვეიცარიას კი მუნდიალზე შევხვდით. მაგრამ იმათაც ყველაფერი იციან ჩვენ შესახებ. რუმინეთი უფრო გამოცანაა, მათ საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავდათ საკვალიფიკაციო ეტაპზე - სულ ორი გოლი გაუშვეს 10 თამაშში. დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატის გახსნა, რუმინეთთან მატჩი გადამწყვეტი იქნება".

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "კრის კოულმენის უელსმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რუსეთი და სლოვაკეთიც საინტერესო გუნდებია. აქამდე მათთან შეხება არ მქონია. ივნისამდე ბევრი დროა და კარგად შევისწავლით მათ. უელსი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც დიდებული ხერხემალი ჰყავს - ეშლი უილიამსი, აარონ რემზი და გარეთ ბეილი - ტოპ-კლასის ფეხბურთელები".

ანტონიო კონტე (იტალია): "ძალიან საინტერესო ჯგუფია. ბელგია ბრწყინვალე გუნდია, თუმცა ჩვენც ფავორიტები ვართ შემდეგ ეტაპზე გასვლის. ბელგიელებს ბევრი ტოპ-ფეხბურთელი ჰყავთ, რომელი ერთი ჩამოვთვალო: აზარი, ლუკაკუ, დე ბრუინი, ნაინგოლანი... შვედებს ჰყავთ ერთი, მაგრამ როგორი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ირლანდია კი ემოციურად დიდი შემართებით თამაშობს. მოკლედ, ძალიან სახიფათო ჯგუფია. უნდა ბევრი ვიშრომოთ, რომ ევრო 2016-ს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ".

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია): "არ მჯერა ძნელი და იოლი ჯგუფების. რისიც მჯერა, ეს მუხლჩაუხრელი შრომაა. მთავარი იყო, გაგვეგო, ვის ვხვდებით, რომ დავიწყოთ მეტოქეების ანალიზი, მათი შესწავლა. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ოპონენტებს და მოვნახოთ გზები მათ დასამარცხებლად".

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "სიკვდილის ჯგუფი? არა მგონია - უბრალოდ, ეს არის რთული ქვეჯგუფი, სადაც ორ მეტოქესთან შედარებით ფავორიტები ვართ, ირლანდია და შვედეთი, წესით, უნდა დავამარცხოთ. ყველაზე რთული მატჩი პირველი იქნება ანტონიო კონტეს გუნდის წინააღმდეგ. არ გაგვიხარდა იტალიასთან შეხვედრა და მგონია, რომ არც მათ გაუხარდათ, რომ ბელგიას შეხვდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული