ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

მოსაზრება: არ გაუშვათ გია ცეცაძე, დაამატეთ სოსო ფრუიძე!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევის ბოლომდე, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ არის დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, სლოვაკეთთან 21-წლამდელთა ევროშესარჩევის გასვლითი მატჩის დასასრულს,  გიორგი კუცია აუტის მოსაწოდებლად ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა პაველ კამეშმა უკნიდან ხელი ჰკრა და ფეხი გამოსდო. ეს ცეცაძემ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა. შედეგად, მსაჯმა ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

21-წლამდელთა ნაკრებს არაერთხელ ჰყავდა ძალიან ძლიერი შემადგენლობა, თუმცა ვერასდროს აღწევდა შედეგს.

გია ცეცაძის ხელში
გუნდმა აჩვენა, რომ არცერთ "ბობოლა" მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნება ცეცაძის გადადგომა, რადგან ამ ვითარებაში ახალგაზრდული ნაკრები უმწვრთნელოდ დაიჩაგრება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გია ცეცაძე "საბურთალოს" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატურაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ ის სამწვრთნელო შტაბში კონსულტანტის სახით დარჩება.

ვინ უნდა შეცვალოს ცეცაძე?

არ შეიძლება რისკი და ისეთი მწვრთნელისთვის გუნდის ჩაბარება, რომელსაც ჯერ არაფერი არ აქვს დამტკიცებული. ამავდროულად, რთულია უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანაც, რადგან სანამ ის და ნაკრები ერთმანეთთან ადაპტირდებიან, შეიძლება ამ ხუთმა მატჩმაც ჩაიაროს.

საქართველოს ჩემპიონატში გვყავს მწვრთნელი, რომელიც ფედერაციისგან შანსს იმსახურებს. ეს სოსო ფრუიძეა.

საჩხერის "ჩიხურას" მწვრთნელთან ბევრ ახალგაზრდას უთამაშია და ის საფეხბურთო თვალსაზრისით გარდაქმნილა. იგივე ამ ნაკრების წევრი ირაკლი ბუღრიძე, რომელიც სწორედ ფრუიძის ხელში ათამაშდა. 62 წლის მწვრთნელს ფეხბურთელებთან მუშაობის თავისი სპეციფიკა აქვს, რაც წლების განმავლობაში სუსტ "ჩიხურას" სხვადასხვა რამის მიღწევის საშუალებას აძლევდა. მას ძალიან კარგად შეუძლია გუნდის მოტივირება და ფეხბურთელებში გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობის შექმნა.

ამავდროულად, ფრუიძე ქართველ მწვრთნელებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსია, რაც "ჩიხურას" ევროტურნირებზე ყოველთვის გამოარჩევდა, ეს მეტოქის შესაბამისად შერჩეული ტაქტიკა იყო. იმ ფონზე, როცა გვსურს, საფრანგეთს და შვეიცარიას ტოლ-სწორად ვეთამაშოთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

გია ცეცაძე დარჩეს სამწვრთნელო შტაბში და ნაკრები გააძლიერეთ სოსო ფრუიძით...

ასევე დაგაინტერესებთ