წლევანდელ სეზონში "ტორპედომ" მესამე პოზიცია დაიკავა და საქართველოს თასი მოიპოვა. ქუთაისელები მომავალ წელს ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ, საიდანაც გასულ ზაფხულს ბოლო ეტაპიდან, პლეი-ოფიდან გამოეთიშნენ.
ჩვენ ახალგაზრდა სპეციალისტს დავუკავშირდით და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ.
- კლუბმა ცუდად დაიწყო, თუმცა მეორე წრიდან თამაში გამოასწორა. როგორ შეაფასებდით გასულ სეზონს?
- დადებითად შევაფასებდი.
- გუნდს 24-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ეროვნულ ლიგაში კი ზედიზედ 20 მატჩი არ წაუგია. რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
- ხომ გაგიგიათ გამოთქმა, საჭირო დროს - საჭირო ადგილასო. გუნდში შეიკრიბა ძალიან კარგი კოლექტივი, მეგობრული, შეკრული, მათ შორის, უცხოელებიც, რომლებიც დავიმატეთ და ფაქტობრივად, შეკრებიდან მესამე დღეს მოგვიწია ევროპა ლიგაზე თამაში. გუნდს კი შეთამაშება უნდა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეწყობა. ამის შემდეგ კი გუნდი შეიკრა და მოუმატა. ისინი პროფესიონალები არიან და ერთი დიდი ოჯახი შეიქმნა.
- უკვე ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებთ. რა გეგმები და მიზნები გაქვთ ახალ სეზონში?
- ვეცდებით, რომ გუნდი უფრო გაძლიერდეს, ძირითადი ბირთვი შენარჩუნდეს და გარკვეულ პოზიციებზე ახალი მოთამაშეები დავიმატოთ. "ტორპედო" ისეთი სახელია, რომ აუცილებლად უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. სხვა უფლება არც გვაქვს. ხელმძღვანელობაც გვაძლევს უფლებას, რომ ახალი ფეხბურთელები მოვიყვანოთ.
-"ტორპედო" შემდეგ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს. რა იქნება კლუბის მთავარი პრიორიტეტი და აპირებთ თუ არა შედარებით მაღალი დონის მოთამაშეების დამატებას?
- შარშანდელი გამოცდილებით, როცა ევროტურნირზე ნაადრევად დავიწყეთ ფიქრი, შიდა ჩემპიონატში დაგვეტყო და პირველი წრე ჩაგვივარდა. ამიტომ ჯერ აქცენტი ჩემპიონატზე უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, გუნდი ახლავე გაძლიერდეს, რათა ეროვნული ლიგაც ისე დავიწყოთ, როგორც გასულ სეზონში მეორე წრე დავიწყეთ.
- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენებ თამაშს ერთა ლიგაზე და რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე?
- დადებითად შევაფასებ, რადგან გუნდმა ხარისხიანი და შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. როგორც ჩვენ მათზე, მეტოქეებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველო დაბალი დონის გუნდი იქნებოდა, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა წინა შესარჩევებზე აჩვენა, რომ ხელწამოსაკრავები არ ვართ. საკმაოდ მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშეთ ტოლ-სწორად, მათ შორის, სერბეთს.
რაც შეეხება ახალ ჯგუფს - დანია-შვეიცარიასთან თამაში რთული იქნება და შეიძლება ვერც გავიაროთ, მაგრამ გუნდი პროგრესირებს და როგორც მინიმუმ, ნებისმიერ ნაკრებთან ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა მიეცეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი და რა არის მიზეზი, რომ გუნდი მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული?
- ეს უკვე მწვრთნელის კომპეტენციაა, თუმცა, ჩემი აზრით, რაც 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადავედით, წლიდან წლამდე დონე მაღლა იწევს. მომავალ წელს კიდევ უკეთესი იქნება და ჩვენი გუნდებიც თუ ევროტურნირებზე სტაბილურად გამოვლენ, მწვრთნელსაც საშუალება მიეცემა, რომ უფრო დიდი არჩევანი ჰქონდეს. ჩემი აზრით, ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს იმიტომ არ იძახებენ, რომ ნაკრების წევრები უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში რეგულარულად თამაშობენ. ამიტომ, როცა ეროვნული ლიგის დონე ამაღლდება, დარწმუნებული ვარ, ნაკრების მწვრთნელსაც ადგილობრივი მოთამაშეების მეტი იმედი ექნება.
ეროვნული ლიგა. ბოლო ტური: "ტორპედომ" "კოლხეთს" 4:0 მოუგო
"ტორპედოს" პრეზიდენტი: იანვარში ახალწვეულები გვეყოლება, ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლაა