- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]
მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის დელეგაცია და, მათ შორის, გიორგი მერებაშვილიც თბილისში დაბრუნდა და საშუალება მოგვეცა, ამ შეხვედრასა და მის პერიპეტიებზე გველაპარაკა...
- სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან
- უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მოგვეგო, რადგან ამის რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ თამაშს 0:2-დან რომ მოატრიალებ, ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულოა. თანაც, ეს ჩემი პირველი სანაკრებო გოლი იყო. ეროვნულ გუნდში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დამაბრუნეს და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ საჭირო მოთამაშე ვარ. რაღა დაგიმალოთ და, ამის გამო ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო...
- ვისგან იყო ზეწოლა?
- გულშემატკივრებისგან, მეგობრებისგან... მათთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ ჩემს გამოძახებას ტყუილად არ ითხოვდნენ და ამას ვიმსახურებდი. ცხადია, მწვრთნელების თვალში კარგად წარმოჩენის სურვილმაც იმოქმედა და ამან ცოტა შემბოჭა.
- 7 ივნისის საკონტროლო მატჩის შემდეგაც იგივე თქვით. ეს მღელვარება არ მოგეხსნათ?
- ნაკრებში თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ისეთი საპასუხისმგებლოა, ალბათ, ეს მღელვარება ყოველთვის მექნება.
- ფაქტია, რომ ასეთმა შებოჭილმა პირველივე დარტყმით მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანეთ და გუნდი გამოაფხიზლეთ...
- გოლმა პირადად მეც დიდი სტიმული და ენერგია მომცა. პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და მართლაც ძალიან დიდი სიხარული იყო.
- რეალურად, პოლონეთში მოთამაშე ლეგიონერებმა გადაარჩინეს ნაკრები წაგებას...
- ვაკო ყაზაიშვილის გამოც მიხარია, რადგან რამდენიმე დღის წინანდელი ამხანაგური მატჩის შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ფორმაში არ იყო. არადა, ისიც, როგორც უმრავლესობა ჩვენი ფეხბურთელებისა, იმ დღეს მოლდოვასთან მატჩზე უფრო ფიქრობდა. ვაკოს რეალური დონე კიშინიოვში გამოჩნდა. ის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- კადრებში ჩანდა, რომ დაახლოებით მე-20 წუთიდან წამოდექით და ხურდებოდით. ვლადიმირ ვაისი შეყვანას პირველივე ტაიმში გიპირებდათ?
- ვაისმა ჯერ კვეკვესკირი წამოაყენა, მერე მე და ყაზაიშვილი, რადგან თამაში კარგად ვერ წავიდა და შეტევის გაძლიერება სურდა... ფაქტობრივად, მთელი ტაიმი ვხურდებოდი და კიდევ კარგი, ასე იყო. პირველ ნახევარში ისეთი თამაში მიდიოდა, სათადარიგოთა სკამზე გაჩერება გამიჭირდებოდა.
- გამოცდილება არ გაკლიათ და მოლდოველთა მეორე გოლზეც გკითხავთ - თქვენი აზრით, არბიტრი შეცდა, როცა კუთხურის ხაზიდან გადასული ბურთი ვერ შენიშნა თუ, უბრალოდ, ამაზე თვალები დახუჭა?
- ასეთ დროს ზუსტად ვერავინ იტყვის, მსაჯი შეცდა თუ მასპინძლებს შეგნებულად გაატანინა... მაგრამ თუ შეცდა და კუთხურის ხაზიდან ლამის 50 სანტიმეტრით გადასული ბურთი ვერ დაინახა, ეს მის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
- ამ გოლის გამტანმა რინუ გინსარმა თქვა - ორბურთიანი უპირატესობა რომ გაგვიბათილეს, ჩვენი შეცდომების ბრალია და ქართველების უკეთესი კლასი არაფერ შუაშიაო...
- მეტოქეზე ცუდად ლაპარაკი არ მჩვევია, მაგრამ მოლდოვა საკმაოდ დაბალი დონის გუნდი აღმოჩნდა. რამდენიმე ისეთი მოთამაშე ჰყავდათ, განსაკუთრებით, დაცვაში, პოლონეთის მეორე ლიგაში თუ ათამაშებენ. საკადრო პრობლემები მათაც ჰქონდათ და ამიტომ მწყდება გული, რომ ვერ მოვუგეთ - ჩვენ ეს შეგვეძლო!
მეორე ტაიმში, შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ყველამ დაინახა, რომ მასპინძლებზე ერთი თავით მაღლა ვიდექით. იმიტომ, რომ ბევრად უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და საქართველოს ნაკრებიც ბევრად მაღალი კლასის გუნდია. დარწმუნებული ვარ, პირველივე წუთებიდან უფრო თამამად რომ გვეთამაშა და შეგვეტია, აუცილებლად მოვიგებდით. თუმცა, მწვრთნელმა თავისი საქმე უკეთ იცის.
- შემდეგ თამაშებში გამოძახების იმედი თუ გაქვთ?
- იმედი მაქვს, რადგან ეს ორი თამაში, ალბათ, კარგად ჩავატარე. მაგრამ მთავარია, როგორ ფორმაში ვიქნები. თუ არ ვითამაშე და ყოველდღიურად არ ვამტკიცე, რომ ნაკრებში მიწვევას ვიმსახურებ, ისე არავინ გამომიძახებს.
- პოლონეთში სეზონი გვიან დასრულდა და ნორმალურად დასვენებას მოასწრებთ?
- 20 ივნისს "ვისლა" სეზონისთვის მზადებას იწყებს და პოლონეთში უნდა ჩავიდე. მაგრამ ამას ოჯახიც გაგებით შეხვდება. ნაკრებში გამოძახება ყოველგვარ სიამოვნებას გადაწონის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"