საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...მატჩის მიწურულს, სლოვაკი არბიტრის (ჩვენთვის ურიგოდ ნამდვილად რომ არ უმსაჯია) მიერ დამატებული პირველი წუთი იწურებოდა, სტუმრებს ჩინებული შანსი რომ მიეცათ, მაგრამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ეიდინ მაკგიდის დარტყმა, ჩვენდა საბედნიეროდ, არაზუსტი გამოდგა...

ეს გოლი რომ გასულიყო, მართლაც დიდი უსამართლობა იქნებოდა - შაბათს საქართველოს ნაკრები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. ეგ კი არა, მოგებაც შეიძლებოდა და, ბოლოს და ბოლოს, ამ შესარჩევ ციკლში პირველ გამარჯვებასაც მოვიპოვებდით.

მაგრამ მთლიანობაში, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა: ირლანდიას ისეთი არაფერი გაუკეთებია, თბილისიდან ამჯერადაც 3 ქულით რომ წასულიყო...

არადა, რამხელა ფსიქოლოგიური
მნიშვნელობა ექნებოდა საქართველოს ნაკრებისთვის მართლაც ნანატრ გამარჯვებას: ოფიციალურ მატჩებში მოუგებელ სერიასაც შევწყვეტდით და ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, ირლანდიას, პირველად დავამარცხებდით.

თუმცა, გარკვეულწილად, ნავსი მაინც გავტეხეთ: აქამდე ჩატარებულ რვავე მატჩში (ოფიციალურში თუ ამხანაგურში) ხომ მუდამ ირლანდიელები იმარჯვებდნენ და აი, როგორც იქნა, ამ გუნდთან პირველად არ წავაგეთ!..

ამ ქულით ჩვენი ნაკრების სატურნირო მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა და კვლავაც ბოლოსწინა ადგილზე დავრჩით. აი, ირლანდიელებს კი, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეთ თბილისში დაკარგული 2 ქულა. თუმცა ირლანდიელების სატურნირო პრობლემები ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს და სჯობს იმაზე ვიფიქროთ, ეს შესარჩევი ციკლი როგორმე მოუგებლად არ დავასრულოთ. ხოლო ის "ტრადიცია", რომ საქართველოს ნაკრებმა, შესარჩევი ციკლის მიწურულს, აუცილებლად უნდა გაამწაროს ჯგუფის რომელიმე ფავორიტი, არახალი ამბავია.

რესურსი, შემადგენლობა, კორექტივები...
ირლანდიის ნაკრები თბილისში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა, მაგრამ სად იმათი რესურსი და სად - ჩვენი. ჯერ ხომ ისედაც არა ვართ განებივრებულნი საერთაშორისო რანგის ფეხბურთელების სიმრავლით და როცა ირლანდიის დონის გუნდთან ერთდროულად 5 წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ნიკა კაჭარავა) გამოგაკლდება, აი, მაშინ უკვე ძნელია საბოლოო წარმატებაზე ფიქრი.

არანაკლებ ძნელი უნდა ყოფილიყო საბოლოო არჩევანის გაკეთება ვლადიმირ ვაისისათვისაც: წამყვანი ფეხბურთელების მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ჩანაცვლება ნამდვილად არ იქნებოდა იოლი საქმე, რადგან ირლანდიელებთან მატჩისთვის გამოძახებულთა უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ჰქონდა.

ყველაზე მეტი საფიქრალი ვაისს ორ-სამ პოზიციაზე უნდა ჰქონოდა. დაცვაში რომ კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-ნავალოვსკის კვარტეტი (დღესდღეობით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი) იქნებოდა, ეს ადვილად იკითხებოდა, ისევე, როგორც მოედნის ცენტრში ნიკა კვესკვესკირისა და ვაკო გვილიას დუეტის გამოჩენა.

იმაშიც ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ორი საკვანძო ფეხბურთელი - ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი - ძირითადში იქნებოდა. დანარჩენ სამ პოზიციაზე (მეკარის, მარჯვენა გარემარბისა და ცენტრფორვარდის) კი ვაისს სერიოზული ფიქრი მოუწევდა.

იმის მიუხედავად, რომ ახალ სეზონში ჯერ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, ვაისმა კარში ადგილი გიორგი მაკარიძეს ანდო (როგორც წინა სამ სანაკრებო მატჩში). ირლანდიელებთან მატჩის დასაწყისში დაშვებულ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, 27 წლის მეკარემ მთლიანობაში დამაჯერებლად ითამაშა და ორ-სამ ეპიზოდში კი სულაც გადაგვარჩინა.

თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნაში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე უკვე რამდენიმე ფეხბურთელი მოსინჯა ვაისმა და ახლაც დიდი ინტერესით ველოდით, რომელს ანდობდა ადგილს ძირითადში: ჯაბა ჯიღაურს, გიორგი ჭანტურიას, გიორგი არაბიძესა თუ გიორგი მერებაშვილს.

რაც შეეხება ცენტრფორვარდის პოზიციას, აქ მართლაც ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა ლევან მჭედლიძისა და ნიკა კაჭარავას სახით და ძირითადში გამოჩენის უფრო მეტი შანსი გიორგი ქვილითაიას ეძლეოდა...

საბოლოოდ კი, რა შემადგენლობაც აირჩია ვაისმა, უკვე იცით. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ მერებაშვილიც აშკარად მეტ სათამაშო დროს იმსახურებს სანაკრებო მატჩებში და გიორგი არაბიძეც (ამ უკანასკნელს საერთოდ არ მოუწია თამაში), თუმცა, შემადგენლობის შერჩევა და მატჩის მსვლელობისას გაკეთებული კორექტივები მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაა.

თანაბარი ორივე ტაიმი!
ვაისის მუშაობის პერიოდში, საქართველოს ნაკრებს ერთი უცნაურობა დასჩემდა - ნებისმიერ მეტოქესთან ერთ რომელიმე ტაიმს განსაკუთრებით კარგად თამაშობდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პირველ ტაიმში მეტოქე პირწმინდად დაგვიჯაბნია (თუნდაც, ირლანდიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩში ან სერბეთთან საშინაო შეხვედრაში), სამაგიეროდ, შესვენების მერე შეცვლილა სიტუაცია რადიკალურად და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩენია, თითქოს, მოედანზე სხვა გუნდი გასულიყოს.

ისეთი შემთხვევების გახსენებაც შეიძლება, როცა პირწმინდად ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი ნაკრები მეორე ტაიმში გამოცოცხლებულა და ამის მაგალითად წინა ოფიციალური მატჩიც გამოდგება, როცა მოლდოვასთან გასვლით მატჩში ორბურთიანი ჩამორჩენა სწორედ შესვენების შემდეგ გავაბათილეთ.

ამიტომაც არ აკლდა კრიტიკა ვაისს, ისმოდა რა კითხვა - როდის უნდა დამდგარიყო ის დღე, როცა საქართველოს ნაკრები ორივე ტაიმში ერთნაირად კარგად ითამაშებდა?!.

და აი, ეს დღეც დადგა: ვაისის ხელმძღვანელობით, სწორედ ირლანდიელებთან მატჩში მოხდა პირველად, როცა საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, თანაბრად ჩაატარა ორივე ტაიმი! აღარაფერს ვამბობთ იმ არცთუ უმნიშვნელო ფაქტზე, რასაც ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქვია: ერთი-ორ მონაკვეთს (მატჩის დასაწყისში და ბოლოს) თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრებმა ბურთის ფლობაში პირწმინდად დაჩაგრა ირლანდიის ნაკრები.

ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, როცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ და ტაქტიკურად განსწავლულ გუნდთან ასეთი უპირატესობა (69% 31-ის წინააღმდეგ) გექნება ამ კომპონენტში.

სავარაუდოდ, ამის გამოც იყო, რომ ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ამ მართლაც მაღალი დონის ტაქტიკოსმა, მარტინ ო'ნილმა, თამაშის მსვლელობისას ორივე საყრდენი ნახევარმცველი რომ გამოცვალა, თანაც, არ დაგვავიწყდეს, ამათგან ერთ-ერთი - გუნდის კაპიტანი, პრემიერლიგაში "დაბერებული" გლენ ველანი (წინა 9 სეზონის განმავლობაში "სტოკ სიტის" შეუცვლელი ფეხბურთელი) გახლდათ...

უპირატესობა გოლით იზომება
სამწუხაროდ, ბურთის ფლობაში ასეთი შთამბეჭდავი უპირატესობა გამარჯვების საწინდარი ვერ გამოდგა. ეგ კი არა, გამორჩეულად სახიფათო მომენტებიც ძალიან ბევრი არ შეგვიქმნია: ჯანო ანანიძის, ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი მერებაშვილის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთები მიზანს მცირედით ასცდა, ერთ ეპიზოდში კი სტუმართა შორის უდავოდ გამორჩეულმა ცენტრალურმა მცველმა შეინ დაფმა სულ ბოლო მომენტში დაასწრო გიორგი ქვილითაიას, თორემ სტუმართა კართან ხიფათი გარდაუვალი იქნებოდა (აქ ყაზაიშვილის ჩინებული პასიც უნდა აღვნიშნოთ).

ერთი-ორჯერ სტუმართა გამოცდილი მეკარე დარენ რენდოლფიც ვნახეთ საქმეში: პირველ ტაიმში მან ოთარ კაკაბაძის ძალიან სახიფათო გამჭოლი გადაცემა მოიგერია. აი, გოლის ეპიზოდში კი ინგლისური "მიდლსბროს" მეკარე აშკარად დაჯაბნა ყაზაიშვილმა, რომელმაც თანაგუნდელების მრავალსვლიანი კომბინაცია უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა. ამ შესარჩევ ციკლში ეს მისი მესამე გოლია.

...ისევ იმ ჩვენს საგოლე კომბინაციას დავუბრუნდეთ, გუნდური თამაშის ნამდვილი ნიმუში რომ იყო: მასში ვაკო გვილიამაც აქტიური მონაწილეობა მიიღო, ჯაბა ჯიღაურმაც, გურამ კაშიამაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანო ანანიძეზე, რომლის დიდოსტატური პასით ყაზაიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა.

ანანიძე, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი - ამ ტრიოს თამაშზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ნაკრების წარმატება-წარუმატებლობა და უნდა ითქვას, რომ სამივემ უდიდესი წვლილი შეიტანა ირლანდიელებთან ნავსის გატეხაში, ისევე, როგორც თითქმის ყველა დანარჩენმა ფეხბურთელმა, თუმცა, მაინც ცალკე უნდა გამოვყოთ 2 ფეხბურთელი, რომელთა უშეცდომო თამაშზეც ასევე ძალიან დიდად ვართ დამოკიდებულნი - გურამ კაშიამ და საბა კვირკველიამ მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი ორთაბრძოლა მოუგეს მეტოქის ათლეტურ და ჯანიან შემტევებს და მათ მაგალითზე ის ფაქტიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რამდენს ნიშნავს, როცა ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვს.

გუნდური თამაში ვახსენეთ და გვინდა ვისურვოთ, რომ საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელმა სწორედ გუნდის ინტერესები დააყენოს წინა პლანზე. ამას კი იმიტომ ვამბობთ, რომ ირლანდიელებთან მატჩში შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭანტურიამ, ორ-სამ ეპიზოდში, ინდივიდუალურად მოინდომა თამაშის გამწვავება, მაშინ, როცა პასის გაკეთება სჯობდა.

თუმცა, მეორე მხრივ, როგორ გინდა ამ ნიჭიერი გარემარბის ინდივიდუალურ ოსტატობაზე უარი თქვას მწვრთნელმა? ან იქნებ თვითონ შეცვლა აღმოჩნდა დაგვიანებული (აღარაფერს ვამბობთ მერებაშვილის მართლაც დაგვიანებულ შემოყვანაზე).

თუმცა ვაისსაც ვერ გავამტყუნებთ - ბოლო შეცვლა (როცა მოედანზე კიდევ ერთი ცენტრალური მცველი - დავით ხოჭოლავა შეუშვა) ხომ იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცი ფრეზეც თანახმა იყო...

P.S. 2014 წლის 7 სექტემბერს, ამავე სტადიონზე, ამავე გუნდების მატჩის ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ირლანდიელთა შემტევმა ნახევარმცველმა ეიდინ მაკგიდიმ საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაარტყა და თავის გუნდს მოაგებინა.

ამ ამბიდან 3 წლის თავზე, ცოტაც და, კინაღამ იგივე განმეორდა, მაგრამ ამ ეპიზოდშიც გადავრჩით და მანამდეც, როცა ჩვენი მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და შეინ ლონგის ზუსტი პასით ჯეიმს მაკლინი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ამ ეპიზოდში მაკარიძემ გადაგვარჩინა...

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი
2 სექტემბერი
თბილისი. "დინამო არენა". 20 000 მაყურებელი
საქართველო-ირლანდია 1:1
გოლები: 0:1 დაფი (4. კრისტის პასით), 1:1 ყაზაიშვილი (34. ანანიძის პასით)
საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია, ს. კვირკველია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი, გვილია - ჯიღაური (75. ჭანტურია), ანანიძე, ყაზაიშვილი (90. ხოჭოლავა) - ქვილითაია (85. მერებაშვილი).
სათადარიგოები: უ. ლობჟანიძე, შერგელაშვილი, დაუშვილი, დვალიშვილი, არაბიძე, სიხარულიძე, აბურჯანია, რევიშვილი, კვასხვაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ირლანდია (4-2-3-1): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უორდი - არტერი (61. მაკგიდი), ველანი (79. მერფი) - უოლტერსი, ბრეიდი, მაკლინი - შ. ლონგი.
სათადარიგოები: ოში, კ. ლონგი, ჰულაჰანი, ჰეიესი, კეო, ჰარიჰეინი, მეილერი, ვესტვუდი, ელიოტი
მწვრთნელი: მარტინ ო'ნილი
გაფრთხილება: კვეკვესკირი (37), ჯიღაური (62), მაკლინი (79)
არბიტრი: ი. კრუჟლიაკი (სლოვაკეთი).

სერბეთი-მოდლოვა 3:0
გოლები: 1:0 გაჩინოვიჩი (20), 2:0 კოლაროვი (30), 3:0 მიტროვიჩი (81)

უელსი-ავსტრია 1:0

გოლი: 1:0 ვუდბერნი (74)

- მუნდიალი 2018. D ჯგუფი: თბილისმა გაგვახარა, მაგრამ არ მოვდუნდებით [VIDEO]

მომდევნო ტური
5 სექტემბერი
ავსტრია-საქართველო 22:45
მოლდოვა-უელსი 22:45
ირლანდია-სერბეთი 22:45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ხუთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა"))) ერთ დროს შეიძლება კი იყვნენ ლორია და კანკავა წამყვანი ფეხბურთელები მაგრამ დღეს ისინი ვერაფერს შემატებენ ნაკრებს. კაჭარავა და ქვილითაია ორივე ერთი დონის არიან. აი ოქრიაშვილი და მჭედლიძე კი ნამდვილად დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის!
1
ავტორს, ვისზე დაგწყდა გული ჩამონათვალი, ლორია კანკავა მჭედლიძე კაწარავა რომელს აქვს სათამასო პრაქტიკა და არ ითამაშა, თუ გინდა რომ სტატია შეავსო და დაეწრო დაბალი შინაარსით ერთადერთი ოქრიაშვილს ვუსურვებ მალე აღიდგინოს ფორმა, ვისზეც მართლა დაგვწყდა გული.
kalo
12:54 04-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული