U21. საქართველო VS ფარერები - მიზეზები არ გვინდა, მხოლოდ რევანში გვჭირდება!

AutoSharing Option
დღეს, 23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევის ფარგლებში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე, ფარერელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია განახორციელებს.

ეს ამ ორი ნაკრების განმეორებითი შეხვედრაა. წინა მატჩს ბევრი საუბარიც არ უნდა, დასკვნა ორი სიტყვისგან შედგება - 1:3 წავაგეთ!

საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, მას გია ცეცაძე მოძღვრავს და ის 21-წლამდელთა ნაკრებს პირველ ოფიციალურ მატჩში დღეს გაუძღვება.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება თურქეთში გაიარა, გია ცეცაძის დამოძღვრილებმა ერთი მატჩიც გამართეს და აზერბაიჯანელ თანატოლებს 1:1
დაუზავდნენ.

ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში მეოთხე ადგილზე 4 ქულით იმყოფება, ხოლო ფარერების კუნძულები მესამე ადგილზეა 5 ქულით. პირველ ორ ადგილს დანია და პოლონეთი ინაწილებენ, 12 და 11 ქულით.

ქართველ 21-წლამდელებს ჯგუფიდან გასასვლელად თეორიული შანსები დარჩათ. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წინ მყოფი გუნდი აურევს და ჩვენი ნაკრები თამაშს თამაშზე მოიგებს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს არასდროს უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე და 20 წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მიღწეული მე-2 ადგილი დღემდე სანატრელია, თუმცა მაშინ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე მყოფი ინგლისი გავიდა.

წინა შეხვედრაში ფარერებთან 4 გოლი გავიდა და ჩვენი გოლიც მეტოქის ავტოგოლით გავიდა. თუ უეფას ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, ამ მატჩში ჩვენმა ახალგაზრდებმა კარისკენ 22-ჯერ დაარტყეს და მხოლოდ ერთხელ ზუსტად, როცა მეტოქემ ექვსჯერ დაარტყა, სამჯერ ზუსტად და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ 9 კუთხური ვერ გამოვიყენეთ, როცა მეტოქეს მხოლოდ ერთხელ მიეცა ამის საშუალება.

ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, როცა უტევ და გოლის გატანა არ გამოგდის. თუმცა უკვე აღვნიშნეთ, რომ გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს და ურდულს გასაღები შეიძლება ცეცაძემ მაინც მოარგოს.

21-წლამდელთა ნაკრებს ვერ დაეხმარება ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად იასპარეზებს ლიტვასთან ახალგაზრდულ მატჩში.

რაც მთავარია, ეს მომავალი თაობაა. ამ თაობისთვის ზურგის შექცევა არ გამოვა და რაც მეტი ადამიანი მივა გორში სტადიონზე, მით უფრო შევძლებთ ნაკრებს აღზრდაში დავეხმაროთ.

დაბოლოს! რევანში გვინდა! მიზეზები და გასამართლებელი საბუთები არ გვჭირდება!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი),
ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე (რუსთავი).
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაახარეთ ქართველი გულშემატკივარი და აგვიხდინეთ საფეხბურთო ოცნება. წინ ლომებო!
წინ ლომებო!
13:03 23-03-2018
5
ეს თამაში დაწყებამდე უნდა მოვიგოთ ისეთი შემადგენლობა გვყავს, ყველა ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ძირითადის წევრია და პირველ ნაკრებში თამაშის ამბიცია ვისაც აქვს აქ უნდა დაამტკიცოს რომ ახალგაზრდულისთვის გადაიზარდა და მერე დაუძახებენ პირველ ნაკრებში. წარმატებები და 5 ბურთიანი სხვაობით მოგება გვინდა რომ დანია შეშინდეს 27 ში თამაშზე აფორიაქებულები და უკვე დამარცხებულები რომ გამოვიდნენ მინდორზე.
roma
13:54 23-03-2018
3

სიახლეები პოპულარული