ეროვნული ლიგა. III ტურის წინ: "დინამოების" დუელი თბილისში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩემპიონატის მეორე ტურის ბოლო მატჩები 6 მარტს გაიმართა, 9 მარტს კი მესამე ტური აიღებს სტარტს.

ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდიან გასული სეზონის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" და მესამეადგილოსანი ქუთაისის "ტორპედო", მათ კი უკან დებიუტანტი "ვიტ ჯორჯია" მოჰყვება, რომელმაც საწყის ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა და როგორც ჩანს, მარტივად არაფრის დათმობას აპირებს.

ტორპედო-ლოკომოტივი
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც საქართველოში 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.

ქუთაისელებმა პირველ ტურში "სიონს" (3:2) სძლიეს, მეორე შეხვედრაში კი ბათუმის "დინამო"
სტუმრად დაამარცხეს (2:0). წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "ტორპედოს" კაპიტანს და ძირითად მეკარეს როინ კვასხვაძეს. მას ტრავმა აქვს და უცნობია დაეხმარება თუ არა კლუბს "რკინიგზელთა" წინააღმდეგ.

სეზონი გამარჯვებით დაიწყო "ლოკომოტივმაც", რომელმაც სახლში "რუსთავი" დაამარცხა (4:1), თუმცა შემდეგ "საბურთალოსთან" დამარცხდა (1:3).

თბილისელთა ახალწვეულმა ირაკლი სიხარულიძემ ორივე შეხვედრაში შეძლო მეტოქის კარის აღება და ის იგივეს გამეორებას "ტორპედოსთანაც" ეცდება.

ეს კლუბები საქართველოს ჩემპიონატში ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ. უპირატესობა ქუთაისელთა მხარესაა - 15 მოგება, 9 ფრე, 6 მარცხი.

მატჩი 9 მარტს, 16:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყება.

დინამო(თბ)-დინამო(ბთ)
თბილისში, "დინამო არენა" ერთმანეთს ორი "დინამო" დაუპირისპირდება. ბათუმელები დედაქალაქს ესტუმრებიან.

თბილისელთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია, მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტემ დაიკავა, ზაურ სვანაძემ კი მისი ასისტენის რანგში გადაინაცვლა, ამავე პოზიციაზეა ჩისკო მუნიოსიც.

თბილისის "დინამოს" ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, გუნდში არაერთში უცხოელი მოთამაშე მოვიდა და როგორც ჩანს მათ შეთამაშება სჭირდებათ. ეს მეორე ტურის მატჩში გამოჩნდა, როდესაც "დინამო" "სიონთან" დამარცხდა (1:2).

თბილისელებს აჭარულ კლუბთან კაპიტანი გუჯა რუხაია დააკლდება, მან გასულ ტურში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გამოტოვებს.

ბათუმის "დინამო" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის, მეტოქის მსგავსად ბევრი ცვლილება მოხდა მათ შემადგენლობაშიც. ეროვნულ ლიგა 2-ში გამარჯვების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა არაერთი ახალი მოთამაშე დაიმატა.

შავიზღვისპირელები ეროვნულ ლიგაში 0 ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ორ ტურში მათ გასული სეზონის ორ საუკეთესო გუნდთან მოუწიათ შეხვედრა. გახსნით მატჩში "საბურთალოსთან" დამარცხდნენ (0:1), მეორე ტურში კი "ტორპედოსთან" დათმეს.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 33-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 25 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 5 მატჩი ბათუმის "დინამომ" მოიგო, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

თბილისის "დინამოს" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 10 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" დაიწყება.

საბურთალო-რუსთავი
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "რუსთავს" მიიღებს.

თბილისელების რიგებში კვლავ ვერ ვიხილავთ ვაგნერ გონსალვეშს, რომელიც ტრავმირებულია. სხვა მხრივ, "საბურთალოს" ყელა მოთამაშე წესრიგშია და გია ჭიაბრიშვილის გუნდი მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.

თბილისელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, ეროვნული ლიგის საწყის ორ ტურში ორი გამარჯვბა აქვთ და "ტორპედოსთან" ერთად გათამაშებას ლიდერობენ. მათ პირველ ტურში, ბათუმში "დინამოს" ძლევა (1:0) შეძლეს, მეორე მატჩში კი თანაქალაქელი "ლოკომოტივი" დაამარაცხეს (4:1).

"რუსთავს" პირველი ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს, ისინი პირველ შეხვედრაში "ლოკომოტივთან" დამარცხდნენ (1:4), მეორე ტურში კი დებიუტანტ "ვიტ ჯორჯიასთან" უგოლო ფრე ითამაშეს.

"რუსთავი" მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება, მას ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული მოთამაშეები არ ჰყავს.

ეს გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, ოთხივეჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ.

"საბურთალოსა" და "რუსთავის" მატჩი 10 მარტს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ეროვნული ლიგა წარმატებულად დაიწყო. დებიუტანტ გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შემდეგ მესამეა.

პირველ ტურში "ვეტერინარებმა" "დილა" გორში დაამარცხეს (1:0), მეორე ტურში კი "რუსთავთან" უგოლო ფრე ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ "ვიტ ჯორჯია" ერთადერთი კლუბია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც საწყის ორ ტურში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

საჩხერის "ჩიხურას" ორი შეხვედრის შემდეგ 1 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. გუნდს 2018 წლის შემდეგ ორი მნიშვნელოვანი შემტევი გამოაკლდათ - ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი გაბედავა და ირაკლი ბუღრიძე.

საჩხერელებმა საწყის ორ ტურში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს  - გორის "დილასთან" ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩში. პირველ ტურში კი თბილისის "დინამოსთან" დამარცხდნენ (0:2).

ეს კლუბები ერთმანეთს აქამდე 11-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა "ჩიხურას" მხარესაა - 8 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი.

მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 11 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.

დილა-სიონი
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტაონზე "დილა" გასული ტურის სენსაციის ავტორს, ბოლნისის "სიონს" მიიღებს.

"დილა" გასულ ტურში საჩხერეს ესტუმრა და "ჩიხურასთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. პირველ ტურში კი დებიუტან "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა.

სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში ექნება დებიუტი "დილას" დებიუტან დიდიე კოუგბენიას, რომელიც "შერიფში" წასული ლეანდრო რიბიეროს შემცვლელად განიხილება.

"სიონი" გორს კარგი განწყობით ეწვევა. მათ ეროვნული ლიგის მეორე ტურში თბილისის "დინამო" დაამარცხეს. ბოლნისელები აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩის შემოტრიალება შეძლებს და თბილისელები 2:1 დაამარცხეს.

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 37-ჯერ შეხვდნენ, უპირატესობა კი ბოლნისელთა მხარესაა - 21 მოგება, 13 მარცხი და მხოლოდ 3 ფრე.

მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სათადარიგო სტადიონზე 11 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგა. III ტური
9 მარტი
ტორპედო-ლოკომოტივი 16:00

10 მარტი
დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 18:00
საბურთალო-რუსთავი 20:00

11 მარტი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 19:00
დილა-სიონი 21:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული