[ალეკო კაკაურიძე სერბეთიდან] წნეხის გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი დროით დილის ცხრა საათისათვის შევიკრიბეთ. ერთი საათის განმავლობაში ყველა ფორმალობა მოგვარდა და 10 საათისათვის ჩვენმა ავიალაინერმა გეზი ბელგრადისაკენ აიღო.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთშია

საქართველოს ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 23 ფეხბურთელით ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად არ არიან ოთარ კიტეიშვილი და ირაკლი სიხარულიძე. რაც შეეხება ნუკრი რევიშვილს, ადრევე იყო ცნობილი, რომ რევიშვილი ტრავმის გამო გამოტოვებდა სერბეთთან მატჩს. თბილისის "დინამოს" მეკარე ქუთაისის "ტორპედოს" კიპერმა როინ კვასხვაძემ შეცვალა.

ერთი შეხედვით, საქართველოს ნაკრებში განწყობა კარგია. ეს შემთხვევითი
არც არის - მასპინძლებს თუ უცილობლად გამარჯვება სჭირდებათ მუნდიალის სანუკვარი საგზურის დასაბევებლად, საქართველოს ნაკრები ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს.

ზუსტად სამ საათში ჩვენი თვითმფრინავი ნიკოლა ტესლას სახელობის აეროპორტში დაჯდა. ძალიან მალე მოვაგვარეთ ყველა ფორმალობა და საქართველოს ნაკრები სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა.

ჩვენ, მატჩის გასაშუქებლად თბილისიდან ბელგრადს მოვლინებული ხუთი ჟურნალისტი დავბინავდით სასტუმრო "ვილა ბულევარში". ჩვენი სასტუმრო დიდებულ ადგილზეა - გზას გადაჭრი თუ არა, ეგრევე "მარაკანას" ლეგენდარული სტადიონია, სადაც "ცრვენა ზვეზდა" თამაშობს. ახლა სტადიონს ოფიციალურად "რაიკო მიტიჩი" ჰქვია, თუმცა ხალხი ისევ "მარაკანას" ეძახის.

აჟიოტაჟს რაც შეეხება, აეროპორტში სერბული პრესისა და ტელევიზიის ყურადღება არ გვიგრძვნია. ასე იყო აეროპორტში, თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ სტადიონზე სხვა სიტუაცია იქნებოდა და ამაში არც შევმცდარვართ, თუმცა ამაზე ქვემოთ.

აქ იწყებდა ნოვაკი
სასტუმროში შემოვედით თუ არა, გვითხრეს, ძალიან საინტერესო ადგილას ხართ, სამას მეტრში საჩოგბურთო კომპლექს გემაქსის" კორტებია, სადაც ვარჯიში თვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაიწყოო.

რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გავუშვით და ქართველმა ჟურნალისტებმა ამ მართლაც ლეგენდარულ ადგილას პატარა ფოტოსესიაც მოვაწყვეთ.

Sportall.Ge

ფაქტია, სერბები მაგრად აფასებენ თავიანთ გმირებს. დარბაზი სავსეა ნოვაკის ფოტოებით. როგორც გავარკვიეთ, ვარჯიში იქვე დაუწყიათ ელენა იანკოვიჩსა და ვიქტორ ტროიცკის.

ბელგრადულ დარში ყველა პატივისცემას გამოხატავს ჩვენ მიმართ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან კი დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სასტუმრომდე მოგვაცილა და თავისი უზადო სერბულითაც მოგვხიბლა.

მხოლოდ გამარჯვებაო...
სერბულ პრესას რაც შეეხება, რამდენიმე გაზეთის საფუძვლიანად წაკითხვა ვერა, მაგრამ გადათვალიერება კი მოვასწარი. შემიძლია ერთი დავწერო: ყველა სერბეთის ნაკრებისგან უეჭველ გამარჯვებას ითხოვს. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება ხვალ სტადიონზე.

ნაკრებს გვარიანად აკრიტიკებენ ავსტრიასთან წაგების გამო, თუმცა იმასაც წერენ, რომ ხვალინდელი გამარჯვება ყველა წყენას გადაფარავს - სერბეთი ოფიციალურად დაიბევებს მუნდიალის საგზურს და უკვე მხოლოდ რუსეთზე იფიქრებს.

საღამოს "მარაკანაზე" საქართველოს ნაკრების ვარჯიში და ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. რა თქმა უნდა, საიტის მკითხველს მასალას ოპერატიულად მივაწვდით.

სპეციალურად Sportall.ge-სთვის სერბეთიდან
მკითხველის კომენტარები / 6 /
სერბეთთანაც თუ წავაგეთ არ ყოფილა საშველი !
ხვალ
19:09 08-10-2017
4
სერბები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. ამას თუ კლასში მათ უპირატესობას და შინაური კედლების ფაქტორს დავუმატებთ ჩვენი მარცხი წინასწარ გადაწყვეტილია. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვყავს ბელგრადში დადებითი შედეგის დამდები გუნდი.
ირაკლი
22:24 08-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული