გეგი კიკაბიძე: ლიგა 2-ს, ფაქტობრივად, ახალი გუნდით ვითამაშებთ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "შევარდენში" სიახლეები იგეგმება. კლუბი შესაძლოა, დაუბრუნდეს თავის ძველ სტადიონს ისანში.

ასევე საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელები წავიდნენ და მოვიდნენ კლუბში.

Sportall.ge "შევარდენის" ერთ-ერთ დამფუძნებელ გეგი კიკაბიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

- გაზეთ "ლელოში" გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შევარდენი" ძველ სტადიონს უბრუნდება...
- ჯერჯერობით ყველაფერი სიტყვიერადაა შეთანხმებული. მიდის ამ მიმართულებით მუშაობა და გვსურს, რომ მიმდინარე წელს ''შევარდენი'' თავის ისტორიულ უბანს დაუბრუნდეს. გარკვეული პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ სტადიონი ჩვენი გახდეს.

- როგორც ცნობილია, ამ სტადიონზე გადასვლით კლუბს შეეძლება ახალგაზრდული აკადემიაც გახსნას...

- რა თმა უნდა! როდესაც სტადიონის პრობლემა მოგვარებული გაქვს, აკადემიის ჩამოყალიბებაც ბევრად უფრო მარტივია. გვაქვს გეგმაში ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბება, თუმცა ჯობია გადავხტეთ და ჰოპლა შემდეგ დავიძახოთ.

მთავარია, სტადიონის ამბავი კარგად გადაწყდეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ისნის რაიონში ძალიან ბევრი ბავშვისთვის იქნება ფეხბურთზე სიარული შესაძლებელი, ეს მასობრიობასაც გაზრდის და ამ დიდ რაიონსაც ფეხბურთი ისევ დაუბრუნდება.

- რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, ვინ დაიმატა გუნდმა და ვინ წავიდა?
- ფეხბურთელების ოფიციალური წარდგენა გვექნება და დეტალურ ინფორმაციას სწორედ იქ გავაჟღერებთ. გეტყვით, რომ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ბევრი წავიდა და ბევრიც მოვიდა. ფაქტობრივად, ახალი გუნდით ვითამაშებთ ლიგა 2-ს, თუმცა გუნდში ძველი სახეებიც არიან.

- რა იქნება გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგა 2-ში?
- მიზანი იქნება მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება. ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

- როდესაც გუნდის ჩამოყალიბებას იწყებდით, იფიქრებდით თუ არა, რომ ამ დონემდე მოხვიდოდით და გარკვეულ წარმატებებს მიაღწევდით?
- თავისთავად, ჩვენი მიზანი იყო, ''შევარდენი'' საუკეთესოთა შორის დაგვებრუნებინა. ყოველთვის მაქსიმალური მიზანი უნდა დაისახო, თუ წარმატების მიღწევა გსურს. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ბევრად უფრო დიდი გამოწვევები გველოდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული