ბადრი კვარაცხელია: "სამტრედია" ამ დროისთვის განახევრებულია

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ "სამტრედიას" ზედიზედ 7 თამაშია ვერ მოუგია.

5 ტურის შემდეგ გუნდი უჩა სოსიაშვილმა დატოვა და ბოლო ორი მატჩია, სამტრედიელებს ბადრი კვარაცხელია წვრთნის. მის ხელში "სამტრედიამ" 2 თამაში ჩაატარა და ორივე ნულოვანი ფრით დაასრულა.

საინტერესოა, რას ფიქრობს გუნდის ახალი მწვრთნელი დღევანდელ მდგომარეობაზე და როგორ აფასებს ის გუნდის თამაშს. Sportall.ge ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა.

- უკვე ორი თამაშია "სამტრედიას" მწვრთნელი ხართ... რა პლუსები და მინუსები დაინახეთ?
- ჯერ მინუსებზე ვიტყოდი... ძალიან ბევრ ფეხბურთელს აქვს ტრავმა მიღებული. მოკლედ რომ
ვთქვა, ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი თამაშობს.

დანარჩენები სულ ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც თამაში არ უწევდათ. პლუსი არის ის, რომ გუნდი ორი თამაშია გოლს არ უშვებს, მაგრამ თავდასხმაში მოვიკოჭლებთ.

ძირითადის ფორვარდს ტრავმა აქვს მიღებული და ამ პოზიციაზეც ახალგაზრდა ფეხბურთელს უწევს თამაში.

- თქვენი აზრით, რატომ ვერ მიაღწია წარმატებას უჩა სოსიაშვილის "სამტრედიამ", გუნდმა, რომელსაც ჩემპიონობის პრეტენდენტად მოისაზრებდნენ...
- მაგას ვერ გეტყვით... პირველ რიგში, უჩას დავურეკე და მან მითხრა, რომ ყველანაირად გვერდში დამიდგებოდა.

მისი გუნდიდან წასვლის მიზეზზე არც მასთან და არც კლუბის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია.

უჩასთან ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სოსიაშვილი და "სამტრედიას" ხელმძღვანელობა დღესაც მეგობრობენ.

- "სამტრედიაში" საკმაოდ ბევრი ლეგიონერი თამაშობს... რას იტყოდით მათ შესახებ?
- ივან ფატიჩიდან დავიწყებდი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელია. პირველი შეხვედრა ჩემი მწვრთნელობის პერიოდში მან გამაყუჩებლით ითამაშა და მეორე მატჩიც, როდესაც შეცვლაზე შემოვიყვანე, ნემსი ჰქონდა გაკეთებული.

მის გარდა, კიდევ ორი ლეგიონერი ვათამაშე. ესენი არიან ინტერს გი და სიდიმანე სანია და მათი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.

ტრავმირებული გვყავს ოლაიტანი. რაც შეეხება ნდონგს, არ ვიცი, ის საქმეში ჯერ არ მინახავს.

- როგორც ვიცით, ნდონგს დისკვალიფიკაცია აქვს...
- მან კლუბს ცუდი სამსახური გაუწია და როგორც ვიცი, დაჯარიმებულია. ლეგიონერი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, 2 მოიხადა და 2 კიდევ აქვს დარჩენილი.

- როცა "სამტრედიას" მწვრთნელი გახდით, რაზე მოელაპარაკეთ ხელმძღვანელობას, რა იქნება კლუბის მიზანი?
- პირველ რიგში, ჩვენ გვინდა გუნდის გაძლიერება. ამდენი ლეგიონერი გვყავს და ზოგი დისკვალიფიცირებულია და ზოგსაც ტრავმა აქვს.

"რუსთავთან" ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ივან ფატიჩი. გუნდი ამ დროისთვის განახევრებულია და შეიძლება ჩემპიონატს გავუმკლავდეთ, მაგრამ უეფას ტურნირებზე გაგვიჭირდება.

მოკლედ რომ ვთქვა, ყველა რგოლში გაძლიერება გვჭირდება.

- თქვენ გაძლიერებაზე საუბრობთ, გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა ბუბა დაუშვილი და ასევე, გამოცდილი ლეგიონერები ჩამოიყვანა. აქვს თუ არა კლუბს იმის ფინანსური რესურსი, რომ მსგავსი ტრანსფერები კვლავ განახორციელოს?
- მაგ თემაზე ჩემი მხრიდან ლაპარაკი ცოტა რთულია. თავადაც ხედავთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს.

ცუდი არ იქნებოდა, თუ მსგავსი დონის ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ და შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, ჩვენს ჩემპიონატში დაბრუნებულიყვნენ.

- დაბოლოს, თქვენ აზერბაიჯანულ ფეხბურთს საკმაოდ კარგად იცნობთ. ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა თქვა, რომ ქართული და აზერბაიჯანული ფეხბურთი ერთი სტილისაა...
- არა, არ დავეთანხმები. ჩემს აზრს გეტყვით... საკლუბო დონეზე, რა თქმა უნდა, წინ არიან. როგორ ასწიეს საკლუბო დონე? რა თქმა უნდა, ლეგიონერებით.

ჩვენც რომ შეგვეძლოს მსგავსი ფეხბურთელების ჩამოყვანა, არც ჩვენ ჩამოვუვარდებოდით.

მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. უფრო მეტიც, ჩვენი ნაკრები უფრო კარგ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე "სამტრედია" ეროვნული ლიგის VIII ტურის ფარგლებში "რუსთავს" დაუპირისპირდება.

▶ ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ. საუკეთესო დაცვა საუკეთესო თავდასხმის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბადრი კვარაცხელია - "ცუდი არ იქნებოდა, თუ მსგავსი დონის ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ და შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, ჩვენს ჩემპიონატში დაბრუნებულიყვნენ". კარგი ბევრი რამ იქნებოდა, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა დაბრუნდეს ფეხბურთელი, მაგალითად ყააზახური "ორდაბასიდან" ან რუსული "ურალიდან", სადაც სკამზე ჯდომით 10-ჯერ და 20-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე სამტრედიის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი? სად არის აქ ლოგიკა, მითუმეტეს თუ ეს ფეხბურთელები ჯერ არ არისნ "ასკში"?. კარგით რა!!! ნათქვამს აზრის დაყოლება არ აწყენდა.
gabrieli
16:13 26-04-2018
1

სიახლეები პოპულარული