ფოტო: fcdinamo.ge/ფელის ვისენტე მარჯვნიდან პირველი
თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელის, ფელის ვისენტეს დანიშვნის შემდეგ ეროვნული ლიგის 3 მატჩიდან 2 წააგო.
სანამ ეროვნული ლიგა დაიწყებოდა, "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე მოიაზრებოდა, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ფელის ვისენტე დანიშნა, რომელიც აქამდე კლუბში სამუშაოდ ფიზმომზადების მწვრთნელად მოვიდა.
Sportall.ge-მ, თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის შუამავლობით, ესპანელ სპეციალისტ ფელის ვისენტესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- მოგესალმებით ფელის! როგორ მოგწონთ თბილისი და ახალი გარემო? როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- თბილისში კარგად მოვეწყვე და თავსაც მშვენივრად
ვგრძნობ. არც მქონია რაიმე სირთულე ამ ქალაქთან შესაგუებლად. ხალხიც მშვენიერი და გულღიაა გარშემო.
- ადაპტაციის კუთხით როგორ მიდის სიტუაცია?
- ადაპტაცია, ვფიქრობ, სწრაფი ნაბიჯით მიმდინარეობს. ამაში კლუბის ყველა თანამშრომელი ხელს გვიწყობს და გვეხმარება.
- თქვენ თავდაპირველად "დინამოს" ფიზმომზადების მწვრთნელად დაინიშნეთ, თუმცა შემდეგ რომან ფიფიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი განდოთ. რამ განაპირობა ეს?
- საბოლოოდ, კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავარ მწვრთნელად მე დავინიშნე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაც არის და დიდი პასუხისმგებლობაც. არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი.
- აქამდე მთავარ მწვრთნელად არ გიმუშავიათ, თბილისის "დინამო" კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ეს ფაქტი ზოგისთვის მოტივაციაა, ზოგისთვის - წნეხი. თქვენთვის როგორაა?
- არ ვიტყვი, რომ ადვილია ასეთი კლუბის ხელმძღვანელობა, თუმცა ის, რომ "დინამო" დიდი ტრადიციების და არაერთი ტიტულის მქონე კლუბია - ეს ფაქტი ზუსტად მიორმაგებს მოტივაციას არა მარტო მე, არამედ მთელ სამწვრთნელო შტაბს.
- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე გამართა სამი შეხვედრა. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ეროვნულმა ლიგამ, ქართულმა კლუბებმა და აქაურმა ინფრასტრუქტურამ?
- ის, რომ დაძაბული ჩემპიონატია, ეს პირველი ტურის მატჩებშიც ნათლად გამოჩნდა. ბრძოლისუნარიანი პირველობაა და აქ წარმატების მიღწევა არავისთვის იქნება იოლი საქმე. სათამაშო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. "დინამო არენა" კი იდეალური ადგილია.
- "ჩიხურასთან", მეკარის ჩათვლით, 3 ლეგიონერით დაიწყეთ და მოიგეთ, ხოლო "სიონთან" და ბათუმის "დინამოსთან" 7 ლეგიონერი გყავდათ, თუმცა ორივე მატჩი წააგეთ. ძირითადი ბირთვის ძიებაში ხართ?
- ყველა თამაში განსხვავებულია და რა თქმა უნდა, 11 ფეხბურთელსაც სწორედ იმ მომენტში უკეთესი ფორმის მიხედვით ვარჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა, ლეგიონერია თუ ადგილობრივი.
- თქვენი ასისტენტები საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი ზაურ სვანაძე და წარსულში "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი და გოლეადორი ჩისკო მუნიოსი არიან. რა სახის სამუშაოს ასრულებენ ისინი სამწვრთნელო შტაბში?
- მათი ყოფნა გუნდში უმნიშვნელოვანესია. ზაური "დინამოს" ცოცხალი ლეგენდაა, ხოლო მისი რჩევები და გამოცდილება ძალიან გვეხმარება. ჩისკო "დინამოში" და არამარტო "დინამოში", ყველას უყვარს. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა სახელი დატოვა აქ ყოფნის დროს. ისიც მთელი თავისი გამოცდილებით ჩაბმულია სამწვრთნელო პროცესში და ყველანაირად გვეხმარება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე ოთო გაგნიძე და გელა ჭანტურია. ვიტყვი, რომ გუნდში "სტაფთან" ურთიერთობა იდეალურია.
- რა მიზნები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ?
- ასეთი ისტორიის და შესაძლებლობების კლუბს არ შეიძლება პირველობაზე ჩემპიონობის გარდა რაიმე სხვა მიზანი გააჩნდეს. ასევე ჩვენს სამიზნეშია თასის მოპოვებაც.
- "დინამოში" დანიშვნამდე თქვენ ჩინეთის "დალიან იფანგში" მუშაობდით. ბოლო დროს ჩინურ კლუბებში დიდი ინვესტიციები იდება. შეგიძლიათ თუ არა ჩინეთის ჩემპიონატი და საქართველოს "ეროვნული ლიგა" ერთმანეთს შეადაროთ?
- ჩინეთში ფეხბურთის განვითარების მხრივ ნამდვილად დიდი ფული იდება და ასევე, ძვირად ღირებული ფეხბურთელებიც ხშირად ჩაჰყავთ ადგილობრივ კლუბებს. ჩემპიონატს დიდი რეკლამა უკეთდება ტელევიზიაში, ბეჭდურ მედიასა და სარეკლამო ბანერებზე. ინფრასტრუქტურა ჩინეთში მაღალ დონეზეა. ეს დიდი პლუსია და ფეხბურთელების მხრივ დიდი განსხვავება არაა. აქ რაც ვნახე, საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და სწორი განვითარებით ხარისხი ადვილად მოიმატებს.
- როგორი ტაქტიკის მიმდევარი ხართ? როგორც ესპანელი, უპირატესობას მოკლე პასის ხარჯზე ბურთის კონტროლს ანიჭებთ?
- ჩვენ არ მივყვებით ერთ ამოჩემებულ სისტემას ან ტაქტიკას. ყველაფერი მეტოქიდან და საკუთარი შესაძლებლობებიდან არის გამომდინარე. არის მატჩები, სადაც მოკლე პასებით გიწევს თამაში; არის შეხვედრები, სადაც პირიქით, გრძელ ჩაწოდებებს ანიჭებ უპირატესობას და ა.შ.