ეროვნული ლიგა. II ტურის წინ: სეზონის პირველი თბილისური დერბი

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველი ტურის დასრულებიდან 2 დღეში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური გველოდება.

ჯერჯერობით ფავორიტებსა და აუტსაიდერებზე საუბარი ნაადრევია, რადგან გუნდები არც ფორმაში არიან შესულები და ზოგადადაც, ახალი ფეხბურთელების ძველებთან შეთამაშებას რამდენიმე მატჩი დასჭირდება.

გასულ ტურში წინა სეზონის საუკეთესო სამმა გუნდმა საკუთარი შეხვედრები მოიგო, დებიუტანტმა "ვიტ ჯორჯიამ" კი სენსაციურად სძლია "დილას".

ასე რომ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება.

ლოკომოტივი - საბურთალო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისური დერბი გაიმართება. "რკინიგზელებმა" სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს, პირველ ტურში "რუსთავს" დიდი სხვაობით (4:1) მოუგეს და პირველივე
მატჩში აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს.

გოლების გატანა დაიწყო საქართველოში დაბრუნებულმა ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ. გოლი გაიტანა "ლოკომოტივის" ახალგაზრდა შემტევმა რევაზ ინჯგიამაც.

გამარჯვებით დაიწყო "საბურთალომაც", რომელმაც ეროვნული ლიგის დებიუტანტ ბათუმის "დინამოს" 1:0 სძლია. თბილისელებს წელს რთული მისია აკისრიათ. ამბობენ, ჩემპიონის ტიტულის დაცვა მის მოპოვებაზე რთულიაო.

ეს გუნდები საქართველოს უმაღლეს დივიზიონში ერთმანეთის წინააღმდეგ 10-ჯერ გავიდნენ. ურთიერთშეხვედრებში აბსოლუტური თანაფარდობაა - 3 "ლოკომოტივმა" მოიგო, 3 - "საბურთალომ", 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

თბილისური დერბი 5 მარტს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზე განხორციელდება.

დინამო(ბთ) - ტორპედო
ბათუმის "დინამო" მეორე ტურშიც გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება. იმის მიუხედავად, რომ აჭარლები 2018 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, გუნდს შეთამაშება მაინც სჭირდება.

პირველ ტურში "დინამო" "საბურთალოს" სტუმრად დაუპირისპირდა და კარგი ბრძოლა გაუმართა. დიდი ალბათობით, ისინი არც "ტორპედოსთან" ეცდებიან რაიმეს დათმობას.

ბოლო დღეებში ბათუმელებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შევსება მიიღეს, მათ რიგებს საქართველოს ნაკრების გამოცდილი მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი შეავსებს, რაც ნამდვილად კარგი დანამატია.

რაც შეეხება "ტორპედოს", ის ერთმნიშვნელოვნად ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართული კლუბია, რასაც ყოველ მატჩში ადასტურებს. სტუმრად თამაშის მიუხედავად, ქუთაისელები დღესაც მოსაგებად იბრძოლებენ.

ისტორიაში ეს გუნდები 34-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 21-ჯერ გამარჯვება "ტორპედომ" იზეიმა, 7 შეხვედრა ბათუმელებმა მოიგეს, 6 კი ფრედ დასრულდა.

ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრა 5 მარტს, 21:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩი ბათუმში, "დინამოს" ბაზაზე გაიმართება.

სიონი - დინამო (თბ)
"ტორპედოსთან" ბრძოლაში დამარცხებული "სიონი" ამჯერად ეროვნული ლიგის კიდევ ერთ ფავორიტს - თბილისის "დინამოს" შეხვდება. ბოლნისელებმა გასულ ტურში ქუთაისელებს კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს და ორი გოლი გაუტანეს. ისინი ამ მატჩშიც ეცდებიან მეტოქეთა კარის აღებას.

თავის მხრივ, თბილისის "დინამოც" ცდილობს, წარმატებულად დაწყებული სეზონი ასევე განაგრძოს - გასულ ტურში მათ ლევან შენგელიას დუბლით საჩხერის "ჩიხურას" სძლიეს.

თბილისელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა 3 ესპანელ და 1 არგენტინელ მოთამაშეს.

"სიონი" და "დინამო" აქამდე 52-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სოლიდური უპირატესობა თბილისურ კლუბს აქვს - 40 მოგება, 5 ფრე, 7 მარცხი.

ბოლნისის "სიონისა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა 6 მარტს, 16:00 საათზე ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე დაიწყება.

რუსთავი - ვიტ ჯორჯია
"რუსთავი" ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ლოკომოტივთან" დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა. "რუსთავი", დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ლიგაში დარჩენისთვის უფრო იბრძოლებს, რადგან დიდი შევსება არ მიუღია.

გუნდი დატოვა გამოცდილმა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა, რომელიც კარიერას ჩემპიონ "საბურთალოში" აგრძელებს და თბილისელთა ძირითადი მეკარეა. ასევე გუნდი დატოვა უნიჭიერესმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"ვიტ ჯორჯიამ" კი საუკეთესოთა შორის დაბრუნების შემდეგ პირველივე მატჩში დაამარცხა გორის "დილა".

ამ გუნდების შეხვედრა 6 მარტს რუსთავში, ტექნიკური ცენტრის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.

ჩიხურა - დილა
"ჩიხურამ" და "დილამ" ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. პირველი ტურის შემდეგ ორივეს აქტივში 0 ქულაა. თუ საჩხერელები ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან - თბილისის "დინამოსთან" დამარცხდნენ, გორელებმა დებიუტანტ "ვიტ ჯორჯიასთან" დათმეს საკუთარი შეხვედრა.

ამ მატჩში ორივე გუნდი პირველი ქულების აღებას შეეცდება.

საჩხერულმა კლუბმა 2018 წლის შემდეგ ორი ლიდერი - გიორგი გაბედავა და ირაკლი ბუღრიძე დაკარგა და ამიტომ შეტევაში თამაშში პრობლემები აქვთ.

"დილამ" მოულოდნელი მარცხი იწვნია "ვიტ ჯორჯიასთან" და ამის გამოსწორებას "ჩიხურასთან" ეცდება. გორელთა რიგებში ველოდებით როგოელი დიდიე კოუგბენიას დებიუტს, რომელიც მათ ლეანდრო რიბიეროს შემცვლელად მოიყვანეს.

"ჩიხურა" და "დილა" ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ. ამ შეხვედრებიდან 9-ჯერ გორელებმა გაიმარჯვეს, ასევე 9 გამარჯვება აქვთ საჩხერელებსაც, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ეროვნული ლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა 20:00 საათზე საჩხერეში დაიწყება.

ეროვნული ლიგა. II ტური
5 მარტი
ლოკომოტივი-საბურთალო 19:00
დინამო(ბთ)-ტორპედო 21:00

6 მარტი
სიონი-დინამო(თბ) 16:00
რუსთავი-ვიტ ჯორჯია 18:00
ჩიხურა-დილა 20:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული