რაზე ფიქრობს "დინამო"? - გაძლიერება არც პერსპექტივაში და არც საქმეში არ ჩანს

AutoSharing Option
მალე  უეფას ევროპა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვევა.

საქართველოს ღირსებას ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში დაიცავენ: თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია".

თბილისელები განთესილები იქნებიან, რაც პირველ ეტაპზე რთულ მეტოქესთან შეხვედრას ააცილებს. მათი პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

"სკუპი" (მაკედონია), "კუპსი", "ლვესი", "ლაჰთი" (ყველა ფინეთი), "შამროკ როვერსი", "დერრი სითი" (ირლანდია), "რიგა" (ლატვია), "ნარვა ტრანსი" (ესტონეთი), "შტუმბრასი" (ლიეტუვა), "განძასარი", "ბანანჩი" (სომხეთი), "ბალზანი" (მალტა), "რასინგი", "პროგრესი" (ლუქსემბურგი), "კოლერაინე", "გლენოვანი" (ჩრდილოეთი ირლანდია), "ნომადსი" (უელსი), "რუნავიკი" (ფარერის კუნძულები),
"ვადუცი" (ლიხტენშტეინი), "ლევადია" (ესტონეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "სტიარნანი" (ისლანდია), "ფერენცვაროსი" (უნგრეთი), "კლიფტონვილი" (ჩრდილოეთი ირლანდია) "დუნიასკა სტრედა" (სლოვაკეთი), "პოდგორიცა" (მონტენეგრო), "შიროკი" (ბოსნია და ჰერცეგოვინა), "პიუნიკი" (სომხეთი), "პარტიზანი" (ალბანეთი), "პეტროცუბი", "ზარია" (ორივე მოლდოვა), "ტრაკაი" (ლიეტუვა), "ლუფტელარი", "ლაცი" (ორივე ალბანეთი) იბვ (ისლანდია) "უჟპესტი" (უნგრეთი) "ლიეპაია" (ლატვია), "ევროპა" (გიბრალტარი), "ტორშავენი" (ფარერის კუნძულები)

მაგრამ რაზე ფიქრობს დღევანდელი "დინამო"? პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას? ეს არის მიზანი? თუ ევროპა ლიგაზე მოხვედრაზე?

ვფიქრობ, ევროპა ლიგაში მოხვედრაზე უნდა ფიქრობდნენ. თუ სხვა გუნდებს საქართველოში არა აქვთ ამის რესურსი, "დინამო" მათთან შედარებით უკეთესად გამოიყურება.

ჯერჯერობით არც პერსპექტივაში და არც საქმეში არ ჩანს, რომ თბილისელები გაძლიერებას აპირებენ. განა გაძლიერება როგორ უნდა დავარქვათ ესპანეთის მესამე და მეოთხელიგელი ფეხბურთელების სინჯებზე აყვანას?

გაძლიერება იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ კლუბი ახალ ჩისკო მუნიოსს ან მიკელ ალვაროს მოიყვანდა.

რეალურად რომ ავიღოთ, ვინ არის დღევანდელ "დინამოში" ევროპა ლიგის დონის ფეხბურთელი?

პირველ რიგში, თბილისელთა კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც არათუ კლუბში, არამედ ნაკრებშიც დაამტკიცა თავისი სიძლიერე, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კიტეიშვილი მალე ლეგიონერი გახდება და ბოლო პერიოდის კლუბის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, წასვლაში ხელს არ შეუშლიან.

აკაკი შულაია - საკმაოდ სწრაფი და ნიჭიერი ახალგაზრდაა, ბოლო შეხვედრები ახალგაზრდულ ნაკრებში კარგად ჩაატარა. შეუძლია შეტევების გამწვავება, მომენტების შექმნა და მეტოქეთა მცველებისთვის "თავის ატკივება".

ლევან ხარაბაძე - ახალგაზრდა მცველმა დაამტკიცა, რომ მისი სახით დედაქალაქურ გუნდს კარგი მარცხენა მცველი ეზრდება. მისი თამაში განსაკუთრებით გამოსარჩევია შეტევებში ჩართვის დროს, რითიც გუნდს წინსვლის საშუალებას აძლევს.

ლუკა ლოჩოშვილი - ლუკა ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და ცოტა ხანში კარგ კონდიციებში შეეგებება ევროთასებს. "დინამოში" დაბრუნების შემდეგ მისი თამაშით ნელ-ნელა მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ამის გამო სათადარიგოდ გადანაცვლება მოუწია წინა სეზონის გამორჩეულ ფეხბურთელს, ლაშა თოთაძეს.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მას ნამდვილად ძალუძს, ისეთივე დონეზე ითამაშოს, როგორიც "სამტრედიაში" იყო და მთავარია, ის პრობლემები, რაც დანიიდან წამოჰყვა, დროულად ჩამოიშოროს.

გუნდის მთავარი იმედი კი ისევ მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავაა, რომელსაც არაფერი არ დაეწუნება. უბრალოდ, მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მის მიერ აღმოჩენილი და გამორჩეული ფეხბურთელები უგზო-უკვლოდ მიჰყავთ და "დინამოს" ხელცარიელს ტოვებენ.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? სასწრაფოდ მოსაყვანია სამი ლეგიონერი მაინც, რომელიც სხვადასხვა პოზიციას ძირეულად გააძლიერებს. მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს მეკარე. ამავდროულად, შესაძლებელია, კლუბმა გარკვეული შევსება მოახდინოს იმ ქართველი ფეხბურთელებისგან, რომლებიც ახალ კლუბს ეძებენ და გუნდს გამოადგებიან: მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე, გიორგი ნავალოვსკი, მურთაზ დაუშვილი და ა.შ. 

სხვა შემთხვევაში კი "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე თავისით არ მოხვდება და მოგვიწევს კვლავ წლიდან წლამდე ლოდინი, იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლება. ამ დროს კი აზერბაიჯანული, ყაზახური, მალე სომხური კლუბებიც კი ჩვენზე წინ იქნებიან და ჩვენ კი მხოლოდ მოსაგონარი დაგვრჩება, ერთ დროს თუ როგორი კარგი გუნდი იყო თბილისის "დინამო".

altჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

alt"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

alt"კოპენჰაგენი" და "სელტიკი" იგეშებიან - ვინ შეიძლება შეხვდეს ქართულ კლუბებს ევროთასებზე?

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფაქტია, რომ დინამო არის უვიცებისა და დილეტანტების ხელში. დინამოს "განვითარების პოლიტიკა" და სატრანსფერო ბაზარზე "მუშაობა" უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. პრობლემაა ისაა, რომ დინამო ჩვენია და ამიტომაც ეს ყველაფერი სატირალია და მეტი არაფერი. ეს მარაზმი კი უკვე წლებია გრძელდება. ნეტა, არასდროს დასრულდება?
barba
17:10 13-06-2018
0
მოშორდეს ფიფია დინამოს....
kaxa
10:34 12-06-2018
0

სიახლეები პოპულარული