"ამ ლეგიონერებს უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე ქართველებს"

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამის მიუხედავად, ენა არავის მოუბრუნდება, ფოთელები გაკიცხოს - გუნდი მინიმალური დანახარჯებით, საკუთარი ბაზისა და სტადიონის გარეშე გადის ფონს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე "კოლხეთი" გელა სანაიას შექმნილ-გამოძერწილია...

საინტერესო და მისასალმებელია ისიც, რომ ფოთელები შედეგიანად ეძებენ ლეგიონერებს აფრიკულ ბაზარზე და არც უკრაინაში ეშლებათ კვალიფიციური კადრების მოძიება. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამომ" "კოლხეთის" ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი გადაიბირა...

"ლელო" ფოთელთა მთავარ მწვრთნელს, გელა სანაიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

-
ზოგადად, ქართულ საფეხბურთო რეალობაში ფოთის "კოლხეთი" არ არის რიგითი გუნდი, - გვითხრა სანაიამ საუბრის დასაწყისში, - საწყენია, რომ დღეს ბრძოლა გვიწევს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. ეს ისევ და ისევ რეალობის გათვალისწინებით დასმული ამოცანაა. როცა არ გაქვს საკუთარი სტადიონი და ბაზა, ძალიან რთულია, მაღალ მიზნებზე იფიქრო.

ამასთან, ვცდილობთ, მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა არ იყოს ჩვენი ამოცანა და მეტზეც ვიფიქროთ. თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ნებისმიერ თამაშში მხოლოდ 3 ქულის მოპოვებას ვუსახავ მიზნად. ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად შემტევი და კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშოთ. როგორ გამოგვდის ეს, გულშემატკივარმა განსაჯოს.

- ცოტა ხნის წინ "კოლხეთი" რამდენიმე ლიდერმა დატოვა - მიკოლა კოვტალიუკმა, სტეპან სიკაჩმა, ვოლოდიმირ კორობკამ... ისევ გიწევთ ახალი გუნდის აშენება, თუმცა ამას, ალბათ, უკვე მიეჩვიეთ...
- მესამე სეზონია, აქ ვარ და თითქმის ყოველ ექვს თვეში მიწევს ახალი გუნდის აშენება. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდნენ მეკარე სიკაჩი, კორობკა და კოვტალიუკი. იგივე კოვტალიუკი რომ ავიღოთ, დღეს არათუ საქართველოს ჩემპიონატში, არამედ, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთში დგას გამტანი ფორვარდის პრობლემა და მას გოლები გაჰქონდა.

მასშტაბები სხვაა, მაგრამ მაინც ვიტყვი შედარებისთვის: "ბარსელონამ" და "რეალმა" "ხეტაფეს" გამორჩეული ფეხბურთელის ყიდვა რომ მოინდომონ, ამას უპრობლემოდ გააკეთებენ...

- შევსება, ძირითადად, ლეგიონერების სახით მიიღეთ. საერთოდ, მისასალმებელია "კოლხეთის" პოლიტიკა აფრიკული და უკრაინული ბაზრის ათვისების მხრივ. ძალიან იშვიათად, თქვენი გუნდის ლეგიონერის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩენილიყო...
- გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის! როგორც მთავარი მწვრთნელი, თამამად ვიტყვი, რომ იმ ლეგიონერთა 90-მა პროცენტმა, რომელიც მოვიყვანეთ, ჩვენი იმედები გაამართლა და მათ მოახერხეს "კოლხეთის" გაძლიერება. თუნდაც, ახალი ლეგიონერები რომ ავიღოთ, ისინიც მონდომებით ეკიდებიან საქმეს და მჯერა, სარგებლობასაც მოგვიტანენ. ეგაა, ჩვენ ისე ვერ მოვემზადეთ სეზონის განახლებისთვის, როგორც გვინდოდა და ახალწვეულებსაც უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას, თამაშებით მოუწევთ ადაპტაციის გავლა.

- კიდევ ხომ არ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?
- არ დავმალავ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ გუნდი გავაძლიეროთ. ერთი-ორი ფეხბურთელის დამატება გვსურს, მათ შორის, შეიძლება, ლეგიონერიც იყოს.

- კენიის ნაკრების წევრი, ერიკ უმა ოტიენო ხომ არ წასულა გუნდიდან?
- არა, ოტიენო ჩვენთანაა. უბრალოდ, ის ტრავმამ შეაფერხა...

- ლეგიონერების თემას გავაგრძელებ. ფაქტია, "კოლხეთს" ჰყავს ისეთი უცხოელები, რომლებზეც არცერთი ქართული კლუბი არ იტყოდა უარს, მათ შორის - ევროთასებზე მონაწილეებიც. როგორც ვიცი, მათი აყვანა და შენახვა სულაც არ უკავშირდება ზღაპრულ ხარჯებს...
- ციფრებს, თქვენის ნებართვით, არ დავასახელებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს არის სასაცილო თანხა არათუ ევროპული, არამედ, ქართული მასშტაბებითაც კი. ამ ლეგიონერებს უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე ქართველ ფეხბურთელებს.

რატომ უნდა ვთქვათ უარი აფრიკულ ბაზარზე, კვალიფიციურ ლეგიონერებზე? ოტიენო კენიის ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. ჩამოვიყვანეთ ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ნონდი და ვიცე-კაპიტანი მაჩარიაც. არ მესმის, ზოგიერთები რატომ უყურებენ ზემოდან კენიის ნაკრებს? საერთოდ, დღეს ლეგიონერის გარეშე ფონს ვერავინ გადის. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია ქართველ და უცხოელ ფეხბურთელს შორის და ითამაშოს იმან, ვინც მეტად დაიმსახურებს.

ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს გეზი, ამ გზიდან არ გადავუხვევთ. სწორედ კონკურენციაა ნებისმიერი გუნდისთვის წარმატების გასაღები. პირადად ჩემთვის ფეხბურთელის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ითამაშოს იმან, ვინც ჯანსაღ კონკურენციაში დაამტკიცებს საკუთარ უპირატესობას.

- რას იტყვით ათგუნდიან ჩემპიონატზე?
- ფაქტია, დაძაბულობა მეტია და სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ყველა რაღაცისთვის იბრძვის - ზოგს გადარჩენა უნდა, ზოგს - ევროთასებზე გასვლა, ზოგსაც - ჩემპიონობა...

ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯები პროგრესისკენ უკვე გადადგმულია და მალე შევძლებთ, რომ ევროთასებზე ერთი-ორი ეტაპი თავისუფლად გადავლახოთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუნდაც წელსვე უკეთესი შედეგები გვქონოდა ევროპაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არსებული რეალობა - ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისის "დინამომ" შეძლო ევროტურნირების ჯგუფში შესვლა, სხვა შემთხვევებში შედეგი ცოტა უარესი იყო, ან ცოტა უკეთესი.

რა თქმა უნდა, უცებ არაფერი ხდება. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი კლუბები მალე მოხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამისთვის საქართველოს ჩემპიონატი ჯერ მზად არ არის. იმას კი ვფიქრობ, რომ შედარებითი პროგრესი შესაძლებელია.

- ფოთმა საქართველოს არაერთი ვარსკვლავი გაუზარდა. რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი ფეხბურთი ხომ ბორის პაიჭაძით იწყება. რა ხდება დღეს ფოთის ბავშვთა ფეხბურთში?
- რამდენი წელიწადია, სულ გვესმის, რომ ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს და წლების განმავლობაში ეს ფრაზა ბანალურიც გახდა. მე გეტყვით, ფოთში რა და როგორ არის. ჩვენი ქალაქიდან მასობრივად ხდება კადრების გადინება. ნიჭიერ ბავშვს არ აქვს ადგილზე პირობები და მიდის თბილისში ან სხვა ქალაქში. არადა, პირობები რომ იყოს, რატომ წავა?

ფოთს უმაღლეს ლიგაში გუნდი ჰყავს და მოზარდისთვის ეს, თავისთავად, დიდი პერსპექტივაა. მაგრამ ინფრასტრუქტურის მხრივ, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ მარტვილის, ზუგდიდისა და თბილისის სკოლებს. მოზარდიც ირჩევს იმ ადგილს, სადაც უკეთესად შეუძლია მომზადება.

წავიდა ის დრო, რომ ამბობდნენ: ფეხბურთელს გასაზრდელად კარგი პირობები რად უნდა, თუ ნიჭიერია, ისედაც გაიზრდებაო. აღარ არის დღეს ასე, დღეს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, უმცირეს დეტალებსაც კი.

სადღეისოდ, ფოთში სარაგბო ინფრასტრუქტურა ბევრად გამართულია, ვიდრე - საფეხბურთო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მორაგბეებს - ჩვენ მათ სავარჯიშოდ კარი გაგვიღეს. რომ შეხედო, გაგიხარდება, 500 ბავშვი ისე ვარჯიშობს რაგბიში...

ჩემი აზრით, ინფრასტრუქტურა ძალიან ბევრს წყვეტს. სწორედ მისი განვითარებით უნდა მოხდეს წინ საგრძნობი ნაბიჯების გადადგმა. თუ ის არ მოვაწესრიგეთ, ისე ძალიან გაჭირდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გელა სანაია რო თავისი საქმის პროფესიონალია ეს ჩემს თავზე მაქ გამოცდილი იყო დრო როდესაც ვიტჯორჯიაში ვვარჯიშობდი მასთან და მსგავი რაღაცები სხვაგან არც მენახა)) და ეხლა სადაც არის წარმატებას ვუსურვებ.. ვიცი რო რაც დასახული აქ თუ აცლიან ყველაფერს გააკეთებს... რაც შეეხება ქართული ფეხბურთის პრობლემას არამგონია ძნელი დასანახი იყოს არცერთ გუნდს არ გააჩნია სტაბილური შემადგენლობა 6 თვის და თუდაც 1 წლის გუნდით წარმოუდგენელია ევროტურნირზე მოხვედრა რაც არ უნდა ბიუჯეტი გქონდეს
effe
14:07 05-08-2017
0
რას ერჩი მართალია ეს კაცი.
zaza
13:32 05-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული