ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ვენაში გუშინ, შუადღისას ჩავიდა და "ერნსტ ჰაპელ შტადიონის" შორიახლოს, სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდა. ნიკა კვეკვესკირის გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ნიკას ჯერ კიდევ აწუხებს ირლანდიასთან დაშავებული ფეხი და, დიდი ალბათობით, დღევანდელი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ბრიტანელებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თბილისში ჩაატარა აღდგენითი ვარჯიშები, ვენაში კი ძირითადი დრო ტაქტიკურ მომზადებასა და მსუბუქ ვარჯიშს დაუთმო. თბილისთან შედარებით, ავსტრიის დედაქალაქში სიგრილეა. რაც შეეხება სტადიონს, გაზონი ჩინებულ მდგომარეობაშია. ავსტრიის საუკეთესო არენას არც სხვა მხრივ დაეწუნება რამე.

- ავსტრია VS საქართველო - ვენაში
ვალსი არ იქნება


გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, უკვე 20 ათას ბილეთზე მეტი იყო გაყიდული ("ერნსტ ჰაპელი" 50 865 მაყურებელს იტევს), თუმცა ვენას, ჯერჯერობით, არაფერზე ეტყობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს მასპინძლობს - არათუ ქალაქში, საქართველოსთან მატჩის ანონსს სტადიონის მიმდებარედაც ვერსად წააწყდებით...

შეიძლება იმიტომაც, რომ მომავალ მატჩს მასპინძელთა ნაკრებიცა და ქომაგიც უგუნებოდ ხვდება - უელსთან წაგებით, ავსტრიას მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიღა შერჩა. ჟურნალისტებიცა და ქომაგებიც ერთხმად მოითხოვენ მარსელ კოლერის გადაყენებას. დიდი ალბათობით, 56 წლის სპეციალისტს ოქტომბრიდან ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს...

მაგრამ ამაზე ავსტრიელებმა იდარდონ, ჩვენ კი ჩვენი საფიქრალიც გვეყოფა, პირველ რიგში - ვლადიმირ ვაისს, რომელმაც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა - ვენაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართო...

გუშინდელი ვარჯიშის დაწყებამდე ვაისმა ავსტრიელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და პრესკონფერენციაზე ვენის "რაპიდის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც იახლა:

ვლადიმერ ვაისი:
- ავსტრიელებს თავიანთი გეგმები აქვთ, საშინაო მატჩში ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად, მაგრამ ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ. ჩვენც მოსაგებად ვითამაშებთ და ვეცდებით, 3 ქულა მოვიპოვოთ.

- საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან შეხვედრის მეორე დღე აღდგენით ვარჯიშებს დაუთმო. როგორ ფიქრობთ, ეს ერთი ვარჯიში საკმარისი იქნება? მით უმეტეს, ცვლილებებს ისედაც გეგმავთ...
- კვირას აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, ბოლო ვარჯიშის დროს კი ძირითად ყურადღებას ტაქტიკას დავუთმობთ. რაც შეეხება ცვლილებებს, შესაძლოა, იძულებითი იყოს, ან წინასწარგანზრახული, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრების თამაშში ავსტრიასთან შარშანდელი მატჩის შემდეგ?
- ვფიქრობ, თამაშის მხრივ, ჩემი მოთამაშეები ახლა უკეთ გამოიყურებიან. საქართველოს ნაკრები წელს უკეთ თამაშობს, ვიდრე შარშან, უფრო მეტად თავდაჯერებულიც გახდა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ შესარჩევ ციკლში მოგება ჯერაც არ გვაქვს და ვეცდებით, ეს სტატისტიკა ხვალ მაინც შევცვალოთ.

- ავსტრიული პრესა კოლერის გადადგომას ოქტომბრამდე ითხოვს. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დღეს რამდენჯერმე ჰკითხეს მწვრთნელს ამის თაობაზე და თუ ავსტრია საქართველოს ვერ მოუგებს, კოლერს პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. საინტერესოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თქვენ თუ შემოგთავაზათ კონტრაქტის გაგრძელება?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მართლაც მქონდა ლაპარაკი ამ თემაზე და ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს კიდეც... მაგრამ ვუპასუხე, რომ ახლა მთავარი - დარჩენილი სამი მატჩია და კონტრაქტზე შემდეგ ვილაპარაკებთ.

- ავსტრიამ შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა ეს ყველაფერი საქართველოსთან თამაშზე? და კიდევ - რამდენად შეესაბამება ამჟამინდელი მეოთხე ადგილი ავსტრიის ძალის გუნდს?
- ვფიქრობ, ავსტრია არ იმსახურებს მეოთხე ადგილზე ყოფნას, მაგრამ ფაქტია - წელს იმდენი გოლი ვეღარ გააქვთ, რამდენიც - შარშან. ავსტრიის ნაკრებს ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები, მაგრამ ასეთია ცხოვრება...

- ავსტრიასა და მოლდოვასთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრების შუა ხაზი სუსტად გამოიყურებოდა. არ ფიქრობთ, რომ შეცდომა დაუშვით, კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში რომ არ ათამაშეთ?
- ნიკამ ირლანდიასთან ტრავმა მიიღო და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ავსტრიასთან თამაშს...

Sportall.Ge

- გიორგი, ვენის "რაპიდის" ფეხბურთელი ხართ, მაგრამ ბუნებრივია, ეროვნული ნაკრები სხვა გრძნობებს იწვევს თქვენში...
გიორგი ქვილითაია:
- რა თქმა უნდა, "რაპიდში" თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეროვნული ნაკრები საერთოდ სხვა თემაა.

- რას ელით ავსტრიასთან მატჩისგან?
- ჩემი აზრით, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურება. იყო შეცდომები, რიგ შემთხვევებში არ გვიმართლებდა, მაგრამ, საერთო ჯამში, ვფიქრობ, ამ წუთისთვის საქართველო უკეთ გამოიყურება, ვიდრე ავსტრია.

რატი შელეგია, სპეციალურად "ლელოსთვის"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აღდგენა მოასწარით?
1,2,3,5,8...
11:05 05-09-2017
0
ვაისს შერჩენია ნამუსი - ჯერ ეს სამი თამაში ვითამაშოთ და მერე კონტრაქტიო! -ჩვენი ფედერაცია კი უნამუსოდ იქცევა - კაცს თამაში არ მოუგია და კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს! შეხედეთ კოლერი რა წნეხში მოაქცია ავსტრიამ, ან დაუმი - რუმინეთმა. ხარისხს რაც შეეხება ვის არ მოგწონთ ცხადაძის მოგებული შოტლანდიასთან, აღარაფერს ვამბობ თუნდაც გერმანიასთან წაგებულ თამაშზე.
ხარისხი=შედეგს
13:17 05-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული