U21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

AutoSharing Option
შაბათს, 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებები ნახევარფინალისტს გაარკვევენ. ემოციები ცოტათი დაცხრა და ახლა კიდევ უფრო სასიამოვნოა იმის გააზრება, ქართველმა 21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი რომ დაძლიეს. რამაზ სვანაძის გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გადატვირთულია, თუმცა, ამავდროულად, მათ ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილი აქვთ, დასახული მინიმალური მიზანი შეასრულეს, ეს კი ზოგჯერ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამ გზაზე პირველი მეტოქე ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებია. პლეი-ოფის ეტაპზე არც მათ ელოდნენ და ამ მხრივ, სიტუაცია მსგავსია. გაი ლუზონის ფეხბურთელებმა მოქმედ ჩემპიონ გერმანიის კრიზისით კარგად
ისარგებლეს. "უმცროსმა ჯვაროსნებმა" წარმატებას, ძირითადად, მეტოქისთვის ინიციატივის დათმობითა და მეორე ნომრად თამაშით მიაღწიეს. მათ დაპირისპირება ფავორიტებთან უწევდათ, ისრაელის ნაკრები კი თავადაა უპირველესად დაცვის გაძლიერებაზე მოფიქრალი გუნდი, თამაშობს 5 უკანახაზელით და მეტოქის შეცდომებს ელოდება. ჩვენ მომავალ მოწინააღმდეგეებს ჩეხებთან აუცილებლად მოსაგები რომ ჰქონდათ, გარისკეს, შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს. შეგვიძლია ქართველების ბელგიასთან დაპირისპირების მეორე ტაიმზეც ვთქვათ, სადაც ჩვენმა გუნდმა წარმატებას იერიშებშიც მიაღწია. ამაში ემოციური მუხტისა და გულშემატკივრების როლიც დიდი იყო. მწვრთნელთა გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება, რომელი ეცდება ნაცად გზას გადაუხვიოს, ინიციატივას დაეუფლოს და იქნებ ამით გამარჯვებისკენ წავიდეს, ანაც მეტოქემ ისარგებლოს. იმ მატჩებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, პლეი-ოფის ჩატარება იქნებ სხვა სტილის გუნდთან უფრო სასურველი იყო. შესაძლოა, ნიდერლანდები ან პორტუგალია უფრო ჟღერადია, თუმცა ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია დაამარცხა. ბრაზილიელთა კარში გოლის ავტორი, 18 წლის ანან ხალაილი, ახლა 21-წლამდელთა ნაკრებშია.

Sportall.Ge

ევროპირველობის მატჩებთან ერთად, რამაზ სვანაძეს მეტოქისთვის მოსამზადებლად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული მატჩიც აქვს, როცა ჩვენი გუნდი მათთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) დამარცხდა. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა დროის მოკლე მონაკვეთში 2 სტანდარტული მდგომარეობა გოლად აქციეს და გვაფიქრებინებს, ამ კომპონენტში ახლაც ძლიერი უნდა იყვნენ, რადგან შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა. ხსენებულ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბოლოს კი გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს. ჩვენგან ერთადერთი გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა, რომელიც ახლაც გუნდშია, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

Sportall.Ge

სასტარტო შემადგენლობაზე რადიკალური საუბარი გაგვიჭირდება. ყველაზე უკეთ სამწვრთნელო შტაბმა იცის, ვინ რა ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ვინ არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. მაინც ვივარაუდებთ, რომ საბა ხვადაგიანი მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდება, გიორგი გოჩოლეიშვილი კი შეტევაში ითამაშებს. სასტარტოში ლუკა გაგნიძეც უნდა ვნახოთ. გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამიდან უფრო აქტიური ჩანს. გიორგი გაგუამ წინა მატჩებში ბევრი იბრძოლა, არაერთი დუელი მოიგო, გიორგი გულიაშვილის მის ნაცვლად ფორვარდად მოაზრება და შეტევის ახლებურად წარმართვა იქნებ ის მოულოდნელი ნაბიჯი იყოს, რომელიც გაამართლებს. როცა გაგუა ნიდერლანდელებთან ბურთს იღებდა, მასთან ახლოს თანაგუნდელები არ ჩნდებოდნენ, რადგან ჩვენი გუნდი საკმაოდ უკან იყო დაწეული. ახლა განსხვავებული სიტუაცია უნდა იყოს, ისე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ზემოთ ხსენებული ხორხელისა და მესამე მეკარე ყალიჩავას გარდა, კიდევ ორი ფეხბურთელია, რომელთაც ჩემპიონატზე ჯერ ერთი წუთიც არ უასპარეზიათ - "საბურთალოს" მცველები, ცოტნე კაპანაძე და ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებს გორში გამარჯვების შემდეგ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ჩეხეთთან შეწყდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოწინააღმდეგის მონაწილეობით არცერთ მატჩში ერთ გუნდს 3 გოლი არ გაუტანია, რაც მათ სათამაშო ფილოსოფიაზე ბევრს გვეუბნება. დაცვით ფაზაში სვანაძის გუნდიც გამორჩეულია, აუგს ვერავისზე იტყვი, ხოლო რაც შეეხება ბურთის კონტროლს, შეტევებში მრავალფეროვნებასა და გოლების უფრო გუნდური მექანიზმით გატანას, ვნახოთ, ეს ახლა როგორ გამოგვივა. ზურიკო დავითაშვილის შედევრი თვალებიდან ისევ არ ამოგვდის, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს.

Sportall.Ge

ფორმატის შესახებაც გეტყვით. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი მეტოქე შესაძლია, ისევ პორტუგალიის ნაკრები იყოს, ანაც ინგლისის. რაც შეეხება ბადის მეორე (რუმინეთის) მხარეს, თუ აქეთ გერმანელები დაგვემშვიდობნენ, იქ ჯგუფური ეტაპი იტალიელებმა ვერ გადალახეს. ესპანეთი - შვეიცარიასთან, საფრანგეთი კი უკრაინასთან ფავორიტად ითვლება, თუმცა, დაველოდოთ. თუკი ნახევარფინალში როგორც ინგლისელები, ასევე ფრანგები გავლენ, 2024 წლის ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება; თუ ფინალში გადასასვლელ მატჩში ვერცერთს ვიხილავთ, მაშინ ოლიმპიადის საგზურისთვის ნახევარფინალში დამარცხებულები იბრძოლებენ.

მოგეხსენებათ, დიდი ინტერესის გამო ისრაელთან დაპირისპირება "დინამო არენაზე" ჩატარდება, გულშემატკივრები კი უკვე იმაზე მსჯელობენ, ნახევარფინალსა და ფინალში "ბათუმი არენის" ტევადობა რამდენად საკმარისი იქნება. ეს კი ნდობას და რწმენას ნიშნავს იმის, რომ ჩვენი ნაკრები უკვე ჩემპიონიც კი წარმოგვიდგენია.

მიდით, ბიჭებო!..

altU21. ჩვენი მეტოქე ისრაელი - გავიხსენოთ გორში წაგებული მატჩი [VIDEO]

alt"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

altრამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
პეპლების დარტყმის თავი აღარ ექნებათ...ძირითადში უნდა მოვიგოთ.
ამაზე ფიქრი არ გახდებოდა საჭირო მიქაუტაძე და კვარაცხელია რომ გვყავდეს.
აბდულა
29 ივნისი 2023 13:45
5
11 მეტრიანების დარტყმაზე ივარჯიშეთ,რომ რამე მაქამდე მივიდეს საქმე გვეტყობოდეს რომ მზად ვიყავით..გასაგებია რომ ლატარეაა მაგრამ დაბნეულობა როგორიც ასეთ დროს გვინახავს ყველაზე გულის დასაწყვეტია..მოგებაააა!!!
მირო
29 ივნისი 2023 13:11
3
პირდაპირ ვთხოვ ჩვენს ბიჭებს, რამდენი ხანია ქართველ ერს ბედნიერების და სიამაყის ცრემლი არ გადმოვარდნია თვალიდან, მოდით რა ეს თქვენ გააკეთეთ და გააბედნიერეთ სრულიად საქართველო და ქართველი ერი, გვაჩუქეთ ნახევარფინალი.
პაპა
29 ივნისი 2023 12:43
1
ფინალი? - რატომაც არა?! ქართული ფეხბურთის თამასა პაიჭაძემ ("ფეხბურთის კარუზო"), ღოღობერიძემ და იამანიძემ ("დიდოსტატი" კაპიტნები), მესხმა და მეტრეველმა ("საბჭოთა ფეხბურთის ორი დიდი М"), კ.ასათიანმა (მსოფლიო ჩემპიონის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის სერ ალფ რამსეის აზრით - "ფეხბურთის პრინცი"), ყიფიანმა (ტოტალური ფეხბურთის პიკში ინტელექტუალურმა "ულვაშა ჯენტლმენმა"), ჩივაძემ (ქართველი ბეკენბაუერი), ს.კოტრიკაძემ ("პენალტო-მიცინი"), დარასელიამ (რეიხსტაგზე დროშის აღმმართველი ქანთარიას საქმის ფეხბურთის მინდორზე გადმომტანმა), "კიჩიჩებმა" ძმებმა არველაძეებმა ("შაითანები"), ხვიჩამ (მისმა ბრწყინვალება იტალიური ფეხბურთის 2022-2023წლების "მეფე") იგივე კვარა-დონამ, "ჟორჟ-მიკამ" ფრანგული ფეხბურთის ამომავალმა ქართველმა ვარსკვლავმა და სხვებმა ისე მაღლა ასწიეს, რომ ნაკლები შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. 01.07.23. არის "დიდ(ფეხბურთ)გორი".
ვაჟა მასწ.
29 ივნისი 2023 12:35
5
რა იყო გეწყინა რომ ვიღაცამ დისლაიქი დაგიწერა? ასეთი სუსტი გული გაქვს? რისთვის უხსენიებ ხალხს დედას? იქნებ შეცდომით დააჭირა ვიღაცამ? ასეთი კაცუნები როგორა ხართ, რომ დისლაიქის გულისთვის ადამიანს დედა შეგიძლიათ შეაგინოთ??
odala
30 ივნისი 2023 14:20
2
ჩემს კომენტარზე დისლაიქ-მწერებო დედები გყავთ???
ვაჟა მასწ.
29 ივნისი 2023 18:12
5
გუშინ იტალია ნორვეგიას ვუყურე, დიდი ვერაფერი თამაში იყო, მაგრამ კომენტატორებს აშკარად მეტი პროფესიონალიზმი მართებთ, ბოლო წუთამდე გვიხსნიდნენ რომ მეოთხედფინალში იტალია გავიდა :(((
Irakli
29 ივნისი 2023 11:54
2
არც ჩეხეთი -ისრაელი იყო დიდად სანახაობრივი.წყნარად,ძმაკაცურად აგორავეს ბურთი და ბოლო 15 წუთი ათამაშდნენ.ებრაელებმა გაიტანეს და საკმაოდ მშვიდად ჩაამთავრეს თამაში.იმედი მქონდა,ჩვენ ერთი დღით მეტი დასვენება გვაქვს მეთქი,მაგრამ რად გინდა!დაახლოებით,ჩვენი მსგავსი გუნდია და საკუთარი თავის წინააღდეგ თამაში,ყველასათვის ძნელია.მათთვისაც და ჩვენთვისაც.ჩვენ როგორც მასპინძლებს,პირველ ნომრად მოგვიწევს თამაში და არც დამატებითი დრო გვაწყობს,ვერ გავუძლებთ.ასე რომ ჩვენ უნდა შევუტიოთ და ებრაელებს,არჩევანი ექნებათ,როგორ გვეთამაშონ.შემხვედრ კურსზე თუ დაცვიდან.მაყურებლის მხარდაჭერაც გვაიძულებს წინ წასვლას და მეტოქეს,ამის გამოყენების შანსი ექნება.ეს არის ჩვენი სირთულე.მათ კი,უკვე წნეხი აღარ ექნებათ.ჩვენები მეტად არიან დაღლილები,ემოციურადაც და ფიზიკურადაც,რადგან უკიდურესად დაძაბული თამაშები მოგვიწია,ჩვენზე ობიექტურად ძლიერ მეტოქეებთან,მათ კი,საკმაოდ მსუბუქ რეჟიმში გაიარეს ჯგუფი.ამ ფაქტორების მიუხედავად,ჩვენი ნაკრები,უფრო ძლიერი მგონია და უნდა შეცძლოთ,მეტოქის დამარცხება.ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა ექნება,მწვრთნელების ბრძოლასაც,უშუალოდ თამაშის დროს.ჩვენმა ბიჭებმა,შეუდრეკელი ნება გამოავლინეს და დარწმუნებული ვარ,ეს ნება,ამ თამაშშიც ისეთივე უდრეკი იქნება,როგორც წინა თამაშებში ჰქონდათ.კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს!
სტატია,მეც მომეწონა,ობიექტურია და საქმის ცოდნით დაწერილი.ღვთისავარ ანთაძემ,უკვე მიგვაჩვია ხარისხიან პროდუქციას და ვუსურვებ,წინსვლა განაგრძოს.შეუძლია, ძალიან მაღალი კლასის სპორტული ჟურნალისტი გახდეს.
სოსო
29 ივნისი 2023 17:30
0
ამაზე უარესი არ გახსოვთ? რამდენიმე წლის წინ კომენტატორმა (მისი გვარი ცნობილია) ვერ გაარკვია ქართული გუნდი რომელი იყო.
ჟურნალისტიკიდან დაწყებული ("გოლები გააქვს" მაგივრად აცხადებენ - "გოლებს იტანს") და მშენებლობით (ბეტონის ყინვაგამძლეობის "ანტიფრიზი"-ს მაგივრად ავტომობილის "ანტიფრიზი" (უფრო იაფია) გამოიყენეს რომელშიც ბეტონის გამყარების ხელშემშლელი ნაერთებია და ნაგებობა დასანგრევი გახადეს) დამთავრებული თითქმის ყველა დარგში არაკომპენტეტურობის ზეობაა. ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას - ამისათვის მესია ვერ მოვა.
ვაჟა მასწ.
29 ივნისი 2023 13:04
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული