უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევ ციკლში ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ნანატრ გამარჯვებასაც მოიპოვებს ოფიციალურ შეხვედრებში.

- საქართველო VS უელსი - ღირსების საქმე

რაღა დარჩა - დღევანდელი მატჩი უელსის ნაკრებთან და სამ დღეში უკვე სერბეთთან დაპირისპირებით დასრულდება ეს შესარჩევი ციკლიც. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ტურნირის მიწურულს მოგებათა გრაფაში კვლავაც ნული უწერია და არსებობს იმის ალბათობაც, რომ ჩვენი ანტირეკორდი გავიმეოროთ...

შეგახსენებთ, 1994 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, XII
შესარჩევ ციკლს ვთამაშობთ და მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა ჩვენმა უპირველესმა გუნდმა შესარჩევ ეტაპზე ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო! ეს მართლაც კოშმარული შედეგი კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გვქონდა, როცა ჩვენს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ კუპერი წვრთნიდა.

და აი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები კვლავაც მოუგებელია, ისევე, როგორც ჩვენი ნაკრების სლოვაკი თავკაცი ვლადიმირ ვაისია ოფიციალურ მატჩში პირველი გამარჯვების მოლოდინში...

საქართველოს ნაკრების ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩვენს უპირველეს გუნდს სწორედ შესარჩევი ციკლის ბოლოსკენ გაუხარებია თავისი ქომაგები და ისეთი მატჩები მოუგია, მეტოქეთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა რომ ჰქონია! თანაც, სწორედ საქართველოს ნაკრებთან წაგების (ან ფრის) გამო ურთულდებოდათ საქმე ბულგარეთის, იტალიის, უკრაინისა თუ შოტლანდიის ნაკრებებს.

ჰოდა, რატომაც არ უნდა გავაგრძელოთ ტრადიცია და იქნებ ამ ჯერზე ისეთი ძლიერი მეტოქეც გავამწაროთ, როგორიც უელსის ნაკრებია?!.

- [ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]

არადა, ჩვენ თუ მოუგებლად ვასპარეზობთ ამ შესარჩევ ციკლში, უელსელებს, საერთოდ, წაგება "დაავიწყდათ": ფიფას რეიტინგში დღესდღეობით XIII ადგილზე მყოფი გუნდი უკანასკნელად შარშან, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა პორტუგალიის ნაკრებთან!

ეგ კი არა, უელსის ნაკრები დღეს თუ გაიმარჯვებს, მუნდიალზე მოსახვედრად დიდ ნაბიჯსაც ხომ გადადგამს, ამას გარდა, რეკორდსაც დაამყარებს: ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია საუკეთესო შედეგი იქნება ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში! თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ სწორედ საქართველოს ნაკრები შეძლებს მეტოქის ამ წარმატებული სერიის შეწყვეტას.

თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ნაკრებიც ხომ არცთუ ურიგო შედეგით ხვდება დღევანდელ მატჩს: ვაისის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენს უპირველეს გუნდს, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, უკვე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს! უფრო მეტსაც ვიტყვით: საქართველოს ნაკრების ისტორიაში ეს... მესამე შედეგია!..

ველოდებით სერიის გაგრძელებას!
ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა უკვე 5 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად. ეს წაუგებელი სერია კი, წლეულს გაზაფხულზე დაიწყო, როცა ჯერ ლატვიას მოვუგეთ დიდი ანგარიშით (5:0), შემდეგ კი - სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებს (3:0).

ეს ორივე საშინაო მატჩი ამხანაგური იყო, აი, ამის შემდეგ კი ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა და სამჯერვე ფრედ ითამაშა: სტუმრად - მოლდოვასთან (2:2), თბილისში - ირლანდიასთან (1:1), სტუმრად - ავსტრიასთან (1:1). ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, იმავე მოლდოვასთან (პირველი ტაიმის მერე ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად) შეიძლებოდა მოგება და ირლანდიასთან საშინაო მატჩშიც.

თუმცა, ასეთი მატჩები ჩვენი ნაკრების ისტორიაში ხომ რამდენიც გნებავთ, იმდენი ყოფილა; ანუ, როცა წაგებას არ ვიმსახურებდით და მაინც ვაგებდით, ან კიდევ, მოგებას ვიმსახურებდით და ვერ ვიგებდით...

ზედიზედ 5 წაუგებელი მატჩი - ამაზე წარმატებული სერია საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორჯერ ჰქონდა: 90-იან წლებში და არცთუ დიდი ხნის წინათ...

ყიფიანმა დაიწყო, გუცაევმა გააგრძელა...
...1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩვენმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაასრულა: დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა თბილისში, იტალიასთან ფრედ ითამაშა (ის დაუვიწყარი მატჩია, 19 წლის კახა კალაძემ სტუმართა ვარსკვლავ კრისტიან ვიერის ფეხი რომ არ გაანძრევინა); მერე თემურ ქეცბაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოლდოვას მოუგო, ბოლო მატჩში კი, თბილისში ერთმანეთზე უკეთესი 3 უპასუხო გოლი (არჩილ არველაძე, კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია) გაუტანა პოლონეთის ნაკრებს!

თუმცა, ისე მოხდა, რომ დავით ყიფიანი ამ მატჩის შემდეგ საკუთარი სურვილით წავიდა ნაკრებიდან და რაც მთავარია, ეს წარმატებული სერია მისმა შემცვლელმაც, ვლადიმერ გუცაევმაც გააგრძელა.

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 1998 წლის თებერვალში მალტის საერთაშორისო ტურნირზე: გოჩა ჯამარაულის დუბლით ლატვიას მოვუგეთ (2:1), მერე - ალბანეთი დავამარცხეთ 3:0 (თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე იაშვილი), ბოლოს კი მალტას ვაჯობეთ მიხეილ ყაველაშვილის დუბლითა და ჯამარაულის გოლით (3:1).

ამას მოჰყვა კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ტუნისთან და რუსეთთან, ერთნაირი ანგარიშით (1:1) რომ დამთავრდა. ანუ, ვიდრე 1998 წლის ზაფხულში სტუმრად აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდებოდა (სადაც ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავდა), საქართველოს ნაკრებს რვამატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

რეკორდსმენი ქეცბაია
ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი კი თემურ ქეცბაიას აქვს: სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა საქართველოს ნაკრებს სარეკორდო, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია!

თანაც, ეს სერია დაიწყო თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩიდანვე: 2010 წლის 3 მარტს, ტაიმების ბოლო წუთებზე, ლევან კობიაშვილისა და დავით სირაძის გოლებით ამხანაგურ მატჩში ესტონეთს 2:1 მოვუგეთ და ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნაკრები წაუგებელი იყო.

თანაც, არა მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში (კამერუნთან, მოლდოვასთან, სლოვენიასთან, სომხეთთან): საბერძნეთთან, ლატვიასთან და ისრაელთან ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში ფრედ ვითამაშეთ, მალტას სირაძის ერთადერთი და გვიანი გოლით მოვუგეთ, ხოლო ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ხორვატია ლევან კობიაშვილის ასევე ბოლო წუთზე გატანილი გოლით დავამარცხეთ.

2011 წლის 26 მარტს თბილისში ჩატარებულ ხორვატებთან მატჩს მართლაც გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ნაკრების ისტორიაში: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაჩნდა.

სამწუხაროდ, ამის მერე მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა: შესარჩევი ციკლის ბოლომდე დარჩენილი 5 მატჩიდან 4 წავაგეთ და მხოლოდ ერთადერთხელ (სტუმრად - მალტასთან) ვითამაშეთ ფრედ. ჰოდა, ამის გამოც იყო, რომ ის შესარჩევი ციკლი ბოლოსწინა ადგილზე დავამთავრეთ და მხოლოდ მალტას გავასწარით...

საქართველო-უელსის ყველა დაპირისპირება:
საკვალიფიკაციო მატჩი
16.11.94. თბილისი. ეროვნული სტადიონი. 55 000 მაყურებელი
საქართველო-უელსი 5:0
გოლები: 1:0 ქეცბაია (29), 2:0 ქინქლაძე (39), 3:0 ქეცბაია (48), 4:0 გოგრიჭიანი (58), 5:0 შ. არველაძე (65)
საქართველო: დევაძე - ზ. რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (43. ინალიშვილი), ქინქლაძე, ქეცბაია (78. ყაველაშვილი) - გოგრიჭიანი, შ. არველაძე.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
უელსი: საუთჰოლი, ნელსონი (46. საიმონსი), კოულმენი, მელვილი, ფილიპსი, ბოუენი, ჰორნი, სონდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი.
მწვრთნელი: მაიკლ სმიტი
გაფრთხილება: ცხადაძე - სპიდი, ჰიუზი
არბიტრი: ა. სარსი (საფრანგეთი)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

07.07.95. კარდიფი. არმზ პარკი. 6 500 მაყურებელი
უელსი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ქინქლაძე (73)
უელსი: საუთჰოლი, საიმონსი, კორნფორტი, უილიამსი, ფილიპსი, ჯოუნსი, ბოუენი, ჰორნი, სონდერსი (84. პემბრიჯი), რაში, ჰიუზი (84. ჰართსონი).
მწვრთნელი: მაიკლ სმიტი
საქართველო: დევაძე - ბერაძე, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი, ინალიშვილი, ქინქლაძე, ქეცბაია - ყაველაშვილი (73. ცქიტიშვილი), შ. არველაძე (87. გ. კილასონია).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: ჩიხრაძე, დევაძე
გაძევება: ჯოუნსი
არბიტრი: ი. კოხო (ფინეთი)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

09.10.16. კარდიფი. კარდიფ სიტი სთედიუმი. 33 280 მაყურებელი
უელსი-საქართველო 1:1
გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)
უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი, განტერი, ედვარდსი, ლედლი (73. ჰავსი), კინგი (61. რობსონ-კანუ), ტეილორი (70. კოტერილი), ბეილი, ვოუკსი.
მწვრთნელი: კრის კოულმენი
კაპიტანი: გარეთ ბეილი
საქართველო: ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი - დაუშვილი, გვილია - ანანიძე (90. კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90. ჯიღაური) - მჭედლიძე (75. დვალიშვილი).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
კაპიტანი: გურამ კაშია
გაფრთხილება: დაუშვილი, გვილია, ოქრიაშვილი, კაშია
არბიტრი: პ. მაცოლენი (იტალია)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამხანაგური მატჩი
20.08.08. სუონსი. ლიბერთი სთედიუმი. 6 500 მაყურებელი
უელსი-საქართველო 1:2
გოლები: 1:0 კუმასი (17), 1:1 ყენია (67), 1:2 ბ. გოცირიძე (90)
უელსი: მაიჰილი, ერდლი, უილიამსი, მორგანი, ერდლი, რობინსონი, დევისი, ფლეტჩერი, ისტვუდი (80. ერნშოუ), კუმასი, ჰერი (70. ვოგანი).
მწვრთნელი: ჯონ ტოშაკი
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, ასათიანი, კვახაძე - მენთეშაშვილი, ოდიკაძე (86. დევდარიანი), დ. მუჯირი (46. ხმალაძე) - ა. იაშვილი (81. ბ. გოცირიძე), ყენია (76. კლიმიაშვილი) - მჭედლიძე (23. ალექსიძე).
მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
გაფრთხილება: ხიზანიშვილი
არბიტრი: მ. იუგი (სლოვენია)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამონარიდი კინოფილმიდან "ფეოლა": "უქიმერიონი" "სატევარს" ეთამაშება და "სატევარს" მეორე ბურთი გააქვს "უქიმერიონის" კარში ამ დროს ხვედელიძე მიირბენს ფეოლასთან და ეუბნება:"რა ვქნათ ფეოლა ხომ ხედავ ვაგებთ,ა!!??" ფეოლა ხვედელიძეს: " რავიცი რავქნათ, გააგრძელეთ ბიჭებო თამაში მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ". აი ასეა ეხლა ჩვენი ნაკრების საქმე (ნახეთ ფილმი "ფეოლა). https://www.youtube.com/watch?v=nGGW7f6gglw
ფეოლა
16:50 06-10-2017
0
რა მაგრად წერთ პოლონეთს 3-0 მოუგო თბილისში ყიფიანმა და ძოძუაშვილმა (სხვათაშორის ვესწრებოდი ამ თამაშს და ისმასაც ვუყურე 4-1 როგორ განადგურდა ჩვენი ნაკრები პოლონეთში თუმცა პირველი გოლი არველაძემ შეაგდო) "თუმცა,ისე მოხდა, რომ დავით ყიფიანი ამ მატჩის შემდეგ საკუთარი სურვილით წავიდაო". ეგ ტყუილია და ფედერაციამ მაშინ ისეთი დარტყმა მიაყენა ყიფიანს რო ენით აუწერელი (დამისახელეთ რომელიმე მწვრთნელი 3-0 მოგების შემდეგ "თავის სურვილით" რომ მიდის?) რა მოხდა მაშინ რევაზ ძოძუაშვილმა კარგად იცის და თუ დაინტერესდებით კითხეთ. ეგ კაი მაგრამ ვლადიმერ გუცაევმა რაღა დააშავა ისიც რომ გაიმეტეს მასე!!?? კაცი ახლგაზრდულს წვრთნიდა, თუნდაც რად ღირს რუსთავში გერმანიასთან თამაში იმ გერმანიის ნაკრებიდან ბევრი ვარსკვლავი გახდა მერე. გუცაევიც ასევე მაშინდელ ფედერაციის ღორმუცელობას ემსხვერპლა. ახლა შეადარეთ ვაისი და მისი ხელფასი ან ყიფიანის ან გუცაევის ნამუშევარს და გასამრჯელოს. ჰოოოოოოოო, მართალი იმაშია რომ ვერც ეხლა გაძღა ფედერაცია ფულის ფლანგვით და უნდათ რომ დაგვანახონ ის თამაშები სადაც ჩვენმა გუნდმა ფრე ითამაშა (აქედან ორი მოლდოვასთან!!!!!!) ვაისმა გუნდი დააყენაო. სისულელეა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყიფიანმა პოლონეთს 3-0 მოუგო და "თავის სურვილით წავიდა" კაცი, ვაისმა არცერთხელ არ მოიგო და სურვილც არ გააჩნია რომ წავიდეს თავ აწეული("ფული ჯოჯოხეთს ანათებსო") ასეა ჩვენი საქმე და სულ არა აქვს დიდი მნიშვნელობა დგეს მოვიგებთ თუ წავაგებთ მეხუთე ადგილს ვხეხავთ მაინც ჯგუფში.
გულშემატკივარი
16:30 06-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული