ევრო 2016. პორტუგალიის ამბიცია: არც მეტი, არც ნაკლები, ჩემპიონობა!

AutoSharing Option
გუშინ შემოგთავაზეთ პორტუგალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ევრო 2016-ზე. ფერნანდო სანტუში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების მწვრთნელთაგან ერთ-ერთი პირველია, ვინც ყველაფერი უკვე გაარკვია, შემადგენლობა ჩამოაყალიბა და ახლა სულ სხვა საფიქრალი აქვს.

აღმოჩნდა, რომ იბერიელებს არც ამბიციის ნაკლებობა აწუხებთ - ისინი ჩემპიონობას უმიზნებენ.

რატომაც არა - შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია და გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს ლიდერად - კრიშტიანო რონალდო.

მართალია, სანტუში ამბობს, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადახედოს შემადგენლობას, მაგრამ თუ ვინმემ ტრავმა არ მიიღო, ძნელად წარმოგვიდგენია, მწვრთნელმა უკვე ოფიციალურად გამოცხადებული შემადგენლობა
შეცვალოს:

"ეს შემადგენლობა ჯერ არ არის საბოლოო. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო 30 მაისამდე და თუ დაგვჭირდა, ფეხბურთელებს შევცვლით კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანო რონალდო იდეალურ ფორმაშია, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად.

ახლა რონალდო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ევროპის ჩემპიონატების მატჩებისას ნაკრებისთვის 100 პროცენტით დაიხარჯება. ნაკრებს ფეხბურთის თავისი გაგება აქვს, სადაც არ არის ადგილი უმოძრაო ფეხბურთელებისთვის. მე მიყვარს მობილური ფეხბურთი.

ასე რომ, მთავარია მოძრაობა და რომელიმე სქემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თუმცა შორიდან ეს ყველაფერი უფრო 4-4-2 განლაგებას ემგვანება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვწევს ძალა, მოვიგოთ ევროპის ჩემპიონატი.

გუნდს საამისოდ საკმაო კლასი აქვს. მე არ მესახება ევრო 2016-ის მონაწილე ნაკრები, რომელთან მოგებაც ჩვენ არ შეგვიძლია. მაშ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ მაქსიმუმზე? ვიფიქრებთ", - განუცხადა უეფას ვებსაიტს ფერნანდო სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ისლანდიის (14 ივნისს), ავსტრიისა (18 ივნისს) და უნგრეთის (22 ივნისს) ნაკრებები იქნებიან. ვერ ვიტყვით, რომ ტურნირზე ყველაზე რთული ჯგუფია...

მაისი რენატოს თვეა
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, ალბათ, თქვენი ყურადღება მიიქცია რენატო სანჩესმა. 18 წლის ნახევარმცველს დიდებული თვე აქვს. სულ ახლახან გაირკვა, რომ თინეიჯერი ახალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს.

რენატოს აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია ეროვნულ გუნდში და ეს მარტში მოხდა. ის შესაძლოა, ვერც მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატზე, რომ არა ფერნანდო სანტუშის საკადრო პრობლემები - გუნდს ბოლო მომენტში დააკლდა "მონაკოს" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა; მიგელ დანი დიდი ხანია, გადაწყვეტილია, რომ ევრო 2016-ზე არ იქნება.

გუნდს კონტინენტის მთავარ ტურნირზე ფაბიო კოენტრაოც დააკლდება. სანტუშმა გადაწყვიტა, არ გაერისკა და ნაკრებში არ დაუძახა ახლახან გამოჯანმრთელებულ ტიაგო მენდეშს. მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს მძიმე ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და ფორმაში არ არის.

კოენტრაოს არყოფნამ გზა გაუხსნა ნაკრებში "ლორიანის" მარცხენა მცველ რაფაელ გერეიროს. სწორედ ის გაუწევს ამ პოზიციაზე გამოცდილ ელიზეუს კონკურენციას. პორტუგალიის შემადგენლობა ძლიერია, მაგრამ, როგორც ხედავთ, საკადრო პრობლემების გამო ამ გუნდმაც მნიშვნელოვნად იზარალა. საკამათოდ ჩანს მწვრთნელის გადაწყვეტილება "ვალენსიის" უნივერსალის, კანსელოს შინ დატოვებაზე.

დანი დანის ქვეშ
ამასობაში მიგელ დანიმ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რომლის გამოც მას ერთი წელი დასვენება მოუწევს. "ზენიტის" ფეხბურთელმა მუხლის იოგები აპრილში გაიწყვიტა.

"როგორც ჩანს, კიდევ ერთი წელიწადი ვერ ვითამაშებ ფეხბურთს. ამის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრებს უჩემოდაც შეუძლია ევროპის ჩემპიონობის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საამისო ყველა პირობა გვაქვს", - განაცხადა დანიმ ოპერაციის შემდეგ.

კარვალიოს მეხუთე დიდი ტურნირი
ბუნებრივია, პორტუგალიელთა ამბიციების მთავარი წყარო კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც ნაკრების მაისურით 56 გოლი გაიტანა. ის მოგვიანებით შეუერთდება ნაკრებს, მანამდე კი სხვა საფიქრალი აქვს - 28 მაისის ლიგის ფინალი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

"პორტუს", "ჩელსისა" და "რეალის" ყოფილი მცველის, 37 წლის რიკარდო კარვალიოსთვის ეს მეხუთე დიდი ტურნირი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ ითამაშა ვერც ევრო 2012-ზე და ვერც 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიაში. ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლისაბონის "სპორტინგს" ჰყავს - 4.

პორტუგალიის ნაკრები
მეკარეები: ანტონი ლოპეში (ლიონი), ედუარდო (დინამო ზ.), რუი პატრისიო (სპორტინგი)
მცველები: ბ. ალვეში (ფენერბაჰჩე), სედრიკი, ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი), პერეირა დანილო (პორტუ), ელიზეუ (ბენფიკა), პეპე (რეალი), რაფაელ გერეირო (ლორიანი), რიკარდო კარვალიო (მონაკო)
ნახევარმცველები: ადრიენ სილვა, ჟოაო მარიო, უილიამ კარვალიო (სპორტინგი), ანდრე გომეში (ვალენსია), ჟოაო მოუტინიო (მონაკო), ნანი (ფენერბაჰჩე), რენატო სანჩესი (ბაიერნი), რიკარდო კვარეჟმა (ბეშიქთაში), ვიეირინია (ვოლფსბურგი)
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ედერი (სუონსი), რაფა (ოლივეირენშე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
პორტუგალია ჯგუფიდან მაინც თუ გააღწევს :D
Akaki
12:09 19-05-2016
0
გერმანიაა მაგათი წამალი
уффф
12:19 19-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული