შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი რევაზიშვილის თქმით, სტადიონი ისეთ დონეზე მოეწყობა, პირველი და უმაღლესი ლიგის მატჩებსაც რომ უმასპინძლოს.
"არენას ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, აშენდება მინიმუმ 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, საექიმო, სამსაჯო, დელეგატთა ოთახები და ყველა საჭირო სათავსი. მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
მისივე თქმით, ამ სტადიონს დიდი დატვირთვა ექნება:
"ის მოემსახურება ერგნეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ბავშვები ფეხბურთში ივარჯიშებენ, ხოლო უახლოეს პერიოდში ცხინვალის "სამაჩაბლო" ითამაშებს.
ეს გუნდი თბილისის პირველობაზე გამოდის, მაგრამ კარგი იქნება, თუ მშობლიურ რეგიონში დაბრუნდება. ამ გუნდს სათავეში უდგანან ზურაბ ნასუაშვილი და ბეჟან ბოჭორაძე. საინტერესოა, რომ ამ გუნდში მოსვლის სურვილი ოსი ეროვნების ოთხმა ფეხბურთელმა გამოთქვა".
ინიციატივას მხარს უჭერენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება.
"ყველასგან ერთსულოვანი მხარდაჭერაა, რადგან ფეხბურთის მასობრიობისა და ჩართულობის მნიშვნელობას ყველა აცნობიერებს, რეგიონებში კი ფეხბურთის მიხედვა კიდევ უფრო საჭიროა. წლეულს, ივნისში, შიდა ქართლის რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვთა ტურნირი სწორედ ერგნეთში ჩაატარა და მაშინ უეფას 19-წლამდელთა თასი კონფლიქტის ზონაში ჩამოიტანეს.
ამის ინიციატორები ტარიელ ხეჩიკაშვილი და ლევან კობიაშვილი იყვნენ. ახლა კი ერგნეთში იმყოფებოდა სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია. მან სტადიონის ტერიტორია დაათვალიერა და ინიციატორებს მშენებლობის სტანდარტებიც გააცნო".
"ერგნეთში სტადიონის მოწყობით დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. იქაური მოსახლეობაც მხარში უდგას საფეხბურთო კლუბ "სამაჩაბლოს", რომელიც ამ სტადიონზე ბურთს მალე გააგორებს", - ამბობს კვარაცხელია.