ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედოს" და "დინამოს" დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა ქუთაისში "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის ლოგიკური ფრით, 1:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონი მიმდინარე სეზონში წარმატებულად ვერ ასპარეზობს, ამ გუნდების შეხვედრა მუდამ დაძაბულია და ამჯერადაც ასე იყო.

სტადიონზე სასიამოვნო სიტუაცია გახლდათ, გულშემატკივრები მატჩზე მრავლად მივიდნენ და მათ გასახარად კუტალიამ დებიუტშივე თავურით გახსნა ანგარიში. უნდა აღინიშნოს, რომ ბულისკერიას ბურთის აღება მართებდა.

თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - სულ მალე შულაიამ ზივზივაძის პასით საპასუხო გოლი გაუტანა "ტორპედოს". პირველი ტაიმის დარჩენილი დრო გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე
გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპი დაეცა, ამის მიზეზი კი უთუოდ ისაა, რომ პირველ ტაიმში აქტიურ თამაშს ფეხბურთელებმა დიდი ენერგია შეალიეს და მატჩის სანახაობრივმა მხარემ იკლო.

სადღაც შუა მეორე ტაიმში "ტორპედო" ინიციატივას დაეუფლა და დოლიძის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ბულისკერიამ მოიგერია. ეგ იყო და ეგ - 1:1.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია".
ტორპედო - დინამო 1:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (6), 1:1 აკაკი შულაია (15)

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, ოლეგ მამასახლისი, მიშიკო სარდალიშვილი (თენგიზ წიქარიძე 62), თორნიკე კაპანაძე (ლაშა კუჭუხიძე 78), გიორგი გურული, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური (ჯაბა ლიპარტია 87)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო ((4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (თამაზ ბაბუნაძე 90+2), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, გიორგი ივანიშვილი (მიხეილ ერგემლიძე 72), ნიკა ნინუა (ლაშა ქოჩლაძე 75)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი თამაში გამოვიდა და უფრო მეტ მაყურებელს იმსახურებდა.მატჩის რეპორტაჟის დაწყებამ რომ დაიგვიანა,გულმა რეჩხი მიყო,რაიმე უბედურება ხომ არ დაატრიალეს კიდევ ფანებმაო.მადლობა ღმერთს არაფერი მომხდარა,ყოველ შემთხვევაში არაფერი თქმულა.თვითონ თამაში კი მართლა მომეწონა და განსაკუთრებით ბოლო ნაწილი,როცა ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც აზარტში შევიდნენ.მსაჯს 20 წუთი რომ დაემატებინა,ალბათ კიდევ უკეთესი სანახაობა იქნებოდა.მე თბილისში სწავლა 78-83 წლებში მომიწია და დინამოს ყველა თამაში ნანახი მაქვს ლივერპულთან გამარჯვების გარდა,(მაშინ სტუდენტები ერთი თვით სოფელ ძევერაში წაგვიყვანეს ვაშლის საკრეფად.ასეც ხდებოდა ხოლმე მაშინ)ჰოდა მაშინ დინამო სუსტ გუნდებთან დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე თავს არ იკლავდა,ჩვენც ვიცოდით და ინტერესი ნაკლები იყო,მაგრამ მივდიოდით იმისათვის,,რომ ყიფიანი რამეს გააკეთებსო,ან გუცაევი,ან შენგელია,ან სხვა,სულაც გაბელია გააკეთებდა ისეთ ნახტომს,რომ ის ნახტომი მოგეწონებოდა,თორემ სულ არ იყო საჭირო,ყველას შეეძლო რაღაც დასამახსოვრებელის გაკეთება და ისინიც რაღაც ისეთს გააკეთებდნენ,რომ გატანილ გოლებსაც გვერჩია ხშირად.რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი,დღეს ქართულ ფეხბურთს შემსრულებლები აკლია და ეს ფაქტია,მაგრამ რასაც კაპანაძე და განსაკუთრებით გრიგოლ დოლიძე აკეთებენ,ეს არის სწორედ ის რაღაცას გააკეთებენო,მოლოდინს რომ გვიჩენს,სილამაზის მოლოდინი და სილამაზის შექმნა.ამ თამაშშიც ორი გოლი გავიდა მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე უკთესი დოლიძისაკენ გაკეთებული პასი,მისი ერთი შეხებით დარტყმა და ბულესკირიას დიდებული ნახტომი იყო.დიდი ფეხბურთის ერთი წამი ქართველების შესრულებით.
დღეს 26 მაისია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო,ქართული სპორტის გულშემატკივრებო.მაგრამ დამოუკიდებლობა,თავაშვებულობას არ ნიშნავს და ესეც გაითვალისწინეთ ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო და ზოგჯერ ოპონენტებო.საქართველოს გაუმარჯოს!მართლა დამოუკიდებელ საქართველოს.
სოსო
12:41 26-05-2018
2
ასეთი თამაშით აპირებენ ევროპაზე გასვლას და იქ "ყარაბაღი" და"გაბალა" დახვდებათ
შოკირებული გულშემატკივარი
11:58 26-05-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული