"ჩიხურამ" შეკრება თურქეთში, ქალაქ სიდეში გაიარა, სადაც 3 მატჩი გამართა - 1 მოგება, 1 ფრე და 1-იც მარცხი, ასეთია საჩხერული კლუბის შეკრების შედეგები.
კლუბი უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. Sportall.ge გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- პირველ რიგში, მოსამზადებელ ეტაპზე გკითხავთ... როგორ ჩაიარა საწვრთნელმა პროცესმა?
- როგორც იცით, ბევრმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და უფრო მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელები
საჭირო იყო ამ ფეხბურთელების საქმეში ნახვა, რათა გაგვეგო მათი შესაძლებლობები, თუ რამდენად გამოგვადგებიან ეს მოთამაშეები ამ ჩემპიონატში.
მოსამზადებელმა ეტაპმა ნორმალურად ჩაიარა და ნორმალურ პირობებში ვიყავით. კარგ გუნდებს ვეთამაშეთ და ძირითადად, ვარჯიში მიდიოდა იმ მისიით, რომ ჩვენი პრინციპები გაეცნოთ ახალ ფეხბურთელებს და გუნდთან შეთამაშებულიყვნენ.
რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ ჩვენ ეს პრობლემა ამ მოსამზადებელ ეტაპზე გადავწყვიტეთ, არ შეიძლება. კარგია, რომ ეროვნული ლიგის დაწყებამდე კიდევ ერთ თამაშს სუპერთასზე ჩავატარებთ, რაც ალბათ გამოაჩენს იმ ხარვეზებს, რომლებიც გამოსასწორებელი იქნება.
- დასრულებულია თუ არა გუნდის დაკომპლექტება?
- იცით, რომ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ლეგიონერის ჩამოყვანაზე ვიზრუნოთ. ფეხბურთელებმა იმიტომ დაგვტოვეს, რომ სხვა გუნდებმა ჩვენზე უკეთესი პირობები შესთავაზეს. რაცა ვართ, ესა ვართ... დამატებით არა მგონია, რომ ვინმე დავიმატოთ.
- 24 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოსთან" სუპერთასის შეხვედრა გელოდებათ... რა შანსები აქვს საჩხერის "ჩიხურას"?
- როგორც უკვე ვთქვი, კარგი არის, რომ ეროვნული ლიგის დაწყებამდე ასეთი თამაშის ჩატარება გვიწევს. ჩვენ ვაფასებთ ქუთაისის "ტორპედოს", რომელიც ტრადიციებიდანაც გამომდინარე და ახლაც ძალიან კარგი გუნდია.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვცდით ძალებს ასეთ გუნდთან. გამარჯვების შანსი, რა თქმა უნდა, "ტორპედოს" უფრო დიდი აქვს, რადგან მათ შეინარჩუნეს ძირითადი ბირთვი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, მეორედ მოვიპოვოთ სუპერთასი.
- იმ ტრანსფერებიდან გამომდინარე, რაც საჩხერის "ჩიხურამ" აწარმოა, რა იქნება ამ შემადგენლობით გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში და რას იტყოდით სხვა გუნდების მიერ გაკეთებულ ტრანსფერებზე?
- რომ გადავხედოთ იმ გუნდებს, ვინ როგორ გაძლიერდა, ანგარიშგასაწევი გუნდები არიან - ქუთაისის "ტორპედომ", თბილისის "დინამომ", "საბურთალომ" ძალიან კარგ კონტინგენტს მოუყარა თავი. ასევე კარგი შემადგენლობა ჰყავს "რუსთავს" და გორის "დილას". ეს გუნდები წინა ადგილებისთვის იბრძოლებენ.
"ჩიხურა" ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი და ბრძოლისუნარიანი გუნდი და ამიტომ ჩვენც შევეცდებით, წინა ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.
- ევროტურნირებზე მონაწილე გუნდებზე გკითხავთ. იმ შემადგენლობით, რაც ქართულ გუნდებს ჰყავთ, რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი?
- ევროტურნირებზე საუბარი რთული არის... ის გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელს დავიცავთ, ძირითადად, ადგილობრივი კონტინგენტით დაკომპლექტდა და საზღვარგარეთიდან ფეხბურთელი არ მოუწვევიათ.
რამდენად შევძლებთ ევროტურნირებზე კარგ გამოსვლას, ეს ძალიან რთული თემაა...
რაღაც რეიტინგი კი გაქვთ, ვიცე ჩემპიონი,2-ჯერ მეოთხეადგილოსანი, სამჯერ თასის ფინალისტი, 1 ჯერ თასის და ერთჯერ სუპერთასის მფლობელი. რას მოაჯექით ამ ბიუჯეტის ფულს და წუწუნებთ თან?