მეორე წრეც დასრულდა: შვიდგოლიანი მატჩები, თბილისური დერბი...

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტური, ანუ დასრულდა მეორე წრე. ორი შვიდგოლიანი თამაში ვნახეთ სხვადასხვა ანგარიშით (3:4, 6:1); ლიდერთა ჯგუფში უფრო დაიძაბა მდგომარეობა, რადგან ლიდერმა "დინამო ბათუმმა" ვერ მოიგო; თბილისური დერბიც დრამატული გამოდგა და "საბურთალომ" მეორედაც სძლია "დინამოს"...

შუქურა 3:4 გაგრა

შვიდგოლიანი მატჩი ბათუმში, ანგისაზე. "გაგრას" ბოლოს სწორედ ქობულეთის "შუქურასთან" ჰქონდა მოგებული 9 ტურის წინ, მას შემდეგ კი ცუდი სერია ჰქონდა, ზედიზედ 4 მატჩიც წააგო.

ჯერ "გაგრა" დაწინაურდა: კახაბერ კაკაშვილმა შორიდან დარტყმით გაუტანა ყოფილ გუნდს - 0:1.

თუმცა "შუქურამ" ოთხწუთიან
მონაკვეთში სამი გოლი მიითვალა და სამივე კომბინაციური. ჯერ გიორგი ჯანელიძემ გაათანაბრა ახლო მანძილიდან, მერე კი დავით მუჯირმა ერთი და იგივე პოზიციიდან, დაახლოებით 12-13 მეტრიდან ორჯერ გაიტანა. მუჯირს წლეულს 6 გოლი მოუგროვდა და ექვსივე ბოლო ერთ თვეში... ტაიმი 3:1 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის წუთებში ზურაბ მუსელიანმა ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ჯერ თავურით, მერე კი ერთ შეხებაში ძლიერი დარტყმით - 3:3.

84-ე წუთზე კი მუსელიანმა პენალტი მოიპოვა, თავად გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა - 3:4. მუსელიანს 6 გოლი აქვს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"გაგრა" მეშვიდე ადგილზე გადავიდა, ქობულეთის გუნდი კი მერვეა.

სამტრედია 0:2 სამგურალი


წყალტუბოს "სამგურალმა" სტუმრად 2:0 მოუგო "სამტრედიას" და მესამე ადგილზე დარჩა.

48-ე წუთზე "სამგურალის" საყრდენმა ნოდარ ლომინაძემ გარღვევის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა; მეორე ბურთი კი თავდამსხმელმა ლადო ჩიხრაძემ გაიტანა ასევე ინდივიდუალური გარღვევის მერე. ეს ჩიხრაძის მეშვიდე გოლია სეზონში და შვიდივეჯერ შეცვლაზე შესვლის მერე.

ისე, პირველი ტაიმის ბოლოს "სამტრედიამ" პენალტი ვერ გაიტანა: ვარლამ კილასონიას დარტყმული ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია.

საბურთალო 2:1 დინამო თბ

11-მატჩიანი წაუგებელი, 5-მატჩიანი მოგებათა სერია. "საბურთალო" მეორე ადგილზეა. ამჯერად თბილისურ დერბიში "დინამოს" მოუგო - 2:1.

"დინამო თბილისი" კი მეხუთე საფეხურამდე დაქვეითდა. ლიდერთან ჩამორჩენა 8 ქულაა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი სამი ბურთი გავიდა. 72-ე წუთზე დინამოელთა მეკარე დავით კერესელიძემ იური ტაბატაძე წააქცია, დაინიშნა პენალტი და ტაბატაძემ თავად დაარტყა ზუსტად. ეს იურის მეშვიდე გოლია სეზონში.

"საბურთალომ" მეორე ბურთიც პენალტით მიითვალა. გურამ გოშთელიანთან ბრძოლისას საბა ხვადაგიანს ხელზე მოხვდა ბურთი და ამჯერად შოთა ნონიკაშვილმა დაარტყა 11-მეტრიანი - 2:0.

ბოლოს დინამოელებმა გიორგი მაისურაძის შორიდან გატანილით შეამცირეს სხვაობა - 2:1.

საბურთალოელებმა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორიდან ორი თამაში მოუგეს მოქმედ ჩემპიონს.

დილა 6:1 თელავი


გორის "დილამ" დიდი ანგარიშით სძლია "თელავს" და მეოთხე ადგილზეა.10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ანდრი დემჩენკოს გუნდს და ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი (16).

მე-11 წუთზე უკვე 2:0 იყო. ჯერ ნიკა გაგნიძემ ახლოდან გაიტანა ტიერი გეილის აქტიურობის შედეგად, მერე კი თავად გეილმაც მიითვალა გოლი. ბარბადოსელ გარემარბს სეზონში უკვე 10 გოლი მოუგროვდა.

პირველივე ტაიმში მიკოლა კოვტალიუკმა ახლო კუთხეში დარტყმით გაზარდა სხვაობა, ხოლო მერე ონორე გომისმა დაასრულა თავისივე დაწყებული შეტევა - 4:0.

ტაიმის ბოლოს იმედა აშორტიამ ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა, თუმცა მეორე ნახევარში "დილამ" საქმე გააგრძელა და ექვს გოლამდე ავიდა. ისევ მიკოლა კოვტალიუკმა და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს. უკრაინელს ამ წელს 5 გოლი აქვს აქტივში, კაპიტან გაგნიძეს - 4.

"თელავი" აუტსაიდერია 11 ქულით.

დინამო ბთ 1:1 ტორპედო

ლიდერმა "დინამო ბათუმმა" შინ ქულები დაკარგა: ქუთაისის "ტორპედოსთან" 1:1 ითამაშა. ქუთათურებმა ბოლო ხუთ ტურში პირველი ქულა აიღეს.

79-ე წუთზე დაიძაბა სიტუაცია, როცა არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ტორპედოელი გიორგი მჭედლიშვილი გააძევა ორი ყვითელი ბარათის გამო.

მალევე "დინამო ბათუმის" სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯოვინო ფლამარიონმა მოიპოვა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა და 1:0...

დამატებული მეშვიდე წუთი მიმდინარეობდა, როცა სტუმრებმა გაათანაბრეს: საჯარიმო დაინიშნა, ლაშა შერგელაშვილმა კი ზუსტად შეასრულა, მცირე რიკოშეტიც დაეხმარა და 1:1. ეს შერგელაშვილის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

ბათუმელები ერთი ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან "საბურთალოს", "ტორპედო" კი მეექვსეზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
პატივცემული ტორპედოს გულშემატკივრები ყოველთვის ყველაფერს მსაჯებს აბრალებენ ხოლმე, ბარსელონასთან რომ წააგონ იმასაც მსაჯებს დააბრალებენ... თუმცა ამ თამაშზე ნამდვილად მართლები არიან, წითელი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, ყვითელიც კი არ უნდა ყოფილიყო და პენალტიც 50/50-ზე იყო, უფრო არ უნდა დანიშნულიყო ვიდრე უნდა დანიშნულიყო...
ვენეციის კომისია
15:46 02-06-2023
2
ეს რა წითელი და პენალტი დანიშნეს ბათუმის სასარგებლოდ მსაჯებმა-ლიპაა, დღეს სპეციალურად ჩავუჟექი ამ ამ თამაშსა და ჩემთვის დავრწმუნდი,რომ მსაჯები ყველა ხერხით ცდილობდნენ ბათუმის დინამოსთვის ხელის შეწყობას, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა..
SOSO
11:41 02-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული