დავით კობოური: ჩვენი ეს სითამამე მწვრთნელის დამსახურებაა

AutoSharing Option
...მცველის კრიტერიუმში კარგად ჯდება - თავდამსხმელისთვის უხერხული ოპონენტია, თანაგუნდელებისთვის კი მშვიდი და საიმედო პარტნიორი, რომელიც ზედმეტს არაფერს აკეთებს. ისე უცებ გამოჩნდა და დადგა თბილისის "დინამოს" დაცვაში, თითქოს, წლებია იქ თამაშობდა. თუნდაც, საჩხერეს "ჩიხურასთან" ბოლო ტურის თამაში ავიღოთ - გამოცდილ თავდამსხმელებს საიმედოდ დაუდგა და ჩაკეტა.

ახალხან კი დავით კობოური გულშემატკივარმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იხილეს, სადაც გუნდის კაპიტანი გახლდათ. 19 წლის მცველში პერსპექტივა დაინახა და ახლახან ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა გია გეგუჩაძემ. დიდი ალბათობით, ის 1 სექტემბერს, გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", პოლონეთთან
გასამართავი მატჩისთვის მოემზადება.

სხვათა შორის, 2015 წლის 28 ნოემბერს, ლანჩხუთის "გურიასთან" საგარეო შეხვედრაში, პირველად სწორედ გეგუჩაძე (რომელიც მაშინ "დინამოს" თავკაცობდა) ენდო და ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. მაშინ კობოური 17 წლის იყო. მერე დაშავდა და საკმაოდ დიდხანს მკურნალობდა. მაგრამ მოედანს დაბრუნებულმა ფორმა მალე აღიდგინა. ახლა უკვე კახა კაჭარავა ენდობა და ახალგაზრდა მცველის საიმედო პერსპექტივაც აშკარად ჩანს.

"ლელომ" კობოურთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საკუთარ თავზე, "დინამოსა" და მომავალზე ლაპარაკობს...

- ნელ-ნელა, თბილისის "დინამოში" თქვენი თაობის ფეხბურთელები იმკვიდრებენ ადგილს. რეალურად რომ ვთქვათ, ბავშვთა ფეხბურთიდან პირდაპირ დიდებში გადაგიყვანეს, რაც იოლი არ არის...
- რა თქმა უნდა, თბილისის "დინამოში" 19 წლის ბიჭი იოლად ვერ ითამაშებს. ეს დიდი ტრადიციების კლუბია და პასუხისმგებლობაც დიდია. მაგრამ მიხარია, რომ სწორედ ამ გუნდში ვარ, მათამაშებენ და "დინამოს" ფორმით მოედანზე გავდივარ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

- "დინამოს" ყველა მოთამაშეს ლუპით აკვირდებიან. ზოგს ეს ყურადღება თრგუნავს, მაგრამ ამას თქვენზე ვერ ვიტყვით. ეტყობა, "დინამოს" მაისურით თამაში უფრო თამამსა და თავდაჯერებულს გხდით...
- როცა ზურგს ასეთი კლუბი და ისტორია გიმაგრებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მოქმედებს. მაგრამ ეს ამბავი მეტსაც მავალებს.

- წესით, დიდების ფეხბურთში ადაპტაცია იოლი არ უნდა იყოს - "დილა" და "ჩიხურა" ბავშვების გუნდი არ არიან, მაგრამ დიდი ანგარიშით მოუგეთ და თქვენი თაობაც ერთობ დამაჯერებლად გამოიყურებოდა...
- რა თქმა უნდა, ორივე ძლიერი გუნდია. მაგრამ "დინამო" წლეულს გამართულ ფეხბურთს თამაშობს. შედეგები კი გუნდურობის დამსახურებაა, ასევე, იმ გამოცდილი ფეხბურთელებისა, რომლებიც "დინამოში" არიან და ახალგაზრდებს ყველანაირად გვეხმარებიან. რაც მთავარია, ჩვენი ეს სითამამე მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებს გვენდობა. ჩვენ ეს ნდობა გვათამაშებს და მოტივაციას გვიზრდის.

- როგორც ვიცით, თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ხართ...
- დიახ, ასეა. "დინამოს" აკადემიაში 14 წლიდან ვვარჯიშობ, ძირითადში კი პირველად 2015 წელს, ლანჩხუთში, "გურიასთან" გასვლით შეხვედრაში ვითამაშე.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშმა ჩვენც ბევრი რამ დაგვანახა და ფეხბურთელებსაც. რა გვაქვს დადებითი, რა - უარყოფითი და რა მიმართულებით უნდა ივარჯიშოთ და გაიზარდოთ, უფრო მაღალ დონეს რომ მიაღწიოთ? ამავე დროს, ძლიერი გუნდები და ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ვნახეთ, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში მოძრაობენ და არ ჩერდებიან. ეს მათი ლიგების დამსახურებაა. სამწუხაროდ, ამაში ჩვენი ჩემპიონატი ხელს არ გიწყობთ...
- საბედნიეროდ, თბილისის "დინამოს" აქვს ის პირობები, მოთამაშე რომ გაიზარდოს, ნაკლი გამოასწოროს და ფეხბურთელი პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. მიმაჩნია, რომ ამანაც განაპირობა თამაშის ის ხარისხი, რაც ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ. სამწუხაროდ, ეს შედეგში ვერ ავსახეთ. ევროპელებს რომ დავეწიოთ, საამისოდ ბევრი ვარჯიშია საჭირო. გუნდთან ერთად დატვირთვების გარდა, ინდივიდუალურ მომზადებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- თავად დამატებით ვარჯიშობთ?
- რა თქმა უნდა, თითქმის ყველა სათამაშო ნაკლზე ვმუშაობ. ტრენაჟორების დარბაზშიც ხშირად ვარ, რადგან დღეს ფეხბურთში ათლეტურობა და ჯანი აუცილებელია.

- ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს უცხოეთში თამაში სურს. რას ფიქრობთ, საამისოდ რა არის საჭირო?
- ფიზიკურადაც მზად უნდა ვიყო, ტაქტიკურადაც და ცოტა გამოცდილებაც გჭირდება. მაღალ დონეზე გადასვლა ვისაც სურს, ამ მოთხოვნებს მეტ-ნაკლებად მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. როცა მიხვდები, რომ ამ ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურე, წასვლაზე მერე უნდა დაფიქრდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული